დიადი ბრძოლა

39/42

თავი 39 - მწუხრის ჟამი

`იმ დროს აღდგება მიქაელი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება” (დან. 12:1). დბ 388.1

მესამე ანგელოზის სახარების ქადაგება რომ დამთავრდება, უფლის წყალობა დატოვებს დედამიწის ცოდვილ მცხოვრებთ. ღვთის ხალხმა დაასრულა თავისი საქმე: მან მიიღო”გვიანი წვიმა” და მოემზადა მომავალი გამოცდის ჟამისათვის. ზეციური ანგელოზები დიდ შრომაში არიან. დედამიწიდან დაბრუნებული ანგელოზი აცხადებს, რომ მისი მსახურება დამთავრებულია. კაცობრიობა უკანასკნელი გამოცდის წინაშე დგას და ყოველმა, ვინც უფლის მცნებების ერთგული აღმოჩნდა, უფლის ბეჭედი მიიღო. მაშინ იესო წყვეტს თავის შუამდგომლურ მსახურებას ზეციურ საწმიდარში. იგი ხელებს მაღლა სწევს და ძლიერი ხმით აცხადებს:“აღსრულდა!” მთელი ზეციური მხედრობა იხსნის თავის გვირგვინებს მისი საზეიმო განცხადებისას:“უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს” (გამოცხ. 22:11). ყოველი ადამიანის ბედი გადაწყვეტილია - სიცოცხლისაკენ ან სიკვდილისაკენ. ქრისტემ აღასრულა თავისი ხალხის შემორიგების საქმე და წაშალა მათი ცოდვები. მის მორჩილთა რიცხვი გაიზარდა.”მეფობა და ხელმწიფება, და მთელი ცისქვეშეთის მეფური დიდება” გადარჩენილ მემკიდრეთ მიეცემა და იესო იმეფებს, როგორც მეფეთ მეფე და უფალთ უფალი. დბ 388.2

როდესაც ქრისტე საწმიდარს დატოვებს, დედამიწას სულიერი წყვდიადი მოიცავს. ამ საშინელ პერიოდში მართლებმა წმიდა უფლის წინაშე უნდა იცხოვრონ შუამდგომლის გარეშე. უკვე აღარაფერი დააკავებს უწმიდურთ და სატანაც სრულ ძალაუფლებას მიიღებს მათზე, ვინც თავისი ცოდვები არ მოინანია. უფლის უდიდესი მოთმინება დამთავრდა. კაცობრიობამ უარყო მისი მადლი, შეურაცხყო მისი სიყვარული და აბუჩად აიგდო მისი კანონი. მადლის დრო უწმიდურთათვის დამთავრდა. წმიდა სულმა, რომელსაც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ, ბოლოს და ბოლოდ დატოვა ისინი. ღვთიური წყალობის მფარველობის გარეშე დარჩენილნი უბოროტესი მტრის ნადავლად იქცნენ. და მაშინ სატანა დედამიწის მოსახლეობას უკანასკნელ საშინელ მწუხარებას მოუვლენს. როგორც კი უფლის ანგელოზები თავის ნებაზე მიუშვებენ ადამიანთა ვნებების ულმობელ ქარებს, ყველა მტრული სტიქია ამოძრავდება. მთელ მსოფლიოს თავს დაატყდება ისეთი საშინელი ნგრევა, როგორიც ძველად იერუსალიმსაც კი არ hქონია. დბ 388.3

ერთადერთმა ანგელოზმა, სწორედ იმან, რომელმაც ეგვიპტელთა ყოველი პირმშო მოსპო, მთელი დედამიწა ვაებით აავსო. როცა მეფე დავითმა თავის სამეფოში აღწერა ჩაატარა და ამით ღმერთის წინაშე შესცოდა, ამ ცოდვისათვის სასჯელად ერთმა ანგელოზმა საშინელი უბედურება დაატეხა თავს. წმიდა ანგელოზები უფლის ნებით სჯიდნენ უწმიდურთ, - ასევე მოიქცევიან დემონები, როდესაც ღმერთი ამას დაუშვებს. ბნელი ძალები უკვე მზად არიან და მხოლოდ უფლის თანხმობას ელიან მთელი დედამიწის გასანადგურებლად. დბ 389.1

უფლის კანონთა დამცველთ უკვე წაუყენეს ბრალდება იმაში, რომ მათ მსოფლიოს ღვთის სამსჯავრო მოუვლინეს, ახლა კი მათ დაადანაშაულებენ საშინელ სტიქიურ უბედურებებში, შუღლში, სისხლისღვრაში, რომელთა შედეგადაც კაცობრიობა საშინელ ტანჯვაში გაეხვევა. ძალა, რომლითაც უკანასკნელი გაფრთხილება გაისმის, ურჯულოთა დიდ განრისხებას გამოიწვევს და მათი რისხვა თავს დაატყდება ყველას, ვინც მიიღებს ამ სახარებას, ხოლო სატანა მათ სიძულვილსა და დევნას უფრო გააძლიერებს. დბ 389.2

მღვდლებმა და ხალხმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ უფალმა საბოლოოდ დატოვა იუდეველთა ტაძარი და ამით საბოლოოდ მიატოვა თავისი ერი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სატანის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და ძალზე საშიშ და დამღუპველ ვნებებს დაემორჩილნენ, თავი მაინც ღვთის რჩეულ ერად მიაჩნდათ. ღვთისმსახურება ტაძარში გრძელდებოდა, მის გაუწმიდურებულ სამსხვერპლოებზე კვლავ სწირავდნენ მსხვერპლს და ყოველდღე ღმერთს სთხოვდნენ იმ ხალხის კურთხევას, რომელმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა, უფლის ძის ძვირფასი სისხლი დაღვარა და კვლავ განაგრძობდა მის მოციქულთა და მსახურთა დევნას. ასე იქნება მაშინაც, როდესაც ზეციურ საწმიდარში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ და მსოფლიოს ბედი გაირკვევა. დედამიწის მცხოვრებთ კი არაფერი ეცოდინებათ ამის შესახებ. სულიწმიდის მიერ ახლა უკვე საბოლოოდ მიტოვებული ხალხი კვლავ შეასრულებს ფორმალურ რელიგიურ ცერემონიებს და სატანური გულმოდგინება, რომელსაც მას უხვად მისცემს ბოროტების მეფე თავისი მზაკვრული ჩანაფიქრის აღსასრულებლად, ღმერთის საქმისათვის მოშურნის სახეს მიიღებს. დბ 389.3

რადგანაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში ბრძოლა გაჩაღდება შაბათის გარშემო და რელიგიური და სახელმწიფო ხელისუფლება გაერთიანდება იმისათვის, რომ თავს მოგვახვიოს კვირა დღის დაცვა, მცირერიცხოვანი უმცირესობის მტკიცე უარი ამ საერთო მოთხოვნის აღსრულებაზე ყველასათვის საძულველს გახდის მას. მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ამ ერთ მუჭა ხალხს, რომელიც ეკლესიისა და სახელმწიფოს კანონებს არ ემორჩილება, არ ექნება მიტევება. სჯობია დაისაჯოს, ვიდრე აბუნტდეს ხალხი და უკანონობამ დაისადგუროს. მრავალი საუკუნის წინათ ამის მსგავსი ბრალდება იქნა წაყენებული ქრისტეს წინააღმდეგ”ხალხთა მთავრებისაგან”.”ჩვენთვის უმჯობესია, - თქვა კაიაფამ, - მოკვდეს ერთი ადამიანი ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს” (იოან. 11:50). ეს საბაბი მეტად დამაჯერებლად მოეჩვენებათ და მალე გამოსცემენ დადგენილებას შაბათის დამცველთა წინააღმდეგ, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ისინი მეტად მკაცრი სასჯელის ღირსი არიან. და განსაზღვრული დროის შემდეგ ხალხს უფლებას მისცემენ, მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ და სისრულეში მოიყვანონ. ჩვენს ცივილიზებულ სამყაროში განდგომილი პროტესტანტები ისევე მოექცევიან უფლის მცნებათა დამცველთ, როგორც თავის დროზე კათოლიკები ექცეოდნენ მათ. დბ 389.4

მაშინ ღვთის ხალხს ეწვევა ტანჯვა და უბედურება, რასაც წინასწარმეტყველი იაკობი მწუხრის ჟამს უწოდებს:“სწორედ ასე თქვა უფალმა: შიშის ხმა გვესმის, თავზარისა, არა მშვიდობის... ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე. ვაი, რა დიდია ეს დღე! არ ყოფილა მისი მსგავსი. გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის და მისგანვეა მისი ხსნა” (იერ. 30:5-7). დბ 390.1

იაკობის სულიერი ტანჯვის ღამე, როდესაც იგი ლოცვით სთხოვდა უფალს ესავის ხელისაგან ხსნას (დაბ. 32:24-33), hგავს იმ გასაჭირს, რომელიც უფლის შვილებს მწუხრის ჟამს ელით. იაკობმა მამისაგან ესავისათვის გათვალისწინებული კურთხევა უპატიოსნო გზით მიიღო და ძმის მუქარით შეშინებულმა გაქცევით უშველა თავს. უცხო მხარეში გატარებული მრავალი წლის შემდეგ მას უფლმა უბრძანა, დაბრუნებულიყო მშობლიურ მხარეში თავისი ცოლშვილითა და საქონლით. მიაღწია თუ არა საზღვარს, იაკობმა გაიგო, რომ მის შესახვედრად მოდის ესავი შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად და ძალზე შეშინდა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ძმა შურის საძიებლად მოდიოდა. იაკობის შეუიარაღებელი, დაუცველი თანამგზავრები თითქოსდა მკვლელობისა და ძალადობის უცილობელი მსხვერპლი უნდა გამხდარიყვნენ. მოუსვენრობისა და შიშის გარდა იგი სინდისის ქენჯნასაც განიცდიდა. იაკობს კარგად ესმოდა, რომ მისმა დანაშაულმა ყველა დააყენა საფრთხის წინაშე, ამიტომ მისი ერთადერთი იმედი უფლის წყალობა იყო. ლოცვა უნდა გამხდარიყო მისი ერთადერთი დამცველი. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ძმის წინაშე თავისი დანაშაული გამოესყიდა და მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აეცილებინა. ასევე, ქრისტეს მიმდევრებმა მოახლოებული მწუხრის ჟამის წინა პერიოდში ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ადამიანებს ჭეშმარიტ ნათელში ეჩვენონ, გაუქარწყლონ ცრუ შეხედულება თავიანთ თავზე და აიცილონ საფრთხე, რომელიც სინდისის თავისუფლებას ემუქრება. დბ 390.2

გააგზავნა რა თავისი ოჯახი შორს, რათა მისი სასოწარკვეთილების მოწმე არ გამხდარიყო, იაკობი მარტო დარჩა ღვთის წინაშე და ლოცვა დაიწყო: აღიარა თავისი დანაშაული და მადლი შესწირა ღმერთს წყალობისათვის. ღრმა მოწიწებით გაახსენა მამებთან დადებული აღთქმა და ის დაპირებანიც, რომელნიც უცხო მიწაზე ყოფნის დროს, ბეთილში, ღამის ხილვაში მიეცა მას. მის ცხოვრებაში კრიტიკული მომენტი დადგა და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მარტომყოფი, სიბნელეში კვლავ მორჩილებით განაგრძობდა ლოცვას უფლის წინაშე და ამ დროს უცბად ვიღაცა ხელით შეეხო მის მხარს. მას ეგონა, რომ მტერი უპირებდა მოკვლას და სასოწარკვეთილებით შეება მოსულს. გათენებისას იაკობმა იგრძნო მოწინააღმდეგის ზებუნებრივი ძალა: თითქოსდა, მისმა ერთმა შეხებამ ძალა წაართვა ამ ძლიერ ადამიანს. და იგი უმწეო ქვითინით დაემხო მკერდზე თავის უცნობ მოწინააღმდეგეს. მხოლოდ ახლა მიხვდა იაკობი, რომ იგი აღთქმის ანგელოზს ებრძოდა. ძლიერი ტკივილებით ძალაგამოცლილი იაკობი მაინც არ ნებდებოდა. ამდენ ხანს გაუგებრობაში იყო, თავისი ცოდვების გამო სინდისის ქენჯნა და უბედურება აწუხებდა, ახლა კი უნდა დარწმუნდეს, რომ მიტევებულია. იაკობი ხვდება, რომ მოსული მის დატოვებას და წასვლას აპირებს, მაგრამ არ სურს მისი გაშვება და კურთხევას სთხოვს. ანგელოზი ითხოვს:“გამიშვი, უკვე თენდება”, მაგრამ პატრიარქი წამოიძახებს:“არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ!” რა რწმენაა! რა სიმტკიცე და შეუპოვრობაა! იაკობის სიტყვებში ოდნავი თავდაჯერებულობა და სიამაყე რომ ყოფილიყო, იგი მოკვდებოდა. მაგრამ მან ცოდვილის შეუპოვრობა გამოავლინა, ცოდვილისა, რომელიც აღიარებს თავის უძლურებას, უღირს საქციელს და ამასთანავე, იმედი აქვს აღთქმის შემნახველი უფლის წყალობისა. დბ 390.3

`ის შეერკინა ანგელოზს - და სძლია” (ოს. 12:5). თავისი მორჩილებით, მონანიებით, თავდადებით, ამ გზააბნეულმა მოკვდავმა, ამ ცოდვილმა კაცმა დაამარცხა ზეცის დიდება. იგი თრთოლვით მიენდო და ჩაეჭიდა უფლის აღთქმას და უსაზღვროდ მოსიყვარულე გულმაც შეისმინა ცოდვილის ვედრება. ამ გამარჯვების ნიშნად და იმისათვის, რომ მისი მაგალითი სხვებისათვის შთამაგონებელი ყოფილიყო, მისი ძველი სახელი ცოდვასთან ერთად მოისპო და შეიცვალა სხვა სახელით, რომელიც გამარჯვებაზე მიუთითებდა. იაკობმა სძლია ღმერთს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი ადამიანებზეც გაიმარჯვებს. იაკობს ახლა აღარ ეშინოდა თავისი ძმისა, რადგან უფალი იცავდა. დბ 391.1

სატანა იაკობს უფლის ანგელოზთა წინაშე ბრალს სდებდა და აცხადებდა, რომ მას (სატანას) აქვს უფლება, დაღუპოს იგი ცოდვის გამო; მანვე უბიძგა ესავს, წასულიყო ძმის წინააღმდეგ. მთელი ღამის განმავლობაში შთააგონებდა იგი პატრიარქს, თუ რა მძიმე დანაშაული ჩაიდინა. სატანას სურდა, იმედები გაეცრუებინა იაკობისათვის, რათა მას უფლის სასოება აღარ hქონოდა. სასოწარკვეთილებამდე იყო მისული იაკობი, რადგან იცოდა, რომ ზეცის დახმარების გარეშე დაიღუპებოდა, გულწრფელად ინანიებდა თავის დიდ დანაშაულს და უფალს წყალობას სთხოვდა. მან არ უარყო თავისი მიზანი, არამედ მტკიცედ ჩაეჭიდა ანგელოზს, დაჟინებითა და ცხარე ცრემლით სთხოვდა პატიებას და გაიმარჯვა კიდეც. დბ 391.2

სატანამ უბიძგა ესავს წასულიყო ძმის წინააღმდეგ; ასევე მოუხმობს იგი ურჯულოთ ღვთის ხალხის მოსასპობად მწუხრის ჟამს. რა ბრალდებაც მან წაუყენა იაკობს, იგივეს წაუყენებს ღვთის შვილთ. დედამიწის ბინადართ სატანა თავის ქვეშევრდომებად თვლის, მაგრამ უფლის მცნებების დამცველთა მცირე ჯგუფი არ დაემორჩილება მას. მათი განადგურება რომ შეეძლოს, ბოროტების მეფის ზეიმი სრული იქნებოდა. იგი ხედავს, რომ წმიდა ანგელოზები იცავენ ამ ადამიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიეტევათ ცოდვები, მაგრამ სატანამ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ამ ადამიანთა ბედი უკვე გადაწყვეტილია ზეციურ საწმიდარში. მისთვის მათი ყველა ცოდვა ცნობილია: იგი ხომ თავად აცდუნებდა მათ! იგი გაზვიადებულად წარადგენს მათ ცოდვებს ღმერთის წინაშე და მტკიცედ მოითხოვს, რომ მათ ღმერთის წყალობა წაერთვათ. სატანა აცხადებს, რომ თუკი ღმერთი სამართლიანია, მაშინ არც მათ უნდა აპატიოს ცოდვები და სატანაც და მისი დემონებიც უნდა გაანადგუროს. იგი განაცხადებს, რომ ეს ხალხი მას ეკუთვნის, უფლებამოსილია მათზე და მოითხოვს, დაუბრუნონ ისინი, რათა დაღუპოს. დბ 391.3

რადგან სატანა ღვთის ხალხს ადანაშაულებს ცოდვების გამო, უფალი მას მათი გამოცდის ნებას აძლევს. მათი ნდობა, უფლისადმი რწმენა და სიმტკიცე მეტად მკაცრად გამოიცდება. საკუთარ წარსულში ჩახედვით ისინი იმედს კარგავენ, რადგან მათ ცხოვრებაში კარგი ძალზე ცოტაა. მათ შეგნებული აქვთ საკუთარი უძლურება და უღირსობა. სატანა ცდილობს, შეაშინოს ისინი თავიანთ უიმედო მდგომარეობაზე ფიქრით, შთააგონებს რა, რომ მანკიერებისა და უწმიდურებისაგან გათავისუფლება შეუძლებელია. იგი ცდილობს შეურყიოს მათ რწმენა, რათა ცდუნდნენ და უღალატონ ღმერთს. დბ 392.1

თუმცა ღვთის შვილნი მტრების გარემოცვაში იქნებიან, რომლებიც მათ დაღუპვას შეეცდებიან, მაგრამ მათ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს არა ჭეშმარიტების გამო დევნის შიში, არამედ ფიქრი იმაზე, უფლის წინაშე რაიმე ცოდვა ხომ არ დარჩათ მოუნანიებელი, რათა ამის გამო არ დაეუფლოთ უიმედობა მაცხოვრის აღთქმისადმი:“მე დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე” (გამოცხ. 3:10). ისინი რომ დარწმუნებული იყვნენ მიტევებაში, მაშინ ვერც სიკვდილი და ვერც ტანჯვა ვერ შეაშინებდათ, მაგრამ თუკი უღირსნი აღმოჩნდებიან, თუ დამღუპველ ცოდვებს ვერ დატოვებენ, მაშინ უფლის წმიდა სახელი შეურაცხყოფილი იქნება. დბ 392.2

ღვთის შვილებს ყველგან ესმით შეთქმულების შესახებ და ხედავენ ღმერთის წინააღმდეგ ამბოხების აშკარა ნიშნებს. და მათი ერთადერთი სურვილია, დასრულდეს ეს უდიდესი განდგომილება და დამნაშავეთა უწმიდურებას ბოლო მოეღოს. ისინი სთხოვენ ღმერთს, აღკვეთოს ბუნტი, მაგრამ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ძალა არ გააჩნიათ წინ აღუდგნენ და გზა გადაუღობონ ბოროტების ამ ძლიერ ნაკადს. ისინი აღიარებენ: მათ რომ თავიანთი ნიჭი ყოველთვის ქრისტეს სამსახურისათვის მიეძღვნათ და ამ საქმეში უდიდესი ძალისხმევა გამოეჩინათ, სატანა ვერ დაძლევდა. დბ 392.3

ღვთის შვილებმა თავიანთი გული ღმერთს დაუმორჩილეს და აღნიშნავენ, რომ უფალმა აპატია წარსულის ცოდვები და რომ მაცხოვარი უეჭველად აღასრულებს თავის დანაპირებს:“მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!” (ეს. 27:5). მათი რწმენა ისევ მტკიცეა, თუმცა თავიანთ ლოცვებზე მაშინვე არ ღებულობენ უფლის პასუხს. დიდია მწუხარება, შიში და სასოწარკვეთილება, მაგრამ ისინი განაგრძობენ ლოცვას, რადგან იაკობის მსგავსად მხსნელის ძალის იმედი აქვთ, უფალს არიან ჩაჭიდებულნი და ამბობენ:“არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ!” დბ 392.4

იაკობს რომ თავისი ცოდვა არ მოენანიებინა (მოტყუებით მიღებული პირმშოობა), უფალი არ შეისმენდა მის ლოცვას და არ გადაარჩენდა თავისი მადლით. ასევე იქნება მწუხრის ჟამსაც: თუკი ღვთის შვილებს მოუნანიებელი დარჩებათ თავიანთი ცოდვები, მწუხარება და შიში სძლევს მათ. სასოწარკვეთილება რწმენას შეურყევს და მათი ლოცვავედრება ხსნის შესახებ არ იქნება მტკიცე. მაგრამ მათ შეგნებული აქვთ თავიანთი უღირსობა და არა აქვთ დამალული ცოდვები, რომლებიც უკვე წარდგენილია სამსჯავროზე და მიტევებულია კიდეც. ამიტომ ისინი ვეღარ გაიხსენებენ ამ ცოდვებს. დბ 392.5

სატანა შთააგონებს ადამიანებს, რომ ღმერთი ყურადღებას არ აქცევს წვრილმან, უმნიშვნელო შეცდომებს. მაგრამ უფლის იაკობისადმი დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ იგი არც ერთ მოუნანიებელ ცოდვას არ ამართლებს და არ მიუტევებს. ვინც ცდილობს თავისი ცოდვების დამალვას ან გამართლებას, რის გამოც ეს ცოდვები ზეციურ წიგნებში აღნიშნული რჩება, როგორც მოუნანიებელი და მიუტევებელი, ადვილად ებმება სატანის ქსელში. რამდენადაც უფრო მაღალ საფეხურზე დგანან ცოდვილნი, მით უფრო მძიმეა მათი დანაშაული უფლის თვალში და მით უფრო დარწმუნებულია გამარჯვებაში მტერი. ვინც სახვალიოდ გადადებს უფლის დღისათვის მზადებას, არც მწუხრის ჟამს გააკეთებენ ამას და არც სხვა დროს, მომავალში. მათი მდგომარეობა უიმედოა. დბ 392.6

ე.წ. ქრისტიანები, რომლებიც არ არიან მზად უკანასკნელი საშინელი ბრძოლისათვის, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის გამო მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს, უწმიდურნი კი დაცინვას დაუწყებენ. მათი აღსარება ესავის ან იუდას აღსარებას დაემსგავსება. ასეთი აღსარებით უწმიდურნი დაიტირებენ არა თავად დანაშაულს, არამედ თავიანთ ცოდვათა შედეგს. ისინი ვერ იგრძნობენ ვერც ჭეშმარიტ სინანულს და ვერც ცოდვისადმი სიძულვილს და მხოლოდ სასჯელის შიშით აღიარებენ თავიანთ ცოდვებს. მაგრამ ეგვიპტის ფარაონის მსგავსად (ძველი აღთქმიდან), როგორც კი სასჯელის საფრთხე გადაივლის, კვლავ ზეცის წინააღმდეგ წავლენ. დბ 393.1

იაკობის ისტორია გვასწავლის, რომ ღმერთი არ მიატოვებს ცდუნებაში და ცოდვის უწმიდურებაში ჩაფლულ სულს, თუკი იგი გულწრფელი მონანიებით მიმართავს მას. როდესაც სატანა კვლავ განაახლებს ამ დამიანთა დაღუპვის მცდელობას, უფალი თავის ანგელოზებს გაგზავნის მათ დასამშვიდებლად და დასაცავად. სატანის იერიში ძლიერი და საშინელია. მისი ცდუნება - მეტად საშიშია, მაგრამ უფლის თვალია თავის შვილებზე და”მას ესმის მათი ვედრება. მათი ტანჯვა აუტანელია, გავარვარებული ღუმელის ალი მზადაა მათ ჩასაყლაპავად, მაგრამ უზენაესი გადაარჩენს მათ და იქნებიან ისინი, როგორც განწმედილი ოქრო, ცეცხლით ნაწრთობი”. ღმერთის სიყვარული თავისი შვილების მიმართ ახლაც ისეთივე ძლიერი და ნაზია, როგორც მათი კეთილდღეობის დროს, მაგრამ მათ ცეცხლის ალში უნდა გაიარონ: ყოველგვარი მიწიური უნდა მოსპოს ღმერთმა, რათა უფლის რჩეულნი ქრისტეს მსგავსი გახდნენ. დბ 393.2

მწუხრისა და სასოწარკვეთილების ჟამისათვის საჭიროა გვქონდეს რწმენა, რომელიც ძალას მოგვცემს ავიტანოთ დაღლილობა, შიმშილი და უფლის მოსვლის შეყოვნება, - რწმენა, რომელიც ყველაზე მკაცრი გამოცდის წინაშეც კი არ შეკრთება. ყველას მიეცემა გამოცდის დრო, რათა მოემზადოს მწუხრის ჟამისათვის. იაკობმა გაიმარჯვა, რადგან შეუპოვრობა და სიმტკიცე გამოიჩინა. მისი გამარჯვება მოწმობს, თუ რა ძალა აქვს დაჟინებით ლოცვას. ყველა, ვისაც უფლის აღთქმის იმედი აქვს, წარმატებას მიაღწევს. ისინი კი, ვისაც არ სურს თავისი”მე”-ს უარყოფა, ღმერთთან ტანჯვით შერკინება, დიდხანს გულმოდგინედ ლოცვა მისი კურთხევის მისაღებად, ვერ მიიღებენ მას. ღმერთთან შერკინება - ადამიანთა რა მცირე ნაწილს ესმის მისი მნიშვნელობა! ძალზე ცოტას სურს ღმერთის პოვნისათვის დიდი ძალისხმევის გაცემა. რა ცოტანი იქნებიან აუღწერელ, ენით გამოუთქმელ სასოწარკვეთილებაში მყოფ მლოცვეთა შორის ისეთები, რომლებიც შეურყეველი რწმენით დაელოდებიან უფლის აღთქმის აღსრულებას! დბ 393.3

მცირედ მორწმუნეთ დიდი საშიშროება ელით: სატანის ცდუნებათა ძალის ზეგავლენა და სინდისის საწინააღმდეგო დადგენილებათა მორჩილებით აღსრულება. თუკი, მათი აზრით, ჯერ კიდევ დარჩებათ გამოცდის დრო, მწუხრის ჟამი უფრო მეტ სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს, რადგან ისინი არ არიან ჩვეულნი, ყველაფერში მიენდონ ღმერთს. ისინი იძულებული იქნებიან, თავიანთი გაცრუებული იმედების ხარჯზე შეისწავლონ რწმენის გაკვეთილები, რომლებიც ოდესღაც უარყვეს. დბ 393.4

ახლა ჩვენ უნდა შევიცნოთ ღმერთი და გამოვცადოთ მისი აღთქმა. ანგელოზები იწერენ ყოველ გულწრფელ და სერიოზულ ლოცვას. უმჯობესია, უარი ვთქვათ ეგოისტურ სიამოვნებაზე და მას უფალთან ურთიერთობა ვარჩიოთ. უმჯობესია, უკიდურეს სიღარიბეში ვიცხოვროთ, არაფერი გაგვაჩნდეს, მაგრამ უფლის კურთხევით ვსარგებლობდეთ, ვიდრე დავტკბეთ სიმდიდრით, პატივით, კარგი ცხოვრებითა და მეგობრებით - ღმერთის გარეშე. არ უნდა დაგვავიწყდეს ლოცვა. და თუკი გვძლევს ამქვეყნიური ინტერესები, მაშინ უფალი თავის თავს იმით გაგვახსენებს, რომ ხელიდან გამოგვაცლის ჩვენს ოქროს კერპებს, სახლებს და ნოყიერ მიწებს. დბ 394.1

ახალგაზრდებს შეუძლიათ ცოდვისაგან თავის დაცვა, თუკი მხოლოდ იმ გზას აირჩევენ, სადაც უფლის კურთხევა შეუძლიათ ითხოვონ. უფლის მაცნეები, რომლებსაც მოაქვთ უკანასკნელი გაფრთხილება კაცობრიობისათვის, ღვთიურ მადლს, იაკობის მსგავსად, მხურვალე რწმენით რომ თხოულობდნენ და არა გულგრილობითა და ინერტულობით, მაშინ არაერთხელ იტყოდნენ:“პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი” (დაბ. 32:30). მაშინ ზეცა ჩათვლიდა მათ გმირებად, რომლებმაც სძლიეს ღმერთს და ადამიანებს. დბ 394.2

მალე დადგება ისეთი მწუხრის ჟამი,“როგორც არასოდეს ყოფილა”; მაშინ დაგვჭირდება გამოცდილება, რომელიც ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია და რომლის შეძენაშიც ბევრს სიზარმაცე უშლის ხელს. ხშირად მწუხრის ლოდინის საშინელება ყოველგვარ სინამდვილეს აღემატება, მაგრამ ეს არ ეხება მოსალოდნელ გამოცდას. ყველაზე ცოცხალ წარმოდგენასაც კი არ შეუძლია ამ დიდი მწუხარების სურათის დახატვა. ამ გამოცდის პერიოდში ყოველმა სულმა საკუთარ თავზე უნდა აგოს პასუხი ღმერთის წინაშე.”ვერც ნოე, ვერც დანიელი და ვერც იობი (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ თავიანთი სიმართლით” (ეზეკ. 14:20). დბ 394.3

ამჟამად, როდესაც უდიდესი მღვდელმთავარი შუამდგომლურ მსახურებას ეწევა ჩვენი შემორიგებისათვის, უნდა კი ვისწრაფოთ, ვიყოთ ქრისტეში სრულყოფილები. მაცხოვარს აზრადაც კი არ მოსვლია, მაცდურისათვის დაეთმო. სატანა ადამიანის გულში პოულობს სუსტ ადგილს, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდოს. საკმარისია ერთი ცოდვიანი სურვილის გულში გავლებაც კი, რომ ცდუნებამ მაშინვე ძალა მოიკრიბოს. მაგრამ ქრისტემ თავის თავზე თქვა:“წუთისოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის” (იოან. 14:30). სატანამ უფლის ძეში ისეთი ვერაფერი იპოვა, რაც მასზე გამარჯვების შესაძლებლობას მისცემდა. იგი მამის მცნების ერთგულებას ინარჩუნებდა. მასში არ იყო ცოდვა, რომელიც სატანას უპირატესობას მიანიჭებდა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ისინი, რომელთაც სურთ, გაუძლონ მწუხრის ჟამს. დბ 394.4

ჯერ კიდევ ამ სიცოცხლეში ცოდვები უნდა მოვიშოროთ ქრისტეს გამომსყიდველი სისხლის რწმენით. მაცხოვარი გვიწვევს, რათა სრულქმნილები გავხდეთ მასში, შევავსოთ ჩვენი უძლურება მისი ძალით, ჩვენი უვიცობა - მისი სიბრძნით, ჩვენი უღირსობა - მისი ღირსებებით. ღვთის წინასწარმეტყველება ჩვენთვის არის სკოლა, რომელშიც ქრისტეს მორჩილება და თვმდაბლობა უნდა ვისწავლოთ. უფალი ყოველთვის მიგვითითებს სიცოცხლის ჭეშმარიტ მიზანზე და არა იმ ადვილ და სასიამოვნო გზაზე, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ. ჩვენ მხოლოდ უნდა მივიღოთ ის საშუალებანი, რომლითაც ზეცა ჩვენს ხასიათს ღვთიური ნიმუშის მიხედვით გარდაქმნის. ამის უგულვებელყოფა ან დაყოვნება ადამიანის სულისათვის საშინელ რისკთან არის დაკავშირებული. იოანე მოციქულმა თავის ხილვაში გაიგონა ძლიერი ხმა, რომელიც ამბობდა:“ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა” (გამოცხ. 12:12). რა საშინელია სინამდვილე, რომელმაც ეს წამოძახილი გამოიწვია! სატანის მძვინვარება მის აღსასრულთან მიახლოებით უფრო და უფრო ძლიერდება, ხოლო მისი ცდუნება და მისგან გამოწვეული ნგრევა კულმინაციას დიდი მწუხრის ჟამს მიაღწევს. დბ 394.5

მალე ცაზე ვიხილავთ საშინელ ზებუნებრივ მოვლენებს - დემონთა ძალაუფლების ნიშანს, რომლებიც სასწაულს მოახდენენ. ეშმაკის სულები დედამიწის მთავრებსა და მთელ წუთისოფელს მოევლინებიან, რათა თავისი ცდუნების ქსელში გაახვიონ ისინი და დაარწმუნონ, რომ მხარში ამოუდგნენ სატანას მის უკანასკნელ ბრძოლაში ზეციური მმართველობის წინააღმდეგ. ისინი მოახერხებენ მთავართა და მათ ქვეშევრდომთა ცდუნებას. აღდგებიან ადამიანები, რომელნიც თავს ქრისტედ გამოაცხადებენ, მიითვისებენ სახელსა და თაყვანისცემას, რომელიც მხოლოდ ქვეყნიერების მხსნელს ეკუთვნის. ეშმაკეულნი საოცარ სასწაულებს მოახდენენ, განკურნავენ ავადმყოფებს და ეცდებიან ხალხის დარწმუნებას, რომ გამოცხადება მიიღეს ზეციდან, მაგრამ ეს გამოცხადება წმიდა წერილის მოწმობის საწინააღმდეგო იქნება. დბ 395.1

უდიდესი ცდუნების სცენის დასკვნითი აქტი იქნება სატანის მცდელობა, თავი წარმოგვიდგინოს ქრისტედ. ეკლესიამ დიდი ხანია განაცხადა, რომ იგი ელის მაცხოვრის მოსვლას, რითაც აღსრულდება მისი იმედი. უდიდესი თვალთმაქცი მშვენივრად გაითამაშებს ქრისტეს მოსვლის სცენას. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სატანა ხალხის წინაშე წარდგება უფლის ძის მსგავსად, დიდებულ და ბრწყინვალე პიროვნებად, როგორც ეს აღწერილია იოანეს გამოცხადებაში (გამოცხ. 1:13-15). ეს სანახაობა ადამიანისათვის არნახული დიდებით იქნება შემკული. hაერი აივსება საზეიმო შეძახილებით:“ქრისტე მოვიდა! ქრისტე მოვიდა!” აღტაცებული ხალხი მის წინაშე დაემხობა. იგი მაღლა ასწევს ხელს და აკურთხებს მათ ისე, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა დედამიწაზე ყოფნის დროს. მას ჩუმი, რბილი და ამასთან ერთად მელოდიური ხმა აქვს. თბილი, თანაგრძნობით აღსავსე სიტყვებით იმეორებს იგი ოდესღაც ქრისტეს ნათქვამ ზოგიერთ ღვთისმოსაურ ზეციურ ჭეშმარიტებას; კურნავს ავადმყოფებს და შემდეგ, ქრისტეს მსგავსად, აცხადებს, რომ შაბათი დღე კვირით შეიცვალა და ყველას უბრძანებს, დაიცვან მის მიერ კურთხეული დღე; აცხადებს, რომ ის, ვინც ჯიუტად განაგრძობს მეშვიდე დღის შენახვას, შეურაცხყოფს მის სახელს იმით, რომ უარს ამბობს ანგელოზთა მოსმენაზე, რომელთაც ჭეშმარიტების ნათელი მოაქვთ. რა ძლიერი და თითქმის გადაულახავი სიცრუეა! და გრძნეული სიმონის მიერ მოტყუებულ სამარიელთა მსგავსად ძალიან ბევრი, დიდი და მცირე, დაუჯერებს ამ გრძნეულებას და იტყვის:“ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება” (საქ. 8:10). დბ 395.2

მაგრამ უფლის ხალხი არ მოტყუვდება. ცრუქრისტეს მოძღვრება ეწინააღმდეგება წმიდა წერილს. ცრუქრისტე აკურთხებს მათ, ვინც თაყვანს სცემს მხეცს და მის ხატებას, სწორედ მათ, ვისზედაც, როგორც ბიბლია ამბობს, გადმოიღვრება ღვთის მრისხანება ყოველგვარი წყალობის გარეშე, შეუზავებლად. დბ 395.3

გარდა ამისა, სატანას არა აქვს მიცემული უფლება, განასახიეროს ქრისტეს მოსვლა ისე, როგორც ეს წმიდა წერილშია აღწერილი. მაცხოვარმა თავისი ხალხი გააფრთხილა ამგვარი ცდუნებისაგან და ნათლად მიუთითა იმაზე, თუ როგორ მოხდება მისი მოსვლა:“ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ ...თუ გითხრან: აhა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აhა, ის შიდა ოთახებშიაო, - ნუ ერწმუნებით. ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც” (მათ. 24:24-27,31; გამოცხ. 1:7; 1თეს. 4:16,17). ასეთი მოსვლის ინსცენირება შეუძლებელია. მისი მოსვლა ყველგან ცნობილი გახდება, მას მთელი მსოფლიო დაინახავს. დბ 396.1

მხოლოდ ისინი, ვისაც შესწავლილი აქვს წმიდა წერილი, ისინი, ვინც მიიღო ჭეშმარიტების სიყვარული, დაცული იქნებიან უდიდესი ცდუნებისაგან, რომელიც მთელ მსოფლიოს დაატყვევებს. ღვთის სიტყვის საშუალებით ისინი გამოააშკარავებენ მაცდურს. ყველასათვის დადგება გამოცდის ჟამი. ცდუნება გამოავლენს ჭეშმარიტ ქრისტიანებს. დამკვიდრებულია კი ღვთის სიტყვა უფლის შვილებში ისე მტკიცედ, რომ არ ცდუნდნენ? იხელმძღვანელებენ კი ისინი ამ კრიტიკულ მომენტში ბიბლიით და მხოლოდ ბიბლიით? სატანა ყველა ღონეს იხმარს, რათა ხელი შეუშალოს რჩეულთ ამ დღისათვის მზადებაში. იგი მრავალ წინააღმდეგობას შეუქმნის მათ, რათა ადამიანებმა თავიანთი ყურადღება ამქვეყნიური სიმდიდრისაკენ წარმართონ; რათა მათ მხრებზე დააწვეს მძიმე ტვირთი, მათი გული კი ცხოვრებისეული საზრუნავით დამძიმდეს, გამოცდის დღე კი შეუმჩნევლად მოვიდეს, როგორც ქურდი. დბ 396.2

როდესაც უფლის მცნებების დამცველთა წინააღმდეგ გამოვა სხვადასხვა ქრისტიანულ ხელისუფლებათა მიერ დამტკიცებული დადგენილება, სახელმწიფო სტრუქტურები ღვთის ხალხს ვეღარ დაიცავენ და მათსავე დამღუპველთ გადასცემენ, მაშინ ღვთის შვილნი დატოვებენ ქალაქებს, სოფლებს და თავშესაფარს იპოვიან დაუსახლებელ და უდაბურ ადგილებში. მრავალი ქრისტიანი მიუვალ მთებს შეაფარებს თავს. პიემონტის ქრისტიანების მსგავსად, ისინი მაღალ მთებში აიგებენ საწმიდარს და ადიდებენ ღმერთს”კლდეთა სიმაგრეების` გამო (ეს. 33:16). მაგრამ მრავალნი, დიდებულნი და უბრალონი, მდიდარნი თუ ღარიბნი, შავი თუ თეთრი, უსამართლო და ბოროტ მონობაში მოექცევიან. უფლის საყვარელ ხალხს საშინელი დღეები დაუდგება, როდესაც ბორკილგაყრილნი, სიკვდილმისჯილნი საპყრობილეებში დაიტანჯებიან. ზოგიერთი შიმშილისაგან სიკვდილისთვის იქნება განწირული ამაზრზენ მიწისქვეშეთში. ვერავინ გაიგებს მათ გმინვას, არავინ გაუწვდის დახმარების ხელს. დბ 396.3

განა დაივიწყებს უფალი თავის შვილებს ამ გამოცდის დროს? განა დაივიწყა მან ერთგული ნოე, როდესაც ქვეყნიერება წარღვნამ წალეკა? განა დაივიწყა მან ლოტი, როდესაც ზეციდან ჩამოსულმა ცეცხლმა მთელი ქალაქი გაანადგურა? განა დაივიწყა მან ეგვიპტეში, კერპთაყვანისმცემელთა ბუნაგში ჩავარდნილი იოსები ან ელია, რომელსაც იეზაბელი ფიცით ემუქრებოდა, რომ ბაალის წინასწარმეტყველთა ბედს გაიზიარებდა იგი? განა დაივიწყა მან ბნელ, აშმორებულ ორმოში ჩაგდებული იერემია? ან გავარვარებულ ღუმელში ჩაგდებული სამი ახალგაზრდა? ან ლომების ხაროში ჩაგდებული დანიელი? დბ 396.4

`თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყა! განა დაივიწყებს ქალი თავის შვილს? არ შეიბრალებს თავის მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ. აhა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული” (ეს. 49:14-16).”რადგან თქვენი შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია” (ზაქ. 2:8). დბ 397.1

თუმცა მტრებს შეუძლიათ, ღვთის მსახურნი საპყრობილეში ჩააგდონ, მაგრამ მისი კედლები მათ სულებს ქრისტეს ვერ დააშორებს. ვინაიდან ის, ვინც ყოველ მათ სისუსტეს კარგად ხედავს, მათ ყოველ გამოცდას დიდი ყურადღებითა და თანაგრძნობით ადევნებს თვალს, ყველა მიწიურ მთავრობაზე მაღალია. ანგელოზები მიუდგომელ ჯურღმულებში მოინახულებენ მათ და ზეციურ ნათელსა და სიმშვიდეს მიუტანენ. და ჯურღმული სასახლედ იქცევა, რადგან იქ იქნებიან რწმენით მდიდარნი; და პირქუშ კედლებს ზეციური ნათელი მოეფინება, როგორც დიდი ხნის წინათ, როდესაც პავლე და სილა ქალაქ ფილიპოს საპყრობილეში შუაღამისას ლოცულობდნენ და გალობდნენ. დბ 397.2

ღვთის სამსჯავრო მოეწევა ღვთის შვილების დამტანჯველთ და დამღუპველთ. უფლის მოთმინება ურჯულოთა მიმართ მხნეობას მატებთ მათ, მაგრამ სასჯელი, მიუხედავად დაყოვნებისა, საშინელი და გარდაუვალი იქნება.”რადგან აღიმართება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის, როგორც გიბყონის ველზე, თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად” (ეს. 28:21). ჩვენი მოწყალე უფლისათვის სასჯელი -“უცხო, უჩვეულო საქმეა”.”ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი!” (ეზ. 33:11).”უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო!.. დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო!” (გამოს. 34:6,7). თუმცა”სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს” (ნაუმ. 1:3. სხვა თარგმანი:“იგი ულმობელი იქნება თავის სამართალში და აღადგენს თავისი გათელილი კანონის ავტორიტეტს”). შურისგების სიმკაცრეზე, რომელიც დამნაშავეთ ელით, შეიძლება ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რა უხალისოდ და იძულებით გამოაქვს უფალს განაჩენი. ხალხი, რომელსაც ასეთი დიდი მოთმინებით ეპყრობა იგი და რომელსაც არ გაანადგურებს მანამ, სანამ მათი ურჯულოების თასი არ აივსება უფლის თვალში, ბოლოს და ბოლოს, შესვამს უფლის რისხვის თასს შეუზავებლად. დბ 397.3

როდესაც ქრისტე დაასრულებს თავის შუამდგომლურ მსახურებას ზეციურ საწმიდარში, მაშინ ღვთის უმოწყალო რისხვა გადმოიღვრება მათზე, ვინც თაყვანს სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს მის ნიშანს (გამოცხ. 14:9,10). სამსჯავრო, რომელიც განკუთვნილია ამ წუთისოფლისათვის ღვთის შვილთა გათავისუფლების წინ, უფრო საშინელი იქნება, ვიდრე ეგვიპტის თავზე მოვლენილი წყლულები ისრაელის გათავისუფლების წინ. იოანე ასე აღწერს ამ საშინელ სამსჯავროს:“...გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი hქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს”. ზღვა”იქცა სისხლად, როგორც მკვდრისაგან, და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში”.”გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცა სისხლად”. თუმცა ეს უბედურებები საშინელია, მაგრამ ღმერთი სრულიად სამართლიანია. უფლის ანგელოზი აცხადებს:“მართალი ხარ შენ, წმიდაო... რადგანაც ასე განიკითხე. ვინაიდან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და შენ მიეცი სასმელად მათ სისხლი, ვინაიდან დაიმსახურეს” (გამოცხ. 16:2-6). გამოუტანეს რა სასიკვდილო განაჩენი ღვთის ხალხს, უწმიდურთ ბრალი მიუძღვით მათი სისხლის დაღვრაში ისე, თითქოს ეს საკუთარი ხელებით ჩაედინოთ. იესო თავისი დროის იუდეველთ სწორედ ამგვარად სდებდა ბრალს ყველა წმიდანის სისხლის დაღვრაში, მოყოლებული აბელის დღეებიდან, რადგან ისინი იმავე სულით იყვნენ შეპყრობილი და ისევე მოქმედებდნენ, როგორც ამას წინასწარმეტყველთა მკვლელნი აკეთებდნენ. დბ 397.4

შემდეგ წყლულში მზეს”მიეცა, ...რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები” (გამოცხ. 16:8,9). წინასწარმეტყველი ასე აღწერს ადამიანთა მდგომარეობას ამ საშინელ პერიოდში:“გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი,.. გაწბილდნენ მხვნელები, მოთქვამენ მიწის მუშაკები პურზე და ქერზე, რადგან დაიღუპა სამკალი... ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს... მთელი ხეხილი გახმა მინდორში... ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ... რად კვნესის პირუტყვი, რად ბღავის ნახირი? რადგან აღარ აქვთ საძოვარი, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები”.”მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი: უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ” (იოველ. 1:10-12,17-20; ამოს. 8:3). დბ 398.1

მაგრამ ეს წყლულები ყველა ადამიანზე არ გადმოიღვრება. სხვაგვარად, დედამიწაზე სრულად მოისპობოდა სიცოცხლე. ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი, რომელიც ოდესმე hქონიათ მოკვდავთ. ყველა სამსჯავრო, ადამიანებზე გამოცდის პერიოდის დამთავრებამდე, შერეული იყო წყალობასთან; ქრისტეს სისხლი, რომელიც ღმერთს შეhღაღადებდა, ზოგავდა ცოდვილს თავისი ცოდვებისათვის სრული მსჯავრისაგან, მაგრამ უკანასკნელი სამსჯავროს დროს ღვთის რისხვა მათზე წყალობასთან შეუზავებლად გადმოიღვრება. დბ 398.2

იმ დღეს ბევრი მოინდომებს თავშესაფრის მონახვას უფლის წყალობაში, რომელსაც დიდხანს უარყოფდნენ.”აhა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ hპოვებენ” (ამოს. 8:11,12). დბ 398.3

ტანჯვისაგან არც ღვთის ხალხი იქნება დაზღვეული. მაგრამ დევნისა და შევიწროების, მწუხარებისა და შიმშილის მიუხედავად, იგი არ იქნება დასაღუპავად განწირული. ღმერთი, რომელმაც იზრუნა ელიაზე, გვერდს არ აუვლის არც ერთ თავის შვილს, რომელიც მას თავს სწირავს. ის, ვის მიერაც დათვლილია მათი თმის ყოველი ღერი, იზრუნებს მათზე. შიმშილის დროს მათ ექნებათ პური. იმ დროს, როდესაც უწმიდურთ შიმშილითა და წყლულებით სიკვდილი ელით, მართლებს ანგელოზები დაიცავენ და იზრუნებენ მათ საჭიროებებზე. სიმართლეში მოარულთ მიცემული აქვთ აღთქმა:“მიეცემა პური და ექნება წყალი დაუწყვეტელი”.”ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, მე, ისრაელის ღმერთი, მათ არ მივატოვებ” (ეს. 33:16; 41:17). დბ 398.4

`თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, - მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას” (აბაკ. 3:17,18). დბ 398.5

`უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით. დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე. უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან. დაიცავს შენს სულს”.”რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან. თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება. ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი. შავი ჭირი ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი. დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა. რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი. არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს” (ფს. 120:5-7; 90:3-10). დბ 399.1

ადამიანები იფიქრებენ, რომ მალე ღვთის ხალხი თავის ერთგულებას ადრინდელ მოწამეთა მსგავსად, თავისი სისხლით დაადასტურებს. თვით ღვთის შვილებსაც შეეპარებათ შიში და ეგონებათ, რომ უფალმა ისინი ბედის ანაბარა მიატოვა. ეს იქნება საშინელი სასოწარკვეთილების ჟამი. დღე და ღამ აღავლენენ ლოცვავედრებას ხსნის შესახებ. ურჯულოები აღტაცებული იქნებიან და დამცინავად იკითხავენ:“სადღა არის თქვენი რწმენა? რატომ არ გშველით ღმერთი და არ გათავისუფლებთ ჩვენი ხელიდან, თუკი მართლა მისი ხალხი ხართ?” მაგრამ უფლის მომლოდინე ხალხს გაახსენდებათ გოლგოთას ჯვარზე მომაკვდავი იესო და მღვდელთა და მთავართა დამცინავი შეძახილები:“სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას” (მათ. 27:42). იაკობის მსგავსად შეეჭიდებიან ისინი ღმერთს. მათი თვალებიდან დაძაბული შინაგანი ბრძოლა გამოსჭვივის. ყველას გაფითრებული სახეები აქვს. ისინი კი მაინც განაგრძობენ ლოცვავედრებას უფლის წინაშე. დბ 399.2

ადამიანებს რომ სულიერი თვალები გააჩნდეთ, ქრისტეს სიტყვის მოთმინებით დამცველთა გარშემო დაინახავდნენ უძლიერეს ანგელოზებს. ეს ციური არსებები მათ ტანჯვას დიდი თანაგრძნობითა და სიყვარულით ადევნებენ თვალყურს და ესმით მათი ლოცვები. ისინი მხოლოდ თავისი მბრძანებლის სიტყვას ელიან, რათა ეს ადამიანები საფრთხისაგან გაათავისუფლონ. მაგრამ მათ ცოტა ხნის ლოდინი კიდევ მოუწევთ, რადგან ბოლომდე უნდა შესვან თავიანთი ფიალა და ნათლიღებით უნდა მოინათლონ. და სწორედ ეს დაყოვნება, რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს იგი, საუკეთესო პასუხია მათ ლოცვებზე. ნდობით მომლოდინენი უფლის ქმედების დაწყებამდე სწავლობენ რწმენის, იმედისა და მოთმინების გამოვლენას, რაც ხშირად აკლდათ სულიერ ცხოვრებაში. მაგრამ მწუხრის დღეები რჩეულთათვის შემოკლდება.”განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამე მას შეhღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით:“მალე დაიცავს მათ” (ლუკ. 18:7,8). აღსასრული უფრო მალე დადგება, ვიდრე ისინი ფიქრობენ. ხორბალი ძნებად შეიკვრება უფლის ბეღლისათვის, სარეველა კი - დასაწვავად. დბ 399.3

ზეციური გუშაგნი ერთგულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ფხიზლობენ. თუმცა ბრძანებით უკვე განსაზღვრულია უფლის მცნებების დამცველთა სიკვდილით დასჯის დრო, მაგრამ მტრები უფრო ადრე შეეცდებიან განაჩენის სისრულეში მოყვანას. თუმცა ვერავინ შეაღწევს ყოველი ერთგული სულის დამცველთა ძლიერ რიგებში. სოფლებიდან და ქალაქებიდან გაქცევის დროს ზოგიერთ მათგანზე თავდასხმა მოხდება, მაგრამ მათ წინააღმდეგ აღმართული მახვილი ჩალის ღეროსავით გადატყდება და ძირს დაეცემა. სხვებს კი ანგელოზები დაიცავენ მეომრების სახით. დბ 399.4

ღმერთი ყველა საუკუნეში აგზავნიდა ანგელოზებს თავისი ხალხის დასაცავად და გასათავისუფლებლად. ზეციური არსებები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ადამიანთა ცხოვრებაში. ზოგჯერ ისინი ბრწყინვალედ შემოსილნი ჩნდებოდნენ; ზოგჯერ - ჩვეულებრივ მოგზაურებად. ადამიანთა სახით ეცხადებოდნენ უფლის წინასწარმეტყველთ, ისვენებდნენ შუადღისას ფოთლოვანი ხეების ჩრდილში, როგორც დაქანცული მგზავრები, სარგელობდნენ ადამიანთა სტუმართმოყვარეობით, გზას უჩვენებდნენ ღამით გარეთ დარჩენილ მგზავრებს. თავიანთი ხელებით ანთებდნენ სამსხვერპლოს ცეცხლს; აღებდნენ დილეგის კარებს და ათავისუფლებდნენ ღვთის შვილთ; ისინი ზეციურ სამოსელში გამოწყობილნი ჩამოვიდნენ მაცხოვრის აკლდამის კარიდან ლოდის გადასაგორებლად. დბ 400.1

ანგელოზები ადამიანთა სახით ხშირად ესწრებიან მართალთა კრებებს. მიდიან უწმიდურთა კრებებზედაც, როგორც ოდესღაც მივიდნენ სოდომში მის მცხოვრებთა საქმეების ჩასაწერად და იმის გადასაწყვეტად, გადააბიჯეს თუ არა მათ ღვთის მოთმინების ზღვარს. უფალს უყვარს მოწყალების გაცემა და თავის მცირერიცხოვან გულწრფელ მორწმუნეთა გამო იგი დიდხანს იკავებს თავს მათი დასჯისაგან და ახანგრძლივებს მრავალი ადამიანის სიმშვიდეს. მათ, ვინც ღმერთის წინააღმდეგია, არ იციან, რომ თავიანთი სიცოცხლისათვის იმ მცირერიცხოვან ღვთის ერთგულ შვილებს უნდა ემადლიერებოდნენ, რომელთაც ხშირად დასცინიან და ავიწროებენ. დბ 400.2

ძლიერნი ამა სოფლისა ვერ ხვდებიან იმას, რომ მათ შეკრებებზე ხშირად გამოდიან ანგელოზები. ადამიანები უყურებენ მათ, ისმენენ მათ საუბარს, აკრიტიკებენ და დასცინიან მათ წინადადებებს, აბუჩად იგდებენ და შურაცხყოფენ კიდეც. სათათბიროზე და სასამართლო დარბაზებში ეს ზეციური მაცნეები კაცობრიობის ისტორიის ღრმა ცოდნას ავლენენ. ისინი ამტკიცებენ, რომ უკეთესად შეუძლიათ ჩაგრულთა დაცვა, ვიდრე ყველაზე ნიჭიერ და მჭევრმეტყველ ვექილებს. ისინი ანგრევენ მზაკვრულ გეგმებს და აკავებენ ბოროტებას, რომელიც ხელს შეუშლის უფლის საქმეებს და ტანჯვას მოუტანს მის ხალხს. საფრთხისა და უბედურების ჟამს”დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ” (ფს. 33:8). დბ 400.3

ღვთის შვილები იმედით ელიან თავისი მეუფის მოსვლის ნიშნებს. როდესაც დარაჯებს ეკითხებიან:“ღამის რომელია?” ისინი უყოყმანოდ პასუხობენ:“დილა დგება და ღამეა მაინც” (ეს. 21:11,12). მთის მწვერვალებთან თავმოყრილი ღრუბლები უკვე განთიადის ნათლითაა შემოსილი. მალე გამოჩნდება მისი დიდება და სიმართლის მზე ამობრწყინდება. დილა - მართალთათვის - უსასრულო დღის დასაწყისი, და ბინდი - საუკუნო ღამე - უწმიდურთათვის - მოახლოვდა. დბ 400.4

როდესაც ღვთის შვილები თავიანთ ლოცვებში განაგრძობენ უფალთან შეჭიდებას, მათგან უხილავის დამფარველი რიდე იხსნება. ზეცა მარადიული დღის განთიადით ბრწყინავს და მათ ესმით სიტყვები, ვითარცა მრავალ ანგელოზთა გუნდის ხმა:“იყავით მტკიცენი თქვენს სასოებაში. თქვენი ხსნა ახლოვდება”. ქრისტემ, ყოვლისშემძლემ და გამარჯვებულმა, თავის ტანჯულ მეომრებს უკვდავი დიდების გვირგვინი მოუმზადა. ზეცის გახსნილი კარიდან მათ ესმით მისი ხმა:“მე თქვენთან ვარ. ნუ გეშინიათ. მე ვიცი თქვენი მწუხარება. მე ვიტვირთე თქვენი ტანჯვანი. თქვენ ებრძვით იმავე მტრებს, რომელთაც მე. მე თქვენთვის ვიბრძოდი და თქვენც ჩემი სახელისათვის გამარჯვებულზე მეტი ხართ”. დბ 400.5

მაცხოვარი ჩვენს დასახმარებლად ყველაზე საჭირო მომენტში მოვა. ზეცისკენ მიმავალი გზა მისი ნაკვალევითაა განათებული. ეკლებმა, რომელმაც დააწყლულეს ჩვენი სხეული, მასაც მიაყენეს ჭრილობა. ის მძიმე ჯვარი, რომლის ტარებაც უფალმა დაგვავალა, პირველად მან ატარა. უფალმა დაუშვა ბრძოლა, რათა მოგვიმზადოს სულის სიმშვიდე. მწუხრის ჟამი - ეს ღვთის ხალხის სასტიკი გამოცდაა, მაგრამ ამ დროს ყოველმა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა აიხედოს მაღლა, რათა რწმენით დაინახოს აღთქმის ცისარტყელა, რომელიც მას გარს არტყია. დბ 401.1

`უფლის გამოსყიდულნი მობრუნდებიან და გახარებულნი მოვლენ სიონზე; მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე, ლხენას და სიხარულს ეწევიან, ვაება და კვნესა კი უკუიქცევა. მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინ ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება? დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი და გეშინია მუდამდღე, გამუდმებით, მჩაგვრელის რისხვისა, დასაღუპავად რომ ემზადება, მაგრამ სად არის მჩაგვრელის რისხვა? მალე გათავისუფლდება დამონებული, არ მოკვდება დილეგში და არ მოაკლდება პური. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც აღელვებს ზღვას და ბობოქრობენ მისი ზვირთები. ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ჩავდევი ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე” (ეს. 51:11-16). დბ 401.2

`ამიტომ გაიგონე ეს, ბედშავო, მთვრალო, მაგრამ უღვინოდ! ასე ამბობს შენი მეუფე და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავის ხალხისა: აhა, გართმევ შენი ხელიდან სიბრუვის თასს, ფიალას, თასს ჩემი რისხვისა, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი. და ხელში მივცემ მას შენს მტანჯველებს, რომლებიც გეუბნებოდნენ:“დაწექი, რომ გადაგიაროთ” და შენც მიწასავით გახადე შენი ზურგი და ქუჩასავით - გამვლელთათვის” (ეს. 51:21-23). დბ 401.3

უფლის თვალმა საუკუნეთა მიღმა განჭვრიტა მისი ხალხისათვის მოახლოებული კრიზისი, როდესაც ძლიერნი ამა სოფლისა აღდგებიან მის წინააღმდეგ. გაძევებული ტყვეების მსგავსად, ისინი შიმშილისა და ძალადობის შიშის ქვეშ იქნებიან. მაგრამ უწმიდესი, რომელმაც მეწამული ზღვა ორად გაყო ისრაელიანთა წინაშე, თავისი ძლიერებით გაათავისუფლებს მათ.”ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს” (მალ. 3:17). ამ დროს ქრისტეს ერთგულთა სისხლი რომ დაღვრილიყო, არ იქნებოდა ის თესლი, რომელიც მოწამეთა სისხლის მსგავსად გამოიღებდა ნაყოფს უფლის მკისთვის. მათი ერთგულება არ იქნებოდა ჭეშმარიტების მოწმობა სხვებისათვის, რადგან მოწყალების ტალღები მათ გაქვავებულ გულს შეასკდებოდა და უკან აღარ დაბრუნდებოდა. ახლა მართლების მტრის ხელში ჩავარდნა დიდად გაახარებდა ბნელეთის მეუფეს. მეფსალმუნე ამბობს:“რადგან შემიფარავს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარავის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს” (ფს. 26:5). ქრისტე ამბობს:“წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენთქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს. რადგან, აhა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის” (ეს. 26:20,21). საოცარი იქნება მათი ხსნა, ვინც მოთმინებით ელოდა მის გამოჩენას და ვისი სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. დბ 401.4