დიადი ბრძოლა

40/42

თავი 40 - ღვთის ხალხის გათავისუფლება

როდესაც უფლის მცნებათა დამცველთ სამოქალაქო ხელისუფლებისაგან არავითარი დაცვა აღარ ექნებათ, სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად დაიწყება მოძრაობა მათ გასანადგურებლად. და როცა დადგენილი დრო მოახლოვდება, დაიწყება შეთქმულება საძულველი სექტის მოსასპობად. გამოვა გადაწყვეტილება, ერთ ღამეში მიაყენონ გადამწყვეტი დარტყმა და ამით მათი მამხილებელი და მართალი ხმები ერთხელ და სამუდამოდ დაადუმონ. დბ 402.1

ღვთის ხალხი - ზოგი საპყრობილეებში, ზოგი ტყეებისა და მთების მიუვალ თავშესაფრებში - ჯერ კიდევ უფალს შეhღაღადებენ და სთხოვენ დაცვას, ამ დროს კი შეიარაღებული ბრბო დემონთა წაქეზებით უკვე მზად არის მათ დასაღუპავად. სწორედ ამ უკანასკნელი, უდიდესი საფრთხის დროს უფალი ჩაერევა თავისი ხალხის გათავისუფლების საქმეში. იგი ამბობს:“სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის განათვლის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურით მიმავალს უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე ასასვლელად. გამოსცემს უფალი თავის დიდებულ ხმას და თავის შემართულ მკლავს გამოაჩენს მძვინვარე რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, მეხისტეხაში და თავსხმაში, ქვის სეტყვაში” (ეს. 30:29,30). დბ 402.2

საზეიმო შეძახილებით, დაცინვითა და წყევლაკრულვით გაბოროტებული ბრბო მზადაა თავს დაესხას თავის ნადავლს, მაგრამ აი, უკუნეთი ღამე, ყველა ბნელ ღამეზე ბნელი, ჩამოწვება დედამიწაზე. შემდეგ, ცაზე უფლის ტახტიდან გამოსული დიდებით გაბრწყინებული ცისარტყელა გამოჩნდება: და ეს ნათელი მლოცველთა ჯგუფებს გარს შემოერტყმება. გამძვინვარებული ბრბო უეცრად გაირინდება. შეწყდება მათი დამცინავი ხმები. ადამიანებს ავიწყდებათ თავიანთი მძვინვარების საგანი. მოსალოდნელი საფრთხის საშინელი წინათგრძნობით შეhყურებენ ისინი უფლის აღთქმის სიმბოლოს და ერთადერთი სურვილი უჩნდებათ: სადმე დაემალონ ამ ყოვლისმომცველ ბრწყინვალებას. დბ 402.3

ღვთის ხალხს ესმის ნათელი, მელოდიური ხმა:“წამოდექით!” და თვალებს მიაპყრობენ რა ზეცას, აღთქმის ცისარტყელას დაინახავენ. შავი, მრისხანე ღრუბლები, რომლითაც დაფარულია ზეცა, იფანტება და ისინი, სტეფანეს მსგავსად, ხედავენ უფლის დიდებას და კაცის ძეს, ტახტზე მჯდომარეს. მის ღვთიურ სხეულზე ამჩნევენ დამცირების ნაკვალევს და ესმით მისი მუდარით აღსავსე ხმა, რომლითაც იგი მიმართავს მამას და წმიდა ანგელოზებს:“მამაო, მსურს რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი” (იოან. 17:24). და კვლავ ისმის ნათელი, მელოდიური ხმა:“მოდიან, მოდიან წმიდანები! უმანკოები და უბრალონი! მათ შეინახეს ჩემი მოთმინების სიტყვა; ისინი ივლიან ანგელოზთა შორის”. და რწმენის მტკიცედ შემნახველთა გაფითრებულ ბაგეებს გამარჯვების შეძახილები აღმოხდებათ. დბ 403.1

შუაღამისას უფალი გამოაჩენს ძალას თავისი ხალხის გასათავისუფლებლად. გამოჩნდება მზე თავისი დამაბრმავებელი ბრწყინვალებით. სასწაულები და ნიშნები ერთმანეთს შეცვლის. ურჯულოები შიშითა და განცვიფრებით უყურებენ ყოველივე ამას. მართლები კი საზეიმო სიხარულით ადევნებენ თვალყურს მათი გათავისუფლების ნიშნებს. თითქოსდა ბუნებაში ყველაფერმა შეცვალა თავისი ჩვეული დინება. მდინარეები შეჩერდნენ. შავი, მძიმე ღრუბლები ერთმანეთს ეხლებიან. განრისხებული ზეცის შუაგულში ენით აუწერელი დიდების ზოლი მოჩანს, საიდანაც ისმის უფლის ხმა, მრავალი წყლის ჩხრიალის მსგავსი,“რომელიც ამბობდა:“აღსრულდა!” (გამოცხ. 16:17). დბ 403.2

ამ ხმისაგან ტორტმანობს ცა და დედამიწა.”მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა!” (გამოცხ. 16:18). ზეცა თითქოს იხსნება და იკუმშება. უფლის ტახტიდან მისი დიდების ბრწყინვალება გამოკრთის. მთები ირწევიან, როგორც ქარისაგან - ლერწამი და კლდეთა ნამსხვრევები აქეთიქით ცვივა. გაისმის მოახლოებული ქარიშხლის მსგავსი ხმაური. აფოფრილი ზღვა მღელვარებს. საშინელი გრიგალის ხმა, იმ დემონთა ხმების მსგავსი, რომელნიც თავიანთ დამღუპველ საქმიანობას ეწევიან, თანდათან ახლოვდება. დედამიწა ზღვის ტალღების მსგავსად შფოთავს. მისი ზედაპირი სკდება, ძირი მორყეულია, მთაგრეხილებს ზღვა ფარავს. დასახლებული კუნძულები უჩინარდებიან. გაცოფებულ ტალღებში იძირება ზღვისპირა, თავისი უწმიდურებით სოდომის მსგავსი ქალაქები, და”მოხსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი”.”ტალანტის სიდიდის” ქვის სეტყვა იქმს თავის დამღუპველ საქმეს (იხ. გამოცხ. 16:19,21). ყველაზე პატივმოყვარე ქალაქების მხოლოდ ნანგრევები რჩება. დიდებული სასახლეები, რომელთა აშენებას ძლიერნი ამა სოფლისანი უამრავ სიმდიდრეს ახმარდნენ თავის სახელთა განსადიდებლად, მათ თვალწინ ნანგრევებად იქცევა. ციხის კედლები ინგრევა და საპყრობილეებში რწმენისათვის ჩაყრილი ღვთის ხალხი თავისუფლდება. დბ 403.3

სამარხები იხსნება და”მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სოცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის” (დან. 12:2). და ყველანი, მესამე ანგელოზის სახარების რწმენაში მკვდარნი, დიდებით შემოსილნი გამოდიან სამარხებიდან, რათა მოისმინონ უფლის მშვიდობის აღთქმა მათთან, ვინც იცავდა მის მცნებებს. აღდგებიან”ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი” (გამოცხ. 1:7), რომელნიც დასცინოდნენ მის სასიკვდილო ტანჯვას, აღდგებიან ღვთის ჭეშმარიტებისა და უფლის ხალხის სასტიკი მოწინააღმდეგენი, რათა საკუთარი თვალით დაინახონ ის დიდება და პატივი, რომელიც მის ერთგულთ და მორჩილთ მიეცემათ. დბ 403.4

ცა ჯერ ისევ მძიმე ღრუბლებითაა დაფარული, მაგრამ ადგილადგილ მოჩანს მზე, რომელიც ღმერთის დამსჯელ თვალს წააგავს. ცას კვეთავს მრისხანე ელვა, რომელიც დედამიწას თითქოს ცეცხლოვან საბურველში ახვევს. გაისმის იდუმალი, საშინელი ხმები, რომელიც უწმიდურთა ბედის გადაწყვეტის მომასწავებელია და რომლებიც ფარავს საშინელ ჭექაქუხილის ხმას. ყველა ვერ ხვდება ამის მნიშვნელობას, მაგრამ ცრუ მოძღვრებმა კარგად იციან, თუ რას მოასწავებს ეს. ის, ვინც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ასე უზრუნველი, თავხედი და პატივმოყვარე იყო, ვინც ასეთ სისასტიკეს იჩენდა უფლის მცნებების დამცველთა მიმართ, ახლა შიშს hყავს ატანილი და საფრთხის საშინელების წინაშე კანკალებს. მათი ყვირილი გამძვინვარებული სტიქიის ხმას ფარავს. დემონები აღიარებენ ქრისტეს ღვთიურობას და კანკალებენ მისი ძალის წინაშე, ადამიანები კი შეწყალებას ითხოვენ და შიშისაგან მიწაზე დახოხავენ. დბ 404.1

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი თავიანთ წმიდა ხილვებში ხედავდნენ უფლის დღეს და ამბობდნენ:“მოსთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისაგან!” (ეს. 13:6).”კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას! დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს. რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, - და დამდაბლდება” (ეს. 2:10-12).”იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა. რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება” (ეს. 2:20,21). დბ 404.2

ღრუბელთა შორის ნათელში ელვარებს ვარსკვლავი და მისი ბრწყინვალება ჩამოწოლილ უკუნეთში განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება. ღვთის შვილები იმედითა და სიხარულით შესცქერიან მას, უფლის მცნებათა დამრღვევნი კი მასში უფლის რისხვის მაცნეს ხედავენ. ისინი, ვინც ყველაფერი ქრისტეს გულისათვის მსხვერპლად გაიღო, ახლა უშიშრად არიან, როგორც უფლის საიდუმლო თავშესაფარში. მათ გაუძლეს გამოცდას, მთელ მსოფლიოს და ჭეშმარიტების უარმყოფელთ აჩვენეს თავიანთი ერთგულება უფლისადმი, რომელიც მათთვის მოკვდა. საოცარი გარდაქმნა მოხდა მათში, ვინც თვით სიკვდილის საფრთხის წინაშეც კი ერთგული დარჩა თავისი რწმენისა. ისინი უცბად გათავისუფლდნენ იმ ადამიანთა ბნელი და საშინელი ტირანიისაგან, რომლებიც დემონებად იქცნენ. მათი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ გაფითრებული, შეწუხებული, გატანჯული სახეები ახლა განცვიფრებით, რწმენითა და სიხარულით ბრწყინავენ. მათი ხმები უერთდება გამარჯვების სიმღერის hანგებს:“ღმერთია ჩვენი მფარველი ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით” (ფს. 45:2-4). დბ 404.3

იმ დროს, როცა უფლის ერთგულნი ამ იმედის სიტყვებს ღმერთისადმი აღავლენენ, ღრუბლები იფანტება და მოჩანს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომლის სილამაზე მის კიდეებზე მყოფი შავი ღრუბლების ფონზე უფრო იკვეთება. ცის გახსნილი კარიბჭიდან ბრწყინავს ზეციური ქალაქის დიდება, საიდანაც გამოჩნდება ხელი, რომელსაც ორი ერთმანეთზე დადებული ქვის ფიქალი უჭირავს. წინასწარმეტყველი ამბობს:“და წარმოსთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი” (ფს. 49:6). ის წმიდა კანონი - უფლის სიმართლე - რომელიც უფალმა ღმერთმა სინაის მთაზე, გრგვინვასა და ცეცხლის ალში წარმოთქვა და ცხოვრების წესად დაადგინა, ახლა ხალხის წინაშე წარდგება, როგორც სამსჯავროს საზომი. ხელი ხსნის ფიქალებს და ყველა ხედავს უფლის ათ მცნებას, თითქოს ცეცხლის კალმით ნაწერს. სიტყვები იმდენად ნათლად ჩანს, რომ ყველას შეუძლია მისი წაკითხვა. მეხსიერება იღვიძებს, გონება ცრურწმენისა და შეცდომებისაგან იწმინდება და უფლის მოკლე, გასაგებ და ძლიერ ათ მცნებას დედამიწის ყოველი მკვიდრის თვალი ხედავს. დბ 404.4

შეუძლებელია იმ ადამიანთა შიშისა და სასოწარკვეთილების აღწერა, ვინც აბუჩად იგდებდა ღვთის მოთხოვნებს. ღმერთმა ყოველ მათგანს მისცა თავისი კანონი; მათ hქონდათ შესაძლებლობა, ამ მცნებებით შეემოწმებინათ საკუთარი ხასიათი და მასში მანკიერება აღმოეჩინათ მანამ, სანამ შესაძლო იყო მათი მონანიება და აღმოფხვრა, მაგრამ მათ უგულვებელყვეს ღმეთის მოთხოვნა, ამქვეყნიური კეთილდღეობა არჩიეს და სხვებსაც ასწავლეს კანონის დარღვევა. ისინი ხალხს შაბათის უარყოფას კარნახობდნენ და ახლა სწორედ ამ კანონით გასამართლდებიან, რომელიც თავადვე უარყვეს; ნათლად ხვდებიან, რომ მათი გამართლება არ იქნება. თავადვე აირჩიეს, ვის ემსახურონ და ვის სცენ თაყვანი. და მაშინ,“კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და ურჩს” (მალ. 3:18). დბ 405.1

უფლის კანონის მტრები - დაწყებული ეკლესიის მსახურთაგან და დამთავრებული უბრალო ადამიანებით - ახლა სრულიად ახალ წარმოდგენას მიიღებენ ჭეშმარიტებისა და საკუთარი მოვალეობის შესახებ. ისინი ძალზე გვიან ხვდებიან, რომ შაბათი, მეოთხე მცნება უფლისა, არის ცოცხალი ღმერთის ბეჭედი. ძალზე გვიან მიხვდნენ ცრუ შაბათის არსს და იმ საფუძვლის უძლურებას, რომელზედაც იგია დაფუძნებული. მიხვდნენ იმასაც, რომ ღვთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. რელიგიურმა მოძღვრებმა დაღუპეს სულები, რომელთაც არწმუნებდნენ, რომ სამოთხისკენ მიემართებიან. მხოლოდ შურისგების ბოლო დღეს გამოცხადდება, თუ რა დიდია სულიერ მოძღვართა და მსახურთა პასუხისმგებლობა და რა მძიმეა მათი ცრუ სწავლების შედეგები. მხოლოდ იქ, მარადიულობაში გავიგებთ ყოველი დაკარგული სულის ჭეშმარიტ საფასურს. საშინელი იქნება მათი წილი, რომელთაც ღმერთი ეტყვის:“წადი ჩემგან, უვარგისო მონავ!” დბ 405.2

ზეციდან ისმის ღვთის ხმა, რომელიც საზეიმოდ აცხადებს ქრისტეს მოსვლის დღეს და საათს და მარადიულ აღთქმას უდებს თავის ხალხს. ძლიერი ჭექაქუხილის მსგავსად გაისმის მისი სიტყვები მთელ დედამიწაზე. ღვთის ისრაელი შესცქერის ზეცას და ყურადღებით ისმენს ყოველ სიტყვას. მათ სახეებს უფლის დიდებული ნათელი ეფინება და ბრწყინავენ, როგორც მოსეს სახე - სინაის მთიდან ჩამოსვლის შემდეგ. უწმიდურნი ვერ უმზერენ მათ. და როდესაც გაისმის მათი კურთხევა, ვინც უფლის გზით იარა და ვინც მისი შაბათი შეინახა, გამარჯვების შეძახილები გაისმის. დბ 405.3

მალე აღმოსავლეთით პატარა, ადამიანის ნახევარი ხელისგულისოდენა შავი ღრუბელი გამოჩნდება, რომელიც შორიდან ისე მოჩანს, თითქოს სიბნელით არის მოცული. ღვთის ხალხმა იცის, რომ ეს კაცის ძის ნიშანია. საზეიმო მდუმარებით შესცქერიან, თუ როგორ უახლოვდება დედამიწას და თანდათან როგორ ნათდება იგი, სანამ უზარმაზარ, თეთრ ღრუბლად არ გადაიქცევა, რომლის ძირი - ყოვლის შთანმთქმელი ცეცხლის მსგავსი დიდებაა, ღრუბლის თავზე კი აღთქმის ცისარტყელა მოჩანს. იესო მოდის, როგორც ძლევამოსილი და გამარჯვებული. ახლა იგი აღარ არის”კაცთაგან გატანჯული”, რომელმაც მწუხარებისა და დამცირების მწარე თასი შესვა, არამედ მოდის, როგორც”გამარჯვებული ზეცაში და დედამიწაზე, რათა განსაჯოს ცოცხლები და მკვდრები.””რომელიც იწოდება ერთგულად და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის”. და”ციური ლაშქარი მისდევდა მას” (გამოცხ. 19:11,14). უთვალავ წმიდა ანგელოზთა მხედრობა მშვენიერი ზეციური hიმნების გალობით მოhყვება იესოს. მთელი ზეცა ამ ნათელი არსებებით ივსება. უთვალავია მათი რიცხვი. არც ერთ კალამს არ შეუძლია ამ სანახაობის აღწერა. ხრწნადი გონება ვერ ჩაწვდება მის დიდებულებასა და სილამაზეს.”დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი” (აბაკ. 3:3,4). ცოცხალი ღრუბელი თანდათანობით სულ უფრო დაბლა ეშვება და ყველა ხედავს სიცოცხლის მეფეს. ეკლის გვირგვინი აღარ ამახინჯებს მის წმიდა შუბლს, არამედ მასზე დიდების დიადემა მოჩანს. მისი სახე შუადღის მზის დამაბრმავებელი ელვარებით ბრწყინავს.”მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: მეფეთა მეფე და უფალთა უფალი” (გამოცხ. 19:16). დბ 405.4

ყველა”გაფითრებულია”, მარადიული სასოწარკვეთილების საშინელებაა აღბეჭდილი მათ სახეზე, ვინც ქრისტეს წყალობა უარყო.”დადნა გული და კანკალებს მუხლები... ყველას მწვანე ფერი დასდებია” (ნაუმ. 2:11; იერ. 30:6). მართლები ძრწოლვით წამოიძახებენ”ვინ გაუძლებს?” ამ სიტყვების თქმაზე ანგელოზთა გალობა წყდება და საშინელი სიჩუმე ისადგურებს. შემდეგ ისმის იესოს ხმა:“საკმარისია ჩემი წყალობა თქვენთვის”. მართალთა სახეები ნათდება და ყოველი გული სიხარულით ივსება. ანგელოზები კვლავ იწყებენ გალობას ერთი ტონით მაღლა და უფრო უახლოვდებიან დედამიწას. დბ 406.1

მეფეთა მეფე ეშვება ღრუბელზე, რომელიც ცეცხლის ალით არის გარშემორტყმული. ცა იგრაგნება; დედამიწა ზანზარებს; ყოველი მთა და ყოველი კუნძული ადგილიდან იძვრის.”მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე” (ფს. 49:3,4). დბ 406.2

`დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში. უთხრეს მთებსა და კლდეებს:“ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან: ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?” (გამოცხ. 6:15-17). დბ 406.3

დამცინავი ხმები ჩაჩუმდა. ცრუ ბაგენი დადუმდა. აღარ გაისმის იარაღის ჟღარუნი, მეომართა შეძახილები და ბრძოლის ხმა... ისმის მხოლოდ ლოცვები, ქვითინი და ვაება. წარსულში დამცინავი ბაგენი ახლა წარმოთქვამენ:“მოვიდა დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?” უწმიდურნი ვედრებით ღაღადებენ, რომ ქვის ლოდებმა დაფარონ ისინი, რათა არ დაინახონ მისი სახე, ვინც მათ შეიძულეს და უარყვეს. დბ 406.4

მათთვის ნაცნობია ეს ხმა, მკვდართა გამაცოცხლებელი. რამდენჯერ მოუწოდა მათ ამ მწუხარებითა და სინაზით აღსავსე ხმამ მონანიებისაკენ. რა ნაზად და ვედრებით ჟღერდა იგი - ხმა მეგობრისა, ძმისა და მაცხოვრისა, მხსნელისა! მისი წყალობის უარმყოფელთათვის არ არსებობს სხვა მსჯავრმდებელი, გარდა იმისა, რომელიც ამდენ ხანს ევედრებოდა მათ:“მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო?” (ეზ. 33:11). ო, ნეტავ არ სცნობდნენ ამ ხმას! რა ძნელია მოსასმენად:“მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო. უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით” (იგავ. 1:24,25). ეს ხმა გაახსენებს მათ მიერ უარყოფილ გაფრთხილებებს, შეუსმენელ მოწოდებებს, იმ უპირატესობას, რომელიც ვერ გამოიყენეს, ყველაფერს, რაც ასეთი მონდომებით ამოშალეს თავიანთი მეხსიერებიდან. დბ 407.1

აქ იქნებიან ისინიც, ვინც მასხარად იგდებდა ქრისტეს მისი ტანჯვის დროს. მღელვარებით იხსენებენ ტანჯულის სიტყვებს - საზეიმო პასუხს მღვდელთა კითხვაზე:“ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს” (მათ. 26:64). ახლა ხედავენ დიდებით მოსილს და კვლავ იხილავენ მას, ტახტზე მჯდომარეს. დბ 407.2

სდუმან ისინიც, ვინც დასცინოდა მის სიტყვებს, რომ იგი უფლის ძეა. აქ არის პატივმოყვარე hეროდეც, რომელიც დასცინოდა მის სამეფო ტიტულს და რომელმაც მეომრებს უბრძანა, გამოეცხადებინათ იგი მეფედ, რათა შემდეგ აბუჩად აეგდოთ. აქ დგანან ისინიც, რომელთა უწმიდურმა ხელებმაც ჩააცვა მას ძოწეულის მოსასხამი, მისი წმიდა შუბლი კი ეკლის გვირგვინით შეამკო, მორჩილ ხელში კვერთხის მსგავსი ლერწამი დააჭერინა და დაცინვითა და ღვთის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მუხლს იყრიდა მის წინაშე. ადამიანები, რომლებიც სცემდნენ და აფურთხებდნენ მას სახეში, ახლა მის გამჭოლ მზერას ემალებიან და მზად არიან სადმე გადაიკარგონ, ოღონდ დაემალონ მის ყოვლისშემძლე დიდებას. ის, ვინც მისი ხელები და ფეხები ჯვარს ლურსმნებით მიაჭედა, მეომარი, რომელმაც შუბით ფერდი გაუგმირა, ახლა შიშითა და სინდისის ქენჯნით უყურებენ ნაიარევს მის სხეულზე. დბ 407.3

საშინელი სიცხადით იხსენებენ მღვდლები და მთავრები გოლგოთას მოვლენებს. შიშითა და ძრწოლვით აგონდებათ, თუ როგორ იქნევდნენ თავს და სატანური სიხარულით ამბობდნენ:“სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას” (მათ. 27:42,43). დბ 407.4

ნათლად ახსენდებათ მაცხოვრის იგავი მევენახეებზე, რომლებმაც არ მისცეს თავიანთ ბატონს ვენახის მოსავალი, შეურაცხყვეს მისი მსახურნი და მოუკლეს ძე. ახსენდებათ განაჩენიც, რომელიც თავადვე გამოუტანეს საკუთარ თავს: ვენახის პატრონი”ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს”. ამ მოღალატე ადამიანთა ბოროტმოქმედებაში და მათ სასჯელში მღვდლები და მთავრები საკუთარ თავს ხედავენ და იციან, რა ელით. გაისმის შიშითა და სასოწარკვეთილებით აღსავსე სასიკვდილო ტანჯვის ყვირილი:“იგი - ღვთის ძეა, ჭეშმარიტი მესია!” მათი ეს ყვირილი უფრო ძლიერია, ვიდრე ის შეძახილები, რომელნიც ერთ დროს იერუსალიმის ქუჩებს აზანზარებდა:“ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!” და ისინი გარბიან, რათა მეფეთა მეფის ნათელ სახეს დაემალონ. დედამიწის გამძვინვარებული სტიქიის შედეგად წარმოქმნილ ღრმა ნაპრალებში, მაგრამ ამაოდ. დბ 407.5

ჭეშმარიტების უარმყოფელ ადამიანთა ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მათი სინდისი იღვიძებს, როდესაც მეხსიერებაში ამოტივტივდება მტანჯველი მოგონებანი მათ ფარისევლურ ქცევებზე და სულს უშედეგო სინანული სტანჯავს. მაგრამ განა შეიძლება ამ გრძნობის შედარება სულის იმ ტანჯვებთან,“როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება” (იგავ. 1:27). ისინი, ვისაც ერთ დროს ქრისტეს და მისი ერთგული ხალხის მოსპობა სურდათ, ახლა მათზე დავანებულ დიდებას ხედავენ. შიშით ისმენენ წმიდანთა შეძახილებს:“აhა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა!” (ეს. 25:9). დბ 408.1

მიწის რყევაში, ელვასა და ჭექაქუხილში, უფლის ძის ხმა აღვიძებს მძინარე წმიდანთ. იგი შეhყურებს მართალთა საფლავებს და შემდეგ ხელის მაღლა აწევით ხმამაღლა წარმოთქვამს:“გაიღვიძეთ. გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, სამარხებში მძინარენო, აღდექით!” დედამიწის ყოველ კუთხეში გაიგონებენ მიცვალებულნი ამ ხმას და გაცოცხლდებიან. მთელი დედამიწა შეირყევა ყოველი ხალხისაგან, ერისაგან და ტომისაგან აღმდგართა უდიდესი არმიის ძალით. უკვდავების დიდებით მოსილნი გამოვლენ ისინი საფლავთა ტყვეობიდან და იტყვიან:“სად არის სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?” (1კორ. 15:55). და მაშინ, ცოცხალ მართალთა და აღმდგარ წმიდანთა ხმები ერთმანეთს შეერწყმიან სიხარულისა და გამარჯვების შეძახილებში. დბ 408.2

სამარხებიდან ამოსულთა გარეგნობა ისეთივეა, როგორიც hქონდათ მათ სიკვდილის წინ. აღმდგართა შორის ადამი გამოირჩევა დიდი სიმაღლით და დიდებული ტანადობით, მხოლოდ უფლის ძეზეა ოდნავ დაბალი. იგი მკვეთრად განსხვავდება ადამიანთა შემდგომი თაობებისაგან და აქედანაც კი ცხადად ჩანს, თუ რამდენად დაკნინდა ცოდვისაგან ადამიანთა თაობები. მაგრამ ყველა მკვდრეთით აღმდგარის გარეგნობას ახლა მარადიული ახალგაზრდობის, სიცოცხლისა და სილამაზის ბეჭედი აზის. თავიდან ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის მსგავსად არა მარტო ხასიათით, არამედ გარეგნული ნიშნებითაც. ცოდვამ დაამახინჯა და თითქმის მოსპო ღვთიური ხატება ადამიანში. მაგრამ ქრისტე მოვიდა დაკარგულის აღსადგენად. იგი ჩვენს მანკიერ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდებული სხეულის მსგავსად. ადამიანის მოკვდავი, სილამაზეს მოკლებული, ცოდვით შებღალული ხრწნადი სხეული სრულქმნილი, მშვენიერი და უკვდავი გახდება. ყოველი მანკიერება და ნაკლი საფლავებში დარჩება. გამოსყიდულთ დაუბრუნდებათ უფლება დიდი ხნის წინათ დაკარგულ სიცოცხლის ხეზე ედემში და”ისინი გაიზრდებიან” (იხ. მალ. 4:2) და განვითარდებიან, სანამ სრულქმნილებასა და დიდებას არ მიაღწევენ, რომელიც ადამიანს დასაბამიდან hქონდა. წყევლისა და ცოდვის უკანასკნელი ნაკვალევი წაიშლება და ქრისტეს ერთგულნი წარდგებიან”ჩვენი უფლის დიდებაში”. და გონებით, სულით და სხეულით დაემსგავსებიან თავიანთ უფალს. ეს არის საოცარი გამოსყიდვა, რომლის შესახებაც ასე ბევრი გვისაუბრია, რასაც ასე დიდხანს ვესავდით, სიხარულის იმედით ველოდით, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შევიმეცნეთ. დბ 408.3

ცოცხალი მართლები”უცბად ერთ წამში შეიცვლებიან”. მათ მიიღეს უფლის დიდება მისი ხმის გაგონებისთანავე, ახლა კი, უკვდავებით მოსილნი, მკვდრეთით აღმდგარ წმიდანებთან ერთად ატაცებული იქნებიან hაერში უფალთან შესახვედრად. ანგელოზები”შეკრებენ რჩეულთ ოთხივ ქარისაგან, ზეცით კიდით კიდემდე”. წმიდა ანგელოზები ხელში აყვანილთ მიუყვანენ დედებს თავიანთ შვილებს. მეგობრები, რომელნიც სიკვდილმა დააშორა ერთმანეთს, შეხვდებიან, რათა აღარასოდეს დაშორდნენ, და სიხარულის შეძახილებით ამაღლდებიან უფლის ქალაქისაკენ. დბ 408.4

ღრუბლის ეტლს ყოველი მხრიდან ფრთები აქვს, შიგნით კი ცოცხალი ბორბლებია და როდესაც ეტლი მაღლა ადის, ისმის ამ ბორბალთა სიხარულის წამოძახილი:“წმიდაა!” ფრთებიც მოძრაობის დროს იმეორებენ”წმიდაა!” და ანგელოზებიც აღტაცებით ამბობენ:“წმიდაა! წმიდაა! წმიდაა უფალი ღმერთი ყოვლისმპყრობელი!” ისმის გამოსყიდულთა შეძახილები:“ალილუია!” და ეტლი ახალ იერუსალიმს უახლოვდება. დბ 409.1

უფლის ქალაქის შესასვლელში მაცხოვარი თავის ერთგულთ ურიგებს გამარჯვების ემბლემებსა და სამეფო გვარის მიკუთვნების ნიშნებს. გადარჩენილთა ბრწყინვალე რიგები გარს ერტყმის თავიანთ მეფეს, რომელიც თავისი დიდებული გარეგნობითა და სიმაღლით ბევრად უფრო მაღალია წმიდანებზე და ანგელოზებზე, რომლის სახე სიყვარულისა და სიკეთის სისრულით არის განათებული. ურიცხვ გამოსყიდულთა მზერა მისკენაა მიპყრობილი, მისი დიდებისაკენ, რომელიც”ყველაზე მახინჯი იყო კაცთა შორის და არავინ იყო მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის”. იესო თავისი მარჯვენა ხელით გამარჯვებულთ თავს ადგამს დიდების გვირგვინებს. ყოველი გამოსყიდულისათვის მომზადებულია გვირგვინი, რომელზედაც ამოკვეთილია მისი ახალი სახელი (გამოცხ. 2:17) და სიტყვები:“უფლის სიწმიდე!” თითოეულ მათგანს მიეცემა გამარჯვებულის პალმის რტო და ბრწყინვალე ქნარი. ხოლო შემდეგ, როდესაც მგალობელთა ხელმძღვანელი ანგელოზები აძლევენ ტონს, ყოველი ხელი ოსტატურად ეხება სიმებს და გაისმის საოცარი მუსიკა. უსასრულო აღტაცებით ივსება ყოველი გადარჩენილის გული და მათი ხმები უფლის ქებადიდებაში ერწყმის ერთმანეთს:“მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ სამეფოდ, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე! ამინ! (გამოცხ. 1:5,6). დბ 409.2

გამოსყიდულთა წინაშე - წმიდა ქალაქია. იესო ფართოდ აღებს მარგალიტის კარიბჭეს და მასში შედიან ჭეშმარიტების ერთგულნი. მათ თვალწინ იშლება ღვთის სამოთხე, ადამის სამშობლო მის დაცემამდე. შემდეგ კი ესმით ყოველგვარ მუსიკაზე მშვენიერი ხმა, რომელიც მოკვდავის ყურს როდისმე სმენია:“თქვენი ბრძოლა დამთავრებულია”.”მოდით, ჩემი მამისაგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამეფო, წუთისოფლის დასაბამიდან მომზადებული”. დბ 409.3

ახლა აღსრულდა მაცხოვრის ლოცვა მოწაფეებზე;”მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელიც შენ მომეცი”.”რათა უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე” (იუდ. 24). ქრისტე საკუთარი სისხლით გამოსყიდულთ წარუდგენს მამას სიტყვებით:“აი, მე და ჩემი შვილები, რომლებიც შენ მომეცი”.”მე დავიცავი ისინი, რომელნიც შენ მომეცი”. ო, გამომსყიდველი სიყვარულის სასწაულო! რა საოცრად ბედნიერი იქნება ის წუთები, როდესაც უსაზღვროდ მოყვარული მამა შეხედავს გამოსყიდულთ და მათში თავის ხატებას დაინახავს; როდესაც ცოდვისაგან გამოწვეული ყოველგვარი სიმახინჯე და უწმიდურება უკვალოდ გაქრება და ადამიანური კვლავ შეერწყმის ღვთიურს! დბ 409.4

იესო უსასრულო სიყვარულით იწვევს თავის ერთგულთ უფლის სიხარულში! მაცხოვრის სიხარული ის არის, რომ დიდების სასუფეველში იგი ხედავს სულებს, რომელნიც თავისი ტანჯვისა და სიკვდილის ფასად იხსნა. გამოსყიდულნიც გაიზიარებენ მის სიხარულს, როდესაც გადარჩენილთა შორის დაინახავენ მათ, ვინც ქრისტესთან თავიანთი ლოცვებით, საქმეებით, სიყვარულითა და თავგანწირვით მიიყვანეს. როდესაც ისინი თავს მოიყრიან დიდი თეთრი ტახტის გარშემო, მათი გული ენით გამოუთქმელი სიხარულით აღივსება მათ დანახვაზე, რომელნიც შესძინეს ქრისტეს, მათ კი, თავის მხრივ, მოიყვანეს სხვები, იმ სხვებმა კი - დანარჩენნი და ბოლოს მიაღწიეს მშვიდ სავანეს, რათა თავიანთი გვირგვინები იესოს ფერხთით დააწყონ და ადიდონ იგი მთელ უსასრულო მარადისობაში. დბ 409.5

უფლის ქალაქში, გამოსყიდულთა მიმართ მისალმების დროს მთელ hაერს სიხარულისა და აღტაცების შეძახილები ავსებს. დგება ორი ადამის შეხვედრის წუთი. უფლის ძე გაშლილი ხელებით ეგებება და მზადაა, გულში ჩაიკრას კაცობრიობის მამა, რომელიც მან თავად შექმნა, რომელმაც შესცოდა თავისი შემოქმედის წინაშე და რომლის ცოდვების გამოც მაცხოვრის სხეულზე მოჩანს ჯვარცმის ნიშნები. ამ საშინელი ჭრილობების დანახვაზე ადამი არ მიდის უფლის გაშლილი ხელებისაკენ, არამედ მორჩილებით ეცემა მის ფერხთით და წამოიძახებს:“ღირსია, ღირსია კრავი, რომელიც დაკლულ იქნა!” მაცხოვარი ნაზი სიყვარულით ხვევს ხელს მას და იწვევს ედემისაკენ - სახლისაკენ, საიდანაც ის ერთ დროს გაძევებული იქნა. დბ 410.1

ედემიდან გაძევების შემდეგ ადამის სიცოცხლე დედამიწაზე ღრმა მწუხარებით იყო მოცული. ყოველი დამჭკნარი ფოთოლი, მსხვერპლად შეწირული ყოველი ცხოველი, მშვენიერი ბუნების დაავადების ყოველი ნიშანი, ადამიანის ოდესღაც შეურყვნელი ხასიათის ყოველი ლაქა მას გამუდმებით თავის დანაშაულს ახსენებდა. საშინელი იყო მისი სინდისის ქენჯნა, როდესაც ხედავდა, თუ როგორ მრავლდებოდა ურჯულოება და თუმცა ადამი აფრთხილებდა მათ, ისინი მას ბოროტების სათავეს უწოდებდნენ. თითქმის ათასი წლის განმავლობაში იგი მოთმინებით იხდიდა სასჯელს ცოდვისათვის, გულწრფელად მოინანია თავისი დანაშაული, ირწმუნა აღთქმული მესიის დამსახურებანი და აღდგომის იმედით მოკვდა. ღვთის ძემ გამოისყიდა ადამიანის ცოდვა და დაცემა, ახლა კი, შემრიგებლური მსახურების შედეგად, ადამს კვლავ უბრუნდება თავისი პირვანდელი სამფლობელო. დბ 410.2

უსაზღვროდ ბედნიერი ადამი ტკბება ხეების ცქერით, რომელთაც ერთ დროს აღტაცებაში მოhყავდა იგი; იმ ხეების ცქერით, რომელთა ნაყოფსაც აგროვებდა იგი თავისი უმანკოების ნეტარ დღეებში. აი შესცქერის ვაზს და იმ ყვავილებს, რომელთაც, ერთ დროს დიდი მზრუნველობითა და სიხარულით თავად უვლიდა. იგი სწვდება რეალობას, რაც მის გარშემო ხდება. ხედავს, რომ ჭეშმარიტად აღდგენილი ედემია, იმაზე უფრო მშვენიერი, საიდანაც იგი გაძევებულ იქნა. მაცხოვარს ადამი სიცოცხლის ხესთან მიhყავს, თავისი ხელით წყვეტს ძვირფას ნაყოფს და სთავაზობს მას. ადამი ხედავს უფლის მიერ გამოსყიდულ უამრავ შთამომავლობას ზეციურ სამოთხეში და მაშინ თავის ელვარე გვირგვინს იესოს ფერხთით დებს, გულში ეკვრის და ეხვევა მხსნელს. იგი თითებით ეხება ოქროს ქნარის სიმებს და ცის კამარა ივსება გამარჯვების hიმნებით:“ღირსია, ღირსია, ღირსია კრავი, რომელიც დაკლულ იქნა და კვლავ გაცოცხლდა!” ადამის მთელი ოჯახი უერთდება საგალობელს, ისინიც თავიანთ გვირგვინებს მხსნელის ფერხთით ყრიან და მოწიწებით იყრიან მუხლს მის წინაშე. დბ 410.3

ამ შეხვედრას თვალყურს ადევნებენ ის ანგელოზები, რომლებიც მწარედ ტიროდნენ ადამის დაცემის გამო, რომელთაც ძლიერ უხაროდათ, როდესაც იესო აღდგომის შემდგომ ამაღლდა ზეცად, გაათავისუფლა რა სიკვდილის ბორკილებისგან ყოველი მისი სახელის მორწმუნე. ახლა ისინი ხედავენ, რომ დამთავრდა გამოსყიდულთა ხსნა და მათი ხმებიც უერთდება ქებადიდების საგალობელს. დბ 411.1

მინის ზღვაზე ტახტის წინაშე (თითქოს ბროლის კრისტალის ზღვაა ცეცხლნარევი - ისე ელვარებს იგი უფლის დიდებისაგან) თავი მოიყარეს გამარჯვებულებმა”მხეცზე, მის ხატებაზე და მისი სახელის რიცხვზე” (გამოცხ. 15:2). კრავთან ერთად სიონის მთაზე”უფლის ქნარებით” დგას ასორმოცდაოთხი ათასი,“ადამიანთაგან გამოსყიდულნი” და ისმის ხმა,“როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც hგავს მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.” ისინი ტახტის წინაშე გალობენ”ახალ საგალობელს”, რომლის შესწავლა არავის შეეძლო, გარდა ასორმოცდაოთხი ათასისა. ესაა მოსესა და კრავის საგალობელი - ხსნის საგალობელი. ასორმოცდაოთხი ათასის გარდა არავის შეეძლო გალობა ამ საგალობლისა, რადგან მასში ნათქვამია იმ გამოცდილებათა შესახებ, რომელიც მათ გარდა არავის hქონდა. ისინი”მიhყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს”. ეს ადამიანები, -“მიწისაგან გამოსყიდულნი ცოცხალთა შორის, - არიან პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის” (გამოცხ. 15:2,3; 14:1-5).”ისინი მოვიდნენ დიდი მწუხარებისაგან”, მათ განვლეს ისეთი მძიმე პერიოდი, რაც არასოდეს ყოფილა დედამიწაზე ადამიანის გაჩენის დროიდან. იაკობის”დიდი გასაჭირის” ჟამს მათ იაკობის ღამის აგონია გადაიტანეს; ისინი შუამდგომლის გარეშე ცხოვრობდნენ უფლის ბოლო სამსჯავროს რისხვის გადმოღვრის დროს. მაგრამ”დახსნილ იქნენ, რადგან გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით”.”სიცრუე არ იპოვებოდა მათ ბაგეში, ისინი უბიწონი არიან” ღვთის წინაშე.”ამისათვის ისინი არიან ღვთის ტახტის წინაშე და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში და ტახტზე მჯდომარე გაშლის თავის კარავს მთაზე”. ისინი ხედავდნენ დედამიწას, გაუდაბურებულს შიმშილისა და ეპიდემიებისაგან, დამწვარს მზის პაპანაქებით. თავად იგემეს ტანჯვა, შიმშილი და წყურვილი. მაგრამ ახლა”აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და არავითარი პაპანაქება. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმენდს მათ ღმერთი თვალთაგან ყოველგვარ ცრემლს” (გამოცხ. 7:14-17). დბ 411.2

ღვთის რჩეული შვილები ყოველ საუკუნეში გადიოდნენ გამოცდის მკაცრ სკოლას. ისინი დედამიწაზე ვიწრო ბილიკებით დადიოდნენ. ტანჯვის ღუმელში იწრთობოდნენ; იესოს გულისათვის ითმენდნენ ბოროტებას, სიძულვილსა და ცილისწამებას. მიhყვებოდნენ მას, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, უარს ამბობდნენ ამქვეყნიურ სიკეთეზე და ხშირად მწარედ უცრუვდებოდათ იმედები. მწარე გამოცდილების წყალობით იცოდნენ ცოდვის სიმძიმე, მისი ძალა, დანაშაულის გრძნობა და სიმწარე, რომელიც ცოდვას მოაქვს და ძლიერ სძულდათ იგი. უსაზღვროდ დიდი მსხვერპლის აღიარება, რომელიც ცოდვისაგან გასათავისუფლებლად იქნა გაღებული, ეხმარებოდა მათ მორჩილებაში, მადლიერებითა და ქებადიდებით აღავსებდა მათ გულს, რასაც ვერასოდეს შეიმეცნებენ ის წმიდანები, რომლებიც არ დაცემულან. მათი სიყვარული ძლიერია, რადგან ბევრი მიეტევათ. ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს შეუძლიათ, მისი დიდებაც გაიზიარონ. დბ 411.3

უფლის მემკვიდრენი ჩამოვიდნენ სხვენებიდან, ეშაფოტებიდან, მთებიდან, გამოვიდნენ ქოხებიდან, ციხის საკნებიდან, უდაბნოებიდან, მიწისქვეშეთიდან და ზღვის სიღრმეებიდან. წუთისოფელში ისინი ითმენდნენ”უკმარისობას, მწუხარებას და ბოროტებას”. მილიონობით ადამიანი შეურაცხყოფილი ჩავიდა სამარეში, რადგან არ დაემორჩილა სატანურ ცდუნებებს. ადამიანური სამართლის თვალსაზრისით ისინი აღიარებული არიან, როგორც საშიში დამნაშავენი. მაგრამ ახლა”ღმერთია მსაჯული იგი” (ფს. 49:6). ახლა დედამიწის კანონები გაუქმებულია.”უფალი ღმერთი... წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს” (ეს. 25:8);”დაარქმევენ მას: წმიდა ერი, უფლის გამოსყიდული”. მან დააწესა, რომ”სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქებადიდების სამოსელი - მჭმუნვარების ნაცვლად” (ეს. 62:12; 61:3). ისინი უკვე აღარ არიან გაწამებული, გატანჯული, მთელ დედამიწაზე გაფანტული და დევნილი ადამიანები. ახლა სამუდამოდ უფალთან იქნებიან. დგანან ტახტის წინაშე, ისეთი დიდებული სამოსით შემოსილები, როგორიც ამა სოფლის ძლიერთ არასოდეს სცმიათ. მათ ისეთი საოცარი გვირგვინები ამშვენებთ, როგორიც მიწიერ მეფეებს არასოდეს hქონიათ. გოდებისა და ვაების დრო სამუდამოდ გაქრა. დიდების მეფემ ყველას ცრემლი მოსწმინდა და აღარ არის მიზეზი მწუხარებისათვის. პალმის ტოტების რხევით მღერიან დიდების საგალობლებს: წმიდას, ტკბილს, მელოდიურს. ხმები ერთმანეთს ერწყმის და დიდებული hიმნი აზანზარებს ზეციურ თაღებს.”ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!” და ყოველი ზეცის ბინადარი პასუხობს:“ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე!” (გამოცხ. 7:10,12). დბ 412.1

ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ ადამიანის გადარჩენის დიდებული გეგმის შემეცნებას. თუმცა ჩვენი შეზღუდული გონებით ვცდილობთ ჩავწვდეთ სირცხვილსა და დიდებას, სიცოცხლესა და სიკვდილს, სამართლიანობასა და შეწყალებას, რომლებიც ერთურთს ჯვარზე შეხვდნენ, მაგრამ ჩვენი გონების შესაძლებლობების მაქსიმალურად დაძაბვითაც კი ვერ ჩავწვდებით მის სრულ მნიშვნელობას. გამომსყიდველი სიყვარულის სიდიადე ბუნდოვნად წარმოგვიდგება. გამოსყიდვის გეგმას გამოსყიდულნი მაშინაც კი ვერ შეიმეცნებენ სრულად, როდესაც ბევრ რამეზე თვალი აეხილებათ, მაგრამ მთელი საუკუნო სიცოცხლის მანძილზე მათი გაოცებული და აღტაცებული თვალთახედვის წინაშე სულ ახალი და ახალი ჭეშმარიტებანი გადაიშლება. თუმცა მწუხარების, სნეულებათა და ცდუნებათა ჟამი დამთავრდა და მათი მიზეზი უკვე აღარ არსებობს, მაგრამ ღვთის ხალხს მაინც ყოველთვის ნათელი წარმოდგენა ექნება მათი გადარჩენის საფასურზე. დბ 412.2

ქრისტეს ჯვარი გახდება გამოსყიდულთათვის შესწავლისა და ქებადიდების საგანი მთელ მარადისობაში. განდიდებულ ქრისტეში ისინი მუდამ დაინახავენ ჯვარცმულ ქრისტეს. დავიწყებას არასოდეს მიეცემა ის, რომ მან, რომლის შემოქმედების ძალამ შექმნა და სიცოცხლე მისცა ურიცხვ სამყაროს უსასრულო სივრცეში - უფლის საყვარელმა ძემ, ზეცის დიდებამ, რომელსაც სიყვარულით თაყვანს სცემდნენ ქერუბიმები და სერაფიმები - დაიმდაბლა თავი, რათა დაცემული ადამიანი აღემაღლებინა; თუ როგორ აიღო თავის თავზე ყველა ადამიანის ცოდვის დანაშაული და სირცხვილი, როგორ მოარიდა მამამ მას თავისი სახე, სანამ დაღუპული კაცობრიობისათვის მწუხარებამ არ დაამსხვრია მისი გული და არ გამოასალმა სიცოცხლეს გოლგოთას ჯვარზე. მთელი სამყაროს შემქმნელმა, ადამიანის სიცოცხლის შემოქმედმა დატოვა თავისი დიდება და კაცთა სიყვარულისათვის დაიმდაბლა თავი - ეს მუდამ გამოიწვევს მთელი სამყაროს გაოცებასა და აღტაცებას. და როდესაც ყოველი ერისაგან გამოსყიდულნი შეხედავენ თავიანთ მხსნელს, მამის მარადიულ დიდებას, რომელიც მისი სახიდან გამოდის, ტახტს, რომელიც სამუდამოდ იარსებებს, რადგან მისი სამეფო უსასრულოა, მაშინ თავიანთ გრძნობებს საზეიმო საგალობელით გამოხატავენ:“ღირსია, ღირსია კრავი, რომელიც დაკლულ იქნა და გამოგვისყიდა ღვთისათვის თავისი ძვირფასი სისხლით!”. დბ 412.3

ჯვრის საიდუმლო სხვა საიდუმლოებებსაც ხსნის ფარდას. გოლგოთადან გამოსულ ნათელში უფალი თავისი ხასიათითა და თვისებებით, რომელიც ადრე შიშს აღძრავდა ჩვენში, მთელი თავისი სილამაზითა და მიმზიდველობით წარმოგვიდგება. მოწყალება, თანაგრძნობა და მამობრივი სიყვარული სიწმიდესთან, სამართლიანობასთან და უდიდეს ძალასთან შეფარდებული და ბუნებრივად შერწყმული გვეცხადება. მისი სამეფო ტახტის, ამაღლებულისა და დიდებულის მიღმა მოჩანს მისი მადლი და ხასიათი და, მხოლოდ მაშინ, საბოლოოდ გაიხსნება ამ ძვირფასი სიტყვების მნიშვნელობა:“მამაო ჩვენო”. დბ 413.1

მაშინ ყველა დაინახავს, რომ მას, უსასრულოდ ბრძენს, არ შეეძლო თავისი ძის მსხვერპლად შეწირვის გარეშე ჩვენი გადარჩენა. ამ გაღებული მსხვერპლისათვის ჯილდო იქნება დიდი სიხარული იმის გამო, რომ დედამიწას დავინახავთ წმიდანებით, ბედნიერი და უკვდავი არსებებით დასახლებულს. ჩვენი მხსნელის ბნელეთის ძალებთან ბრძოლის შედეგი იქნება სიხარული, ძღვნად ბოძებული გამოსყიდულთათვის უფლის საუკუნოდ სადიდებლად. ყოველი სულის ფასი იმდენად დიდია, რომ მამა კმაყოფილია გადახდილი საფასურით. და თავად ქრისტეც”კმაყოფილებით” უმზერს თავისი უდიდესი მსხვერპლის ნაყოფს. დბ 413.2