დიადი ბრძოლა
დიადი ბრძოლა
თავი 1 - იერუსალიმის დანგრევა
`ნეტავ ამ დღეს შენც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენ თვალთაგან. რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან არ შეიცანი შენი მონახულების ჟამი” (ლუკ. 19:42-44). დბ 4.1
ზეთისხილის მთის მაღლობიდან დასცქეროდა იესო იერუსალიმს, მის წინაშე მშვენიერი, მშვიდი ხედი გადაშლილიყო. მოახლოვდა პასექი და გროვდებოდნენ იაკობის შვილები ქვეყნის ყოველი კუთხიდან ამ უდიდეს ეროვნულ დღესასწაულზე. ბაღებს, ვენახებსა და ამწვანებულ ფერდობებს შორის, სადაც მოგზაურთა კარვები იყო გაშლილი, მოჩანდა ტერასების მსგავსი ამაღლებული გორაკები, უმშვენიერესი სასახლეები და ისრაელის დედაქალაქის სქელი კედლები. თითქოს სიონის ასული ამაყად ამბობდა:“დედოფლად ვზივარ და არ ვიხილავ სიმწარეს”. მას მოსწონდა საკუთარი თავი და დარწმუნებული იყო ზეცის მფარველობაში, როგორც მაშინ, მრავალი წლის წინათ, როდესაც მეფის მეფსალმუნეს აღმოხდა:“ლამაზი მაღლობი სიხარული მთელი ქვეყნიერებისა - მთა სიონი... ქალაქი დიდი მეფისა” (ფს. 47:3). რა წარმტაც სანახაობას წარმოადგენდა ტაძრის დიდებული ნაგებობა! ჩამავალი მზის სხივები ანათებდა მის თოვლივით თეთრ მარმარილოს კედლებს და ირეკლებოდა მოოქროვილ კარიბჭეზე, თაღებსა და კოშკებზე. ეს იყო”სილამაზის სრულყოფილება”, იუდეველთა სიამაყე. ისრაელის რომელ შვილს შეეძლო სიხარულისა და აღტაცების გარეშე ემზირა ამ სილამაზისათვის? მაგრამ იესოს სულ სხვა ფიქრები აღელვებდა.”როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო” (ლუკ. 19:41). ათასობით ადამიანთა საყოველთაო აღტკინებაში, რომლებიც მას პალმების ტოტებით ხელში ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ, როგორც მეფეს, იმ წუთებში, როდესაც საზეიმო შეძახილები - “ოსანა!” - ექოდ მეორდებოდა მთებში, წუთისოფლის მხსნელი უეცარ და ფარულ მწუხარებას მოეცვა. ის, უფლის ძე, აღთქმული მესია, რომლის ძალაუფლებაც სიკვდილს ამარცხებდა და სამარხებიდან ათავისუფლებდა ტყვეებს - ტიროდა, და ეს არ იყო ჩვეულებრივი მწუხარების ცრემლები, არამედ, ეს იყო აუტანელი, ენით გამოუთქმელი ტანჯვის ცრემლები. დბ 4.2
იგი საკუთარ თავზე არ ტიროდა, თუმცა მშვენივრად იცოდა, რაც აქ ელოდა. მის წინაშე გადაშლილიყო გეთსიმანია, - სადაც წარმოუდგენელი სულიერი ტანჯვა უნდა განეცადა. იგი ხედავდა ცხვრის კარიბჭეს, რომლითაც საუკუნეთა განმავლობაში შეhყავდათ სამსხვერპლო ცხოველები და რომელიც თვითონაც უნდა გაევლო, როგორც დასაკლავ კრავს (იხ. ეს. 53:7). არც თუ ისე შორს აღმართულიყო გოლგოთა - მისი ჯვარცმის ადგილი. და ქრისტემ სულ მალე უნდა განვლოს ეს გზა, სადაც საშინელი სიბნელე ჩამოწვება, როდესაც მისი სული მსხვერპლად შეიწირება ცოდვის გამო. მაგრამ არც ამ მძიმე სცენების წარმოდგენას გამოუწვევია ამდენი ტკივილი მის გულში. არაადამიანური ტანჯვის მოახლოების წინათგრძნობას არ დაურღვევია მისი სიყვარულით აღსავსე სულის სიმშვიდე; იგი ტიროდა იერუსალიმის დასაღუპად განწირულ ადამიანებზე, რომელთაც უარყვეს მისი ხსნის მადლი და არ ისურვეს მონანიება. დბ 4.3
იესოს თვალწინ გადაეშალა ისტორია იუდეველი ხალხისა, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში უფლის რჩეული ერის უპირატესობითა და კურთხევით სარგებლობდა. აი, მორიას მთა, სადაც აღთქმის ძე, მორჩილი მსხვერპლი, შეკრული იწვა სამსხვერპლოზე, როგორც უფლის ძის მსხვერპლის სიმბოლო. სწორედ აქ იქნა განმტკიცებული შეწყალების აღთქმა მესიის შესახებ ყოველი მორწმუნის მამის წინაშე (დაბ. 22:9,16-18). იქ ორნანის კალოს სამსხვერპლოდან ცად აღწეულმა ცეცხლმა შემმუსვრელ ანგელოზს მახვილი ხელიდან გააშვებინა (1ნეშტ. 21), რაც მაცხოვრის მსხვერპლისა და მისი ცოდვილთათვის შუამდგომლობის სიმბოლო იყო. დედამიწის სხვა ადგილებთან შედარებით იერუსალიმი ყველაზე მეტად იყო განდიდებული უფლის მიერ.”ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის” (ფს. 131:13). აქ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში წმიდა წინასწარმეტყველთ ადამიანებთან უფლისაგან გაფრთხილების სახარება მოhქონდათ. აქ მღვდლები საკმეველს აკმევდნენ და საკმეველთან ერთად ლოცვებს აღავლენდნენ. აქ ყოველდღიურად იღვრებოდა დაკლულ ცხოველთა სისხლი, რომელიც ღვთის ძეზე მიუთითებდა. აქ უფალი დიდების ღრუბლით გადმოდიოდა აღთქმის კიდობნის სახურავზე. აქ იყო საიდუმლო კიბის ფუძე, რომელიც დედამიწას ზეცასთან აკავშირებდა (დაბ. 28:12; იოან. 1:51) - იმ კიბისა, რომლითაც ჩამოდიან და ადიან ღვთის ანგელოზები და რომელიც წუთისოფელს კარს უხსნის სიწმიდისაკენ. ისრაელის ხალხს უფლის ერთგულება რომ შეენარჩუნებინა, იერუსალიმი საუკუნოდ დარჩებოდა ღვთის რჩეულ ქალაქად (იერ. 17:21-25). მაგრამ ამ ოდესღაც რჩეული ხალხის ისტორია მხოლოდ განდგომილებისა და ამბოხების ნაღვლიან ნოველად დარჩა. მან უარი თქვა ზეციურ მადლზე, ბოროტად გამოიყენა მიღებული უპირატესობანი და გულგრილად მოეკიდა თავის შესაძლებლობებს. დბ 4.4
თუმცა ისრაელიანები”აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მათ სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს” (2ნეშტ. 36:15,16), უფალი მაინც ისევ”მწყალობელ და შემბრალებელ, სულგრძელ, დიდმადლიან და ჭეშმარიტ ღმერთად” რჩებოდა (გამოს. 34:6). იუდეველები ხშირად უარყოფდნენ ღმერთს, მაგრამ მისი მადლი მაინც არ ტოვებდა მათ. მშობლიური თანაგრძნობით”უფალი, მათი მამაპაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი” (2ნეშტ. 36:16,15). და მას შემდეგ, რაც გაფრთხილება, მუდარა და შეგონება ამაო გამოდგა, მან ყველაზე ძვირფასი ზეციური ძღვენი გამოგზავნა და ამ ძღვენში ჩააქსოვა მთელი ზეცა. დბ 5.1
განდგომილი ქალაქის მოქცევისათვის თავად ღვთის ძე იქნა გამოგზავნილი. ეს ქრისტემ გამოიყვანა ეგვიპტიდან ისრაელი, როგორც კეთილი ვაზი (ფს. 79:9). მისმა ხელმა განდევნა წარმართნი მათგან. ეს მან დარგო ისინი”ნაყოფიერ გორაკზე” (ეს. 5:1-4). თავისი ზრუნვით შემოღობა და საკუთარი მსახურნი გამოგზავნა მის მოსავლელად.”კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისათვის? - ამბობს იგი - და რა დავაკელი?” და თუმცა უფალი”სავსე მტევნებს” ელოდა, მან კი”ხენეში ნაყოფი გამოიღო”, მაინც არ კარგავდა ნაყოფის მიღების იმედს და თავად ეწვია თავის ვენახს, რათა შესაძლებლობის ფარგლებში გადაერჩინა საბოლოო დაღუპვისაგან. დაბარა, ქვები მოაცილა და უვლიდა მას. იგი დაუღალავად ცდილობდა მისივე დარგული ვაზის გადარჩენას. დბ 5.2
ნათლისა და დიდების უფალი სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა თავის ხალხში. “დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს”. იგი მოვიდა” გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, გლახაკთა სახარებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად”, ბრმებისა და ხეიბრების განსაკურნავად, მკვდრების აღსადგენად და ღატაკთა სახარებლად (საქ. 10:38; ლუკ. 4:18; მათ. 11:5). მისი მოწყალების ხმა ყველა ადამიანისადმი იყო მიმართული:“მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათ. 11:28). დბ 5.3
მიუხედავად იმისა, რომ მის სიკეთეს ბოროტებით პასუხობდნენ, ხოლო სიყვარულს - სიძულვილით (ფს. 108:5), ის წარბშეუხრელად განაგრძობდა თავისი მოწყალების საქმის კეთებას. იგი თავის მადლს აძლევდა ყველას, ვისაც ის ესაჭიროებოდა. უსახლკარო ხიზანი, რომლის ყოველდღიური ხვედრი იყო დაცინვა და ლანძღვა, მოვიდა, რათა ადამიანებს მიეღოთ სიცოცხლის ძღვენი. უფლის მადლის ტალღები, რომლებსაც ასე ჯიუტად უკუაგდებდნენ, კვლავ უბრუნდებოდათ თანაგრძნობისა და ენით გამოუთქმელი სიყვარულის ძლიერ ნაკადად. მაგრამ ისრაელმა უარყო თავისი საუკეთესო მეგობარი და ერთადერთი შემწე. იუდეველებმა ზიზღით უპასუხეს მის სიყვარულს, უარყვეს მისი რჩევები და დასცინეს მის გაფრთხილებებს. დბ 6.1
მაგრამ მადლისა და იმედის დრო მალე იწურებოდა; უფლის მოთმინების ფიალა თითქმის აივსო. უბედურებისა და ტანჯვის ღრუბლები, რომლებიც მათი განდგომილებისა და ამბოხების მრავალ საუკუნეთა განმავლობაში გროვდებოდა, ჭექაქუხილივით თავს უნდა დასტყდომოდა დანაშაულის ჩამდენ ხალხს. და ის, ქრისტე, იყო ერთადერთი, რომელსაც შეეძლო მათი გადარჩენა მოსალოდნელი უბედურებისაგან და მასაც, უარყოფილს და აბუჩად აგდებულს, ახლა სამარცხვინო ჯვარცმა ელოდა. გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმით მთავრდებოდა წყალობისა და მადლის დრო ისრაელისათვის, როგორც რჩეული ხალხისათვის. თუკი ერთი სულის დაღუპვა - უდიდესი დანაკარგი და ყველა საგანძურზე და სიმდიდრეზე უფრო მეტია, აქ, იესოს წინაშე, გადაშლილიყო დასაღუპად განწირული მთელი იერუსალიმი. მან იცოდა, რა მოელოდა ამ ქალაქს და მთელ ერს, რომელიც ოდესღაც თავისთვის აირჩია, როგორც განსაკუთრებული განძი. დბ 6.2
წინასწარმეტყველნი დასტიროდნენ ისრაელის განდგომილებას და იმ საშინელ გასაჭირს, რომელიც თავს დაატყდა მას ცოდვებისათვის. იერემია ნატრობდა, რომ მისი თვალები ცრემლის წყაროდ ქცეულიყვნენ, რათა დღე და ღამ დაეტირა თავისი ერის დაღუპული ასულნი და ტყვედ წაყვანილი უფლის სამწყსო (იერ. 9:1; 13:17). რაზე ტიროდა ის, რომლის წინასწარმეტყველური მზერა მოიცავდა არა წლებს, არამედ საუკუნეებს? იგი ხედავდა შემმუსვრელ ანგელოზს ქალაქზე აღმართული მახვილით ხელში, იმ ქალაქზე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ღმერთის სამყოფელი ადგილი იყო. ზეთისხილის მთის ფერდობიდან, რომელიც შემდგომში ტიტეს და მისი არმიის მიერ იქნა დაკავებული, ქრისტე გასცქეროდა ტაძრის წმინდა ეზოებსა და კარიბჭეებს, ცრემლით დაბინდული თვალებით ხედავდა უცხო ჯარით გარშემორტყმულ ქალაქის კედლებს და მის საშინელ ხვედრს, ესმოდა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ცხენების თქარათქური, დედათა და შვილთა ცრემლიანი ვედრება, ალყაშემორტყმულ ქალაქში პურს რომ ითხოვდნენ; ხედავდა იერუსალიმის დიდებულ ტაძარს, სასახლეებსა და კოშკებს, ცეცხლის ალში გახვეულს და კვამლიანი ნანგრევების გროვად ქცეულს. დბ 6.3
უფრო შორს, საუკუნეთა მიღმა, ქრისტე აღთქმის ხალხს ხედავდა მთელი დედამიწის ზურგზე მიმოფანტულს”ზღვის უკაცრიელ ნაპირზე გამორიყული დამსხვრეული გემის ნაფოტების მსგავსად”. და იმ ნაწილობრივ შურისგებაში, რომელიც მალე თავს უნდა დასტყდომოდა ისრაელს, იგი მძვინვარების თასიდან გადმოღვრილ მხოლოდ პირველ წვეთებს ამჩნევდა, რომელიც ისრაელს სრულად უნდა შეესვა უკანასკნელი სამსჯავროს დადგომისას. თავისი ღვთიური თანაგრძნობა და სიყვარული ამ მწუხარებით აღსავსე სიტყვებში გამოხატა:“იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცავო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან წარმოგზავნილთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ” (მათ. 23:37). ჩემო რჩეულო ხალხო! შენ რომ გცოდნოდა ჟამი წყევლისა, ან ის, თუ ვისი დამსახურებაა შენი სიმშვიდე! მე ჯერ კიდევ ვაკავებ სამართლიანობის ანგელოზს. მონანიებისაკენ მოგიწოდებ... მაგრამ ამაოდ. შენ უარhყავი არა მარტო მსახურნი, მაცნენი და წინასწარმეტყველნი, არამედ უარhყავი და აბუჩად აიგდე ისრაელის სიწმიდე, შენი გამომსყიდველი. და შენ თვითონ ხარ მიზეზი შენი დაღუპვისა.”თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რათა სიცოცხლე გქონდეთ” (იოან. 5:40). დბ 6.4
ქრისტე იერუსალიმში ჭვრეტდა თავის ურწმუნოებასა და აღშფოთებაში გაქვავებული მთელი მსოფლიოს პირველსახეს, უფლის შურისგებისა და სამსჯავროსაკენ სწრაფად მიმავალს. მთელი თავისი არსებით გრძნობდა დაცემული ადამიანის ტანჯვას... და მის ბაგეს მწარე გმინვა აღმოხდა. იგი ადამიანის მწუხარებაში, ცრემლსა და სისხლში ცოდვის ნაკვალევს ხედავდა. მისი გული ყველა დამწუხრებულისა და უბედურის მიმართ უსაზღვრო თანაგრძნობით იყო გამსჭვალული; მას ყველას დახმარება და ტვირთის შემსუბუქება სურდა. მაგრამ მის ყოვლისშემძლე ხელსაც კი არ შეეძლო ადამიანური ვარამის ნაკადის შეჩერება, რადგან ძალზე ცოტანი მიმართავენ დახმარების ამ ერთადერთ წყაროს. იგი მოკვდება მათი გადარჩენისათვის, მაგრამ ცოტანი მივლენ მასთან სიცოცხლის მისაღებად. დბ 7.1
ზეცის დიდება ტირის!!! უსასრულო ღმერთის ძე სულიერ ტანჯვას განიცდის! ამ სცენამ მთელი ზეცა გააოგნა. ყოველივე ეს ცოდვის განსაკუთრებულ სიმძიმეზე მიუთითებს. ყოვლისშემძლე უფლისთვისაც კი რა ძნელი იყო ურჯულოს ხსნა უფლის კანონის დარღვევის შედეგებისაგან. თავისი წინასწარმეტყველური თვალით იგი საუკუნეების მიღმა ხედავდა წუთისოფელს, შეპყრობილს იმავე სენით, რომელიც თავის დროზე იერუსალიმის დაღუპვის მიზეზი გახდა. იუდეველთა ყველაზე დიდი ცოდვა იყო ქრისტეს უარყოფა. ხოლო მთელი ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ცოდვა მდგომარეობს უფლის კანონის, როგორც ზეციური და მიწიერი მმართველობის საფუძვლის, დაგმობაში! ღმერთის წესებს უარყოფენ და შეიძულებენ. მილიონობით ადამიანს ადევს ცოდვის ბორკილები. ისინი, სატანის ტყვეები, მეორე სიკვდილისათვის განწირულნი, არ მიიღებენ ჭეშმარიტების სიტყვებს მათი”წვევის” დროს. რა საშინელი შეცდომაა! რა გულის გამგმირავი სიბრმავე! დბ 7.2
პასექის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე ქრისტე უკანასკნელად მივიდა ტაძარში და იუდეველთა მთავრები ფარისევლობაში ამხილა. ტაძრიდან იგი თავის მოწაფეებთან ერთად ზეთისხილის მთაზე ავიდა და ბალახით დაფარული ფერდობიდან ათვალიერებდა ქალაქს. გაhყურებდა მის კედლებს, კოშკებსა და სასახლეებს და კვლავ ხედავდა ტაძრის დამაბრმავებელ დიდებულებას, რომლის ნათელი ამ წმიდა მთას გვირგვინივით ადგა თავზე. დბ 7.3
ღმერთს, რომელმაც ეს ტაძარი თავის საცხოვრებლად გაიხადა, ათასი წლის წინ მეფსალმუნე ქებადიდებას ასხამდა ისრაელის მიმართ თავისი წყალობის გამო.”და იყო იერუსალიმში მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში”.”ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა. მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი” (ფს. 75:3; 77:68,69). პირველი ტაძარი აშენებული იქნა ისრაელის ისტორიის ყველაზე დიდი წარმატების პერიოდში. ამ მიზნისათვის მეფე დავითმა უამრავი განძეული მოაგროვა და ღვთის სულის ხელმძღვანელობით ყველაფერი მოამზადა მშენებლობისათვის (1ნეშტ. 28:12;19). სოლომონმა, ისრაელის ყველაზე ბრძენმა მეფემ, დაასრულა ეს სამუშაო. ეს ტაძარი ერთერთი საოცარი ნაგებობა იყო მთელი დედამიწის ზურგზე. მაგრამ უფალმა მეორე ტაძრის შესახებ ანგია წინასწარმეტყველის პირით თქვა:“პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება”.”შევარყევ ყველა ხალხს და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი” (ანგ. 2:9,7). დბ 7.4
ნაბუქოდონოსორის მიერ პირველი ტაძრის დანგრევის შემდეგ იგი ქრისტეს დაბადებამდე 500 წლით ადრე კვლავ აღდგენილი იქნა იმ ხალხის მიერ, რომელიც ხანგრძლივი ტყვეობიდან დაბრუნდა თავის გაძარცვულ და გაუდაბურებულ მიწაზე. მათ შორის იყვნენ მოხუცები, რომელთაც ახსოვდათ სოლომონის ტაძრის დიდება და რომელნიც მწარედ ტიროდნენ ახალი ტაძრის საძირკვლის ჩაყრისას, რომელიც ალბათ, ვერ იქნებოდა პირველივით დიდებული. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით ნათლად აღწერს მათ სულიერ მდგომარეობას:“ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში!” (ანგ. 2:3; ეზრ. 3:12). სწორედ მაშინ მიეცათ მათ აღთქმა, რომ ეს ტაძარი პირვანდელზე დიდებული იქნება. დბ 8.1
მაგრამ მეორე ტაძარი თავისი დიდებულებით ვერ შეედრებოდა პირველს და არ ღირსი გამხდარა თვალით ხილული ღვთიურობის ნიშნებისა ისე, როგორც პირველი. მეორე ტაძრის კურთხევა არ აღინიშნა ზებუნებრივი ძალის გამოვლენით, როგორც ეს პირველ ტაძარში ხდებოდა. დიდების ღრუბელმა არ აავსო ახალი საწმიდარი და ციდან ჩამოსულმა ცეცხლმა არ შთანთქა სამსხვერპლოზე დადებული მსხვერპლი. უფლის დიდების ღრუბელი აღარ ივანებდა ქერუბიმებს შორის წმიდათაწმიდაში; აღარ იყო აღთქმის კიდობანი, არც მადლის ტახტი, არც აღთქმის ფიქალები. აღარც მღვდელმთავრის ლოცვაზე ისმოდა ზეციდან პასუხები უფლის ნების გასაგებად. დბ 8.2
საუკუნეთა განმავლობაში იუდეველები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ანგია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი უფლის აღთქმა უკვე აღსრულდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო: ურწმუნოებამ და სიამაყემ მათ გონება დაუბნელა და წინასწარმეტყველური სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა მათთვის ამოუცნობი დარჩა. მეორე ტაძარი იყო განწმედილი არა ღვთის დიდების ღრუბლით, არამედ იმის უშუალო ყოფნით, ვისშიც ღვთიურობის სისავსე იყო, ვინც იყო ღმერთი, მოსული ხორცში.”ყველა ხალხის ნანატრი”, იგი ტაძარში მოვიდა, როგორც უბრალო ადამიანი ნაზარეთიდან, ასწავლიდა და კურნავდა მის წმიდა ეზოში. მასში ქრისტეს უშუალო ყოფნით, და მხოლოდ ამით იყო მეორე ტაძარი პირვანდელზე დიდებული. მაგრამ ისრაელმა უარყო ზეცით ბოძებული ძღვენი. იმ დღეს თავმდაბალ მოძღვართან ერთად ტაძარი უფლის დიდებამაც დატოვა. ამგვარად აღსრულდა მაცხოვრის სიტყვები:“აhა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად” (მათ. 23:38). დბ 8.3
მოწიწების თრთოლვითა და გაოცებით უსმენდნენ უფლის მოწაფეები ქრისტეს წინასწარმეტყველებას ტაძრის დანგრევის შესახებ. მათ სურდათ უფრო ღრმად ჩაწვდომოდნენ მისი სიტყვების მნიშვნელობას. 40 წლის განმავლობაში სიმდიდრე, შრომა და ხელოვნება იყო ამ ტაძრის მშვენება. დიდი hეროდე უხვად უძღვნიდა ტაძარს შესაწირავს რომისა და იუდეას საგანძურებიდან და თვით რომის იმპერატორიც ამდიდრებდა მას საჩუქრებით. რომიდან ტაძრის მშენებლობისათვის წამოღებულ იქნა უზარმაზარი თეთრი მარმარილოს ფილები, ზოგიერთი მათგანი ზღაპრულად დიდი იყო და მიუთითეს რა მათზე, მოწაფეებმა მაცხოვარს უთხრეს:“შეხედე, მოძღვარო, რა ქვებია და რა შენობები!” (მარკ. 13:1). დბ 8.4
მათ ნათქვამს იესომ პასუხი გასცა სიტყვებით, რომლებმაც ყველას თავზარი დასცა:“ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ; ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ გადაიქცეს” (მათ. 24:2,3). დბ 9.1
იერუსალიმის დანგრევას მოწაფეები უკავშირებდნენ ქრისტეს მოსვლას, როდესაც იგი, მიწიური დიდებით შემოსილი, ბოლოს მოუღებდა რომაელთა ბატონობას, დასჯიდა ურჩ იუდეველთ და თავად გახდებოდა სრულუფლებიანი მეუფე. უფალი ადრეც აფრთხილებდა მათ თავისი მეორედ მოსვლის შესახებ. ამიტომ იერუსალიმის დანგრევა მათ დედამიწაზე მის მეორედ მოსვლას დაუკავშირეს და როდესაც ზეთისხილის მთაზე თავიანთი მაცხოვრის გარშემო დასხდნენ, hკითხეს:“როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?” (მათ. 24:2,3). დბ 9.2
უფლის მოწყალე ხელმა დაუმალა მათ მომავალი. მოწაფეებს თავზარი დაეცემოდათ შიშისაგან, იმ დროს სრულად რომ შეეცნოთ ეს საშინელი მოვლენები - მაცხოვრის ტანჯვა და სიკვდილი და მათი ქალაქისა და ტაძრის დანგრევა. ქრისტემ მიუთითა მრავალ ნიშანზე და მოვლენაზე, რომლებიც მოხდებოდა ბოლო ჟამის წინა პერიოდში. მისი სიტყვები მათთვის მთლად გასაგები არ იყო მაშინ, მაგრამ მისი მნიშვნელობა თანდათან უნდა გახსნოდა მის ხალხს, რომელთაც სჭირდებოდათ ეს რჩევადარიგებანი. ქრისტეს წინასწარმეტყველება ერთდროულად ორ აზრს ატარებდა: მიუთითებდა რა იერუსალიმის დანგრევაზე, ამავე დროს, ბოლო ჟამის საშინელებათა სიმბოლოც იყო. დბ 9.3
იესომ მოწაფეებს მოუთხრო იმ სამსჯავროს შესახებ, რომელიც თავს დაატყდებოდა განდგომილ ისრაელს და განსაკუთრებით მიუთითა შურისგებაზე მესიის უარყოფისა და ჯვარცმის გამო. ამ თავზარდამცემი საათის წინ მოხდებოდა უტყუარი ნიშნები, ხოლო ეს საშინელი მომენტი დადგებოდა მოულოდნელად და შეუმჩნევლად. და მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები:“ამგვარად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს, - წამკითხველმა გაიგოს - მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ” (მათ. 24:15-16; ლუკ. 21:20). როდესაც წარმართული რომის დროშები წმიდა მიწაზე ქალაქის კედლებიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით აღიმართება, ქრისტეს მიმდევრებმა თავს გაქცევით უნდა უშველონ. ამ ნიშანს უნდა დაემორჩილოს ყველა იუდეველი და იერუსალიმის მცხოვრები. იმ დროს ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან ძვირფასეულობის გამოსატანად. ვინც ვენახში იქნება სამუშაოდ, არ დაბრუნდეს იმ ადგილას, სადაც მათი ტანსაცმელი დევს, რომელიც გაიხადეს მცხუნვარე მზის ქვეშ მუშაობისას. თუკი არ სურთ გაიზიარონ საერთო უბედურება, არც ერთი წამი არ უნდა დაკარგონ. დბ 9.4
hეროდეს მეფობის დროს იერუსალიმი განთქმული იყო არა მარტო თავისი სილამაზით, არამედ ძლიერი კედლებით, გამძლე კოშკებით, ციხესიმაგრეებით, მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობით და ყოველივე ეს აუღებელს ხდიდა მას. ყოველს, ვინც გაბედავდა და იწინასწარმეტყველებდა მის დანგრევას, ნოეს მსგავს შეშლილს უწოდებდნენ. მაგრამ ქრისტემ თქვა:“ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ” (მათ. 24:35). იუდეველთა ცოდვებმა გამოიწვიეს ღვთის რისხვა იერუსალიმზე, მათმა ჯიუტმა ურწმუნოებამ კი მათი ბედი გადაწყვიტა. დბ 9.5
უფალმა მიქა წინასწარმეტყველის პირით თქვა:“ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ. სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს.მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო” (მიქა 3:9-11). დბ 9.6
ეს სიტყვები სამართლიანად აღწერენ იერუსალიმის მცხოვრებთა გარყვნილებასა და მოჩვენებით სიმართლეს, რომლებიც ტრაბახობდნენ უფლის კანონის გულმოდგინე დაცვით და ამავე დროს არღვევდნენ ყველა მცნებას. მათ სძულდათ ქრისტე, რადგან მისი უმანკოება და სიწმიდე ამხილებდა მათ უწმიდურებას და ყველა უბედურებაში, რომელიც თავს დაატყდათ საკუთარი ცოდვების გამო, ქრისტეს ადანაშაულებდნენ. თუმცა კარგად იცოდნენ, რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა, მაინც ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მისი სიკვდილი გადაარჩენდა მთელ ერს.”თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, - ამბობდნენ იუდეველი მთავრები, - ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილმამულსაც და ერსაც” (იოან. 11:48). თუკი ქრისტეს მოკლავენ, მაშინ იუდეველნი უფრო გაძლიერდებიან და განმტკიცდებიან. ასე მსჯელობდნენ ისინი და ერთხმად დაეთანხმნენ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას, რომ უმჯობესია ერთი კაცის სიკვდილი, ვიდრე მთელი ერის დაღუპვა. დბ 10.1
აი, რა გზით ააშენეს”სისხლით სიონი იუდეველმა მთავრებმა და უსამართლობით - იერუსალიმი”. მათი თვითცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ მაცხოვრის მოკვლით, რომელიც მათ ცოდვებს ამხელდა, თავს კვლავ უფლის რჩეულ ერად თვლიდნენ და იმედი hქონდათ, რომ უფალი მტრებისაგან იხსნიდა.”ამიტომ, - განაგრძობს წინასწარმეტყველი, - შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი — ტყიან ბორცვად” (მიქ. 3:12). დბ 10.2
დაახლოებით ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქრისტემ იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ხვედრი, უფალი კი აყოვნებდა თავის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას ამ ქალაქზე და ამ ხალხზე. საოცარი იყო ღმერთის მოთმინება მათ მიმართ, ვინც უარყო მისი სახარება და მოკლა მისი ძე. იგავი უნაყოფო ლეღვზე სიმბოლოა უფლის დამოკიდებულებისა იუდეველი ერის მიმართ. გაცემულ იქნა ბრძანება:“მოსჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას” (ლუკ. 13:7), მაგრამ უფალმა თავისი მოწყალებით კიდევ ერთხანს დაინდო ქალაქი. ჯერ კიდევ ბევრი იუდეველი იყო დარჩენილი, რომელთაც არაფერი იცოდნენ ქრისტესა და მისი მისიის შესახებ. მოზარდებამდე ჯერ ვერ მიეღწია მათ მშობლებზე გადმოსულ ნათელს. ღმერთს სურდა მათთვის ნათელი გაეგზავნა მოციქულთა და მათ მოწაფეთა მეშვეობით, რათა ხალხს წინასწარმეტყველების აღსრულება არა მხოლოდ ქრისტეს დაბადებასა და ცხოვრებაში დაენახა, არამედ მის სიკვდილსა და აღდგომაშიც. ბავშვებს არ განიკითხავდნენ წინაპართა ცოდვებისათვის, მაგრამ იმ სინათლის უარყოფით, რომელიც მათ მშობლებს და შემდეგ, თავადაც უნდა მიეღოთ, მშობლების დანაშაულის თანამონაწილენი ხდებოდნენ და უფრო აღრმავებდნენ მათ ურჯულოებას. დბ 10.3
იერუსალიმის მიმართ უფლის დიდი მოთმინება კიდევ უფრო განამტკიცებდა იუდეველთა სურვილს, დარჩენილიყვნენ მონანიების გარეშე. იესოს მოწაფეებისადმი თავიანთი მტრული და სასტიკი დამოკიდებულებით მათ უარყვეს მადლის უკანასკნელი მოწოდება. და მაშინ ღმერთმა მათ თავისი მფარველობა წაართვა; მან აღარ შეაკავა სატანა და მისი ანგელოზები და მთელი ერი დაექვემდებარა იმ წინამძღოლს, რომელიც თავადვე აირჩია. იერუსალიმის შვილებმა უარყვეს ქრისტეს მადლი, რასაც ერთადერთს შეეძლო მოეთოკა მათი ბოროტი მიდრეკილებანი და მანკიერი სურვილები და ახლა ბოროტებამ სრულად მოიცვა ისინი. სატანა ადამიანთა სულებში ყველაზე სასტიკ და მდაბალ ვნებებს აღძრავდა. ადამიანები ვეღარ ხელმძღვანელობდნენ ჯანსაღი გონებით, მათ მხოლოდ გრძნობები და ბრმა მძვინვარება მართავდა. თავიანთი სისასტიკით ისინი ეშმაკს დაემსგავსნენ. ოჯახებში და საზოგადოების ყველა ფენაში ეჭვმა, შურმა, სიძულვილმა და რისხვამ დაისადგურა. ხდებოდა მკვლელობანი. არსად იყო მშვიდი და უსაფრთხო ადგილი. მეგობრები და ნათესავები ერთმანეთს ღალატობდნენ. მშობლები კლავდნენ შვილებს და შვილები - მშობლებს. მთავრები ვეღარ თოკავდნენ საკუთარ თავს. აღვირახსნილმა ვნებებმა ისინი დესპოტებად აქცია. იუდეველებმა წარსულში მიიღეს ცრუ მოწმობა და სასიკვდილოდ გასწირეს ღვთის ძე. ახლა ამ ცრუ ბრალდებებმა მათ მოსვენება დაუკარგა. წარსულში ყოველი მათი ქცევა და საქმე მხოლოდ ერთს მოწმობდა:“გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო” (ეს. 30:11). ახლა მათი სურვილი აღსრულდა. მათ უკვე აღარ hქონდათ ღვთის შიში. მთელი ერი დაემორჩილა სატანას, რომელიც მთელ იუდეაში სახელმწიფო და რელიგიურ ძალაუფლებას აკონტროლებდა. დბ 10.4
პერიოდულად მოწინააღმდეგენი ერთიანდებოდნენ, რათა ერთად ეძარცვათ და ეტანჯათ თავიანთი უბედური მსხვერპლი, ხოლო შემდეგ კვლავ იწყებდნენ სისხლიმღვრელ ბრძოლებს ერთურთს შორის. თვით ტაძრის სიწმიდემაც ვერ შეაჩერა მათი მძვინვარება. მლოცველებს სამსხვერპლოს წინ ხოცავდნენ და სიწმიდე მოკლულთა გვამებით ილახებოდა. დაბრმავებულნი, სახალხოდ აცხადებდნენ, რომ არ ეშინიათ იერუსალიმის დანგრევისა, რადგან ეს ქალაქი ღმერთს ეკუთვნის. და ამ სიტყვების დასამტკიცებლად იწვევდნენ მოწყიდულ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომლებიც ადამიანებს გადარჩენის იმედს აძლევდნენ მაშინაც კი, როდესაც იერუსალიმი რომაელთა არმიის ალყაში იყო მოქცეული. უკანასკნელ მომენტამდე ბევრს კიდევ სჯეროდა, რომ ყოვლისმპყრობელი დაიცავდა თავის ქალაქს. მაგრამ ისრაელმა ქედმაღლურად უარყო ღმერთის მფარველობა და დაცვის გარეშე დარჩა. უბედურო იერუსალიმო, შინა ომებისაგან გახლეჩილო! შენს ქუჩებში შენი შვილები ერთმანეთის სისხლს ღვრიან, წარმართნი ანგრევენ შენს ციხესიმაგრეებს და ხოცავენ შენს მეომრებს! დბ 11.1
იერუსალიმის დანგრევის შესახებ ქრისტეს ყოველი წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით შესრულდა. იუდეველებმა თავიანთი მწარე გამოცდილებით იგემეს მისი გამაფრთხილებელი სიტყვების ჭეშმარიტება:“რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ” (მათ. 7:2). დბ 11.2
იყო ნიშნები და სასწაულები, რომლებიც მოწმობდა სამსჯავროზე და უბედურებაზე. ღამით სამსხვერპლოსა და ტაძრის თავზე ზებუნებრივი ნათელი იდგა. მზის ჩასვლისას ღრუბლებზე მოჩანდა საბრძოლველად გამზადებული ეტლები და შეიარაღებული მეომრები. მღვდლები ღამის მსახურების დროს ტაძარში უცნაურმა ხმებმა შეაშინა; დედამიწა ირყეოდა და მრავალი ხმა ღაღადებდა:“წავიდეთ აქედან, გავეცალოთ ამ ადგილს”... აღმოსავლეთის უზარმაზარი კარიბჭე, იმდენად მძიმე, რომ ოცი კაცი ძლივს აღებდა, რკინის ურდულებით ღრმად რომ იყო დამაგრებული ქვის კედელში, შუაღამისას თავისთავად გაიხსნა. დბ 11.3
შვიდი წლის განმავლობაში იერუსალიმის ქუჩებში დადიოდა ერთი ღვთისმოსავი კაცი და მოსახლეობას ხმამაღლა აუწყებდა იმ უბედურების შესახებ, რომელიც ამ ქალაქს ელოდა. დღე და ღამე გაიძახოდა იგი მწუხარე სიტყვებს:“ხმა მოდის აღმოსავლეთიდან! ხმა დასავლეთიდან! ხმა ოთხივ ქარისაგან! ხმა იერუსალიმისა და ტაძრის წინააღმდეგ! ხმა სასიძოსა და პატარძლის წინააღმდეგ! ხმა მთელი ერის წინააღმდეგ!” ამ უცნაურ ადამიანს საპყრობილეში აგდებდნენ, სასტიკად სცემდნენ, მაგრამ მის ბაგეს ჩივილი არასოდეს აღმოხდენია. ყოველ შეურაცხყოფაზე და დაცინვაზე იგი პასუხობდა:“ვაი, ვაი, შენ, იერუსალიმო! ვაი, ვაი, თქვენ, მის მცხოვრებთ!” და ეს გაფრთხილების ხმა მხოლოდ მაშინ დადუმდა, როდესაც მან ალყაშემორტყმული ქალაქის ბედი გაიზიარა. დბ 11.4
იერუსალიმის დანგრევისას არც ერთი ქრისტიანი არ დაღუპულა. ქრისტემ გააფრთხილა თავისი მოწაფეები და ყველა, ვინც ირწმუნა მისი სიტყვები, თვალყურს ადევნებდა აღთქმული ნიშნის გამოჩენას.”როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარშემორტყმულს, - თქვა ქრისტემ, - მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება: მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ: და ვინც ქალაქშია, გარეთ გავიდეს. ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში” (ლუკ. 21:20,21). როდესაც ცესტიას ბრძანებით რომაელებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს, ალყა მოულოდნელად მოიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმარჯვებდნენ ამ ბრძოლაში. ალყაშემორტყმული ქალაქის მცხოვრებნი უკვე მზად იყვნენ, დანებებულიყვნენ, რადგან გადარჩენის ყველა იმედი დაკარგეს; მაგრამ რომაელმა მხედართმთავარმა ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე მეომრებს უბრძანა, დაეტოვებინათ იუდეას დედაქალაქი. ღვთის მოწყალე შორსმჭვრეტელობა ყველა მოვლენას ხელმძღვანელობდა თავისი ხალხის სასიკეთოდ. ქრისტიანებს მიეცათ აღთქმული ნიშანი და ახლა ქრისტეს სიტყვის ყველა მორწმუნეს hქონდა გადარჩენის საშუალება. მოვლენები ისე განვითარდა, რომ არც იუდეველნი და არც რომაელნი არ ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქიდან ქრისტიანთა გასვლას. იმ დროს, როდესაც იუდეველთა რაზმები უკანდახეულ მოწინააღმდეგეს დაედევნენ და ბრძოლაში ჩართულ მტერს მათთვის არ ეცალა, ქრისტიანებს გზა გაეხსნათ გასაქცევად. ალყაშემორტყმულ ქალაქში იუდეველნი შეიკრიბნენ კარვობის დღესასწაულზე და ამიტომ მთელ ქვეყანაში არავინ იყო მათი გაქცევის ხელის შემშლელი. ქრისტიანები ერთი წამითაც არ შეყოვნებულან და მაშინვე გავიდნენ ქალაქ პელუში, პირეაში, იორდანეს გაღმა. დბ 12.1
ცესტიას ჯარს დადევნებული იუდეველთა რაზმები ისეთი გაშმაგებით ეძგერნენ მტრის ზურგს, რომ რომაელები სრული განადგურების საფრთხის წინაშე დადგნენ. მათ თავიანთ მეომრებს უდიდესი ძალისხმევით მოუყარეს თავი. ხოლო იუდეველნი თითქმის არსებითი დანაკარგის გარეშე, ზეიმით, ტრიუმფითა და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ იერუსალიმში. მაგრამ ამ მოჩვენებითმა გამარჯვებამ მხოლოდ ვნება მოუტანა მათ, ვინაიდან ამან მათში უფრო განამტკიცა უძლეველობის რწმენა რომაელთა წინაშე და ალყაშემორტყმულ ქალაქს უფრო მეტი უბედურება და მწუხარება დაატეხა თავს. დბ 12.2
რა საშინელი უბედურება ეწია იერუსალიმს, როდესაც ტიტემ განაახლა ქალაქის ალყა! პასექის დღესასწაული იყო და იერუსალიმში მილიონზე მეტმა იუდეველმა მოიყარა თავი. პროდუქტების მარაგი მისი გონივრული გადანაწილების შემთხვევაში ქალაქს დაახლოებით ერთ წელიწადს უნდა ყოფნოდა, მაგრამ ის ერთმანეთს შორის მოქიშპე დაჯგუფებებმა გაანადგურეს; და ჩამოვარდა საშინელი შიმშილი. ერთი საწყავი ხორბალი ერთი ტალანტი ღირდა. ისეთი საშინელი ტანჯვა იყო შიმშილის გამო, რომ ადამიანები ღრღნიდნენ ქამრებს, ფეხსაცმელებს და სხვა ტყავის საგნებს. ღამის წყვდიადში ვიღაცა მალულად გაიპარებოდა ხოლმე კედლებს მიღმა ველური მცენარეების შესაგროვებლად და ამ დროს ბევრ მათგანს იპყრობდნენ, მხეცურად კლავდნენ, ხოლო მათ, ვინც უკან დაბრუნებას მოახერხებდა, თავს ესხმოდნენ თავისივე თანამემამულენი. ძლიერნი უკანასკნელ ლუკმას ართმევდნენ უძლურთ და არაადამიანური სისასტიკით არბევდნენ. და ძალიან ხშირად ამას აკეთებდა არა ის, ვისაც საერთოდ არ hქონდა საჭმელი, არამედ ის, ვისაც თავისი მარაგის შევსება უნდოდა. დბ 12.3
ათასობით ადამიანი იღუპებოდა შიმშილისა და შავი ჭირისაგან. თითქოსდა შიმშილთან ერთად ქრებოდა სიყვარულისა და თანაგრძნობის ბუნებრივი გრძნობები. ქმრები ძარცვავდნენ თავიანთ ცოლებს და ცოლები — ქმრებს. შვილები პირიდან ლუკმას სტაცებდნენ მოხუც მშობლებს. წინასწარმეტყველის შეკითხვამ:“განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს?” (ეს. 49:15) პასუხი hპოვა ალყაშემორტყმული ქალაქის კედლებს შიგნით.”გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელებით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ hქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს” (გოდ. იერ. 4:10). კვლავაც აღსრულდა გამაფრთხილებელი წინასწარმეტყველება, თოთხმეტი საუკუნის წინათ ნათქვამი:“განებივრებული და გაფუფუნებული ქალი, რომელსაც ფუფუნებისა და ნებივრობის გამო ფეხიც არ დაუკარებია მიწაზე, ავი თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ვაჟსა და ასულს... და თავის შვილებს, რომელთაც დაბადებს, რადგან ჩუმად შეჭამს მათ გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი შენს მიწაწყალზე!” (მეორე რჯ. 28:56-57). დბ 13.1
რომაელი მთავრები ცდილობდნენ იუდეველთა დაშინებას, რათა დანებებულიყვნენ. ტყვეებს, რომელნიც წინააღნდეგობას უწევდნენ, როზგავდნენ, აწამებდნენ და შემდეგ ჯვარს აცვამდნენ ქალაქის კედლის წინ. ასეთი სიკვდილით ასობით ადამიანი კვდებოდა ყოველდღე და ეს საშინელება გაგრძელდა მანამ, სანამ იოშაფათისა და გოლგოთას დაბლობი ჯვრებმა ისე არ დაფარა, რომ მათ შორის გასავლელი ადგილი აღარ იყო. ასე საშინლად აღსრულდა წყევლა, რომელიც იუდეველებმა თავად დაიტეხეს თავს პილატეს სამსჯავროს წინაშე:“ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი” (მათ. 27:25). დბ 13.2
ტიტე უკვე მზად იყო დაემთავრებინა ეს საშინელი ხოცვაჟლეტა, რითაც იერუსალიმი თავიდან აიცილებდა სრულ აოხრებას. მას თავზარი დაეცა, როდესაც ამდენი დახოცილი იხილა გორაკებზე და დაბლობებზე, ზეთისხილის მთის მაღლობიდან დასცქეროდა იგი იუდეველთა დიდებულ ტაძარს და ბრძანება გასცა, არც ერთ ქვას არ შეხებოდნენ. შემდეგი შეტევის დაწყების წინ მან გულწრფელად მიმართა იუდეველთა მთავრებს, ნუ აიძულებდნენ მას ტაძრის გაუწმიდურებას მოკლულთა სისხლით. მან ებრაელებს შესთავაზა გამოსულიყვნენ და სხვა ადგილას გაემართათ ბრძოლა, თან აღუთქვა, რომ არც ერთი რომაელი არ შებღალავდა ტაძრის სიწმიდეს. იოსებ ფლავიუსი მთელი თავისი მჭევრმეტყველებით ევედრებოდა დანებებულიყვნენ, რათა გადაერჩინათ საკუთარი სიცოცხლე, ტაძარი - ღვთის თაყვანისცემის ადგილი და თვით ქალაქიც, მაგრამ მისი სიტყვების საპასუხოდ გაისმა ხმამაღალი წყევლაკრულვა. ალყაში მოქცეულებმა ისრების წვიმა გაუგზავნეს მას, ვინც მათ გადარჩენას ცდილობდა. იუდეველებმა უარყვეს უფლის ძის ყოველგვარი ხვეწნა — მუდარა და ახლა მათ ყველა მოწყალება და შეგონება აღიზიანებდა და უფრო უსასტიკებდა გულს. ამაო გამოდგა ტიტეს მცდელობა — გადაერჩინა ტაძარი. მან, ვინც რომაელთა მხედართმთავარზე დიდი იყო, თქვა, რომ აქ ქვა ქვაზე აღარ დარჩებოდა. დბ 13.3
იუდეველ მთავართა ასეთი ბრმა სიჯიუტე და ის ამაზრზენი დანაშაული, რაც ალყაშემორტყმული ქალაქის შიგნით ხდებოდა, თავზარს სცემდა რომაელებს და ტიტემ ბოლოს გადაწყვიტა, იერიშით აეღო ტაძარი ისე, რომ არ დაეზიანებინა. მაგრამ მის ბრძანებებს უკვე აღარავინ აქცევდა ყურადღებას. ღამით, როდესაც იგი თავის კარავში განცალკევდა, იუდეველები გამოცვივდნენ ტაძრიდან და თავს დაესხნენ გარეთ მყოფ მეომრებს. ხელჩართულ ბრძოლაში ერთერთმა მეომარმა ცეცხლმოდებული მუგუზალი ესროლა ტაძრის შუშაბანდს და იმავე წამში კედრის ფიცრებით მოპირკეთებული წმიდა ადგილის გარშემო განლაგებული ნაგებობა ცეცხლის ალში გაეხვია. ტიტე გენერალთა და ლეგიონერთა თანხლებით ამ ადგილისაკენ გაემართა და ჯარისკაცებს ხანძრის ჩაქრობა უბრძანა. მაგრამ მის ბრძანებას ყურადღებას აღარავინ აქცევდა. გამძვინვარებული ჯარისკაცები ცეცხლმოკიდებულ მუგუზლებს ტაძრის მოსაზღვრე ნაგებობებს ესროდნენ და შემდეგ შიგნით მყოფ ადამიანებს ხოცავდნენ. სისხლი წყალივით მოედინებიდა ტაძრის კიბის საფეხურებზე. ათასობით იუდეველი დაიღუპა. ბრძოლის ყიჟინა დაფარა გოდებამ და შეძახილებმა:“იhავოდ” - “უფალმა მიგვატოვა”. დბ 13.4
`ტიტემ ვერ შეძლო გამძვინვარებულ მეომართა შეჩერება. თავის ოფიცრებთან ერთად წმიდა ადგილის სანახავად ტაძარში შესული მხედართმთავარი განცვიფრდა მისი დიდებისაგან და, რადგან ხანძარს ამ ადგილამდე ჯერ კიდევ არ მიეღწია, გარეთ გავარდა და ჯარისკაცებს მოუწოდა ჩაექროთ ხანძარი. ცენტურიონი ლიბერალისი ცდილობდა თავისი ძალაუფლების ზეგავლენით და კვერთხით დაემორჩილებინა ისინი, მაგრამ იმპერატორისადმი მოწიწება იუდეველთა მიმართ სიძულვილმა, ბრძოლის ჟინმა და მომხვეჭელობის სურვილმა ჩაახშო. ხელის მოთბობის სურვილი მეტად დიდი იყო. ჯარისკაცები ხედავდნენ, რომ გარშემო ყველაფერი ოქროსფრად ბრწყინავდა, ხოლო ცეცხლის ენები უფრო მეტ ელვარებას მატებდა მას. მეომრებს საწმიდარში უთვალავი განძი ეგულებოდათ. ერთერთმა ჯარისკაცმა ანთებული მუგუზალი შეღებულ კარში შეუმჩნევლად შეაგდო და მაშინვე მთელი შენობა ცეცხლის ალში გაეხვია. ცეცხლმა და კვამლმა ჯარისკაცებს უკან დაახევინა და ეს მშვენიერი ნაგებობა ბედის ანაბარა იქნა მიტოვებული. დბ 14.1
თუკი ამ სანახაობამ რომაელებს დასცა თავზარი, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ იუდეველნი? ქალაქის შუაგულში აღმართული გორაკი ამოფრქვეულ ვულკანს წააგავდა. შენობები შემზარავი გრუხუნით უჩინარდებოდნენ ცეცხლის უფსკრულში. კედრის სახურავები ცეცხლოვან ზეწრებს წააგავდა; მოოქროვილი, წვერმახვილი შპილები ანთებული ჩირაღდნებივით ელვარებდნენ; კარიბჭეთა კოშკებიდან ცეცხლი და კვამლი ბოლქვებად ადიოდა. მაღალი ხანძრის ალით განათებულ მოსაზღვრე გორაკებზე მოჩანდა ადამიანთა სილუეტები, რომლებიც შიშით შესცქეროდნენ ნაგებობათა მჭამელ ცეცხლს. ქალაქის კედლები და გოდლები სავსე იყო ხალხით, რომელიც ამ საშინელებას შეhყურებდა, ერთნი - სასოწარკვეთილებით, სხვები - უღონო მრისხანებით. თავგზააბნეულ რომაელ მეომართა ყიჟინა და ცეცხლმოდებულ ამბოხებულთა გოდება ცეცხლის აბობოქრებული სტიქიის გრიალსა და ჩამოვარდნილი ხის მორების გრუხუნს უერთდებოდა. ამ ხმათა გამოძახილს მთები იმეორებდა, რომელთა ფერდობებიდან ადამიანთა გულისწამღები ყვირილი ისმოდა. ქალაქის კედლებთან გოდებდნენ და კვნესოდნენ შიმშილისაგან ქანცგამოლეული ადამიანები, რომელნიც უკანასკნელ ღონეს იკრებდნენ, რათა სიკვდილის წინ მოთქმით გამოეხატათ სასოწარკვეთილება და მწუხარება. დბ 14.2
ქალაქის კედლებს შიგნით კიდევ უფრო საშინელი ხოცვაჟლეტა იყო გამართული, ვიდრე კედლებს მიღმა. კაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, მღვდლები, ქალაქის დამცველნი და ყოველი, ვინც შველას ითხოვდა, ამ სისხლიმღვრელ ბრძოლაში იღუპებოდა. დახოცილთა რიცხვი დიდად აღემატებოდა დამხოცველთ. მეომრები ფეხით თელავდნენ მოკლულთა გვამებს და იქაც აგრძელებდნენ თავის სისხლიან საქმეს” (მილმანი, იუდეველთა ისტორია, წიგნი 16). დბ 14.3
სულ მალე, ტაძრის დანგრევის შემდეგ, მთელი ქალაქი რომაელთა მფლობელობაში გადავიდა. იუდეველმა მთავრებმა დატოვეს თავიანთი მიუვალი ციხესიმაგრეები და ტიტეს მისვლისას იქ უკვე აღარავინ იყო. მხედართმთავარმა გულდასმით დაათვალიერა ნაგებობა და მიხვდა, ეს ყველაფერი რომ მხოლოდ ღმერთმა ჩააგდებინა მას ხელში, რადგან ყველაზე უძლიერესი იარაღიც კი ვერაფერს დააკლებდა ასეთ ციხესიმაგრეს. ქალაქიცა და ტაძარიც პირწმინდად იყო დანგრეული და წმიდა ადგილი, სადაც იუდეველები ლოცულობდნენ,“ყანასავით გადახნული იყო” (იერ. 26:18). ქალაქის ალყის დროს და შემდგომ უსასტიკეს ბრძოლებში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცოცხლად დარჩენილნი ტყვედ წაიყვანეს და მონებად გაყიდეს; ზოგიც რომში მიმავალ დამპყრობთა ტრიუმფალურ პროცესიას გააყოლეს მათი დამარცხებისა და სირცხვილის ნიშნად და ამფითეატრებში ველურ ცხოველებს მიუგდეს შესაჭმელად. სხვები კი, როგორც უსახლკარო მაწანწალები, მთელი დედამიწის ზურგზე გაიფანტნენ. დბ 15.1
იუდეველებმა თავად გამოჭედეს თავიანთი ბორკილები, თავად აავსეს ღვთის მრისხანების თასი. ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ამ ხალხს და უბედურება, რაც მათ, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში გაფანტულებს, მრავლად hქონდათ, - მათივე ხელით მოწეული ნაყოფია. წინასწარმეტყველი ამბობს:“თავი წაიწყმიდე, ისრაელ! რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე” (ოს. 13:9; 14:2). ებრაელთა ტანჯვას ხშირად მათზე ღვთის სასჯელად მიიჩნევენ, რითაც უდიდესი მზაკვარი ცდილობს, მიჩქმალოს საკუთარი საქმენი. უწევდნენ რა ჯიუტ წინააღმდეგობას უფლის სიყვარულსა და მადლს, იუდეველებმა თავად აღიკვეთეს უფლის მფარველობა და ამით სატანას შესაძლებლობა მისცეს, თავისი ნებისამებრ წარემართა საქმე. იერუსალიმის დანგრევისას გამოვლენილი უსასტიკესი გაშმაგება მოწმობს სატანის შურისგებას მათ მიმართ, ვინც მის ნებას ემორჩილება. დბ 15.2
ჩვენ ბოლომდე ვერასოდეს მივხვდებით, თუ რამდენად დავალებული ვართ ქრისტესაგან იმ სიმშვიდისა და მშვიდობისათვის, რომელსაც ის გვაძლევს. მხოლოდ ღმერთის ძალას შეუძლია სატანის შეჩერება და კაცობრიობის დაცვა მისგან. ურჩ და უმადურ ადამიანებს საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ უფლის მადლიერი იყვნენ მისი წყალობისა და მოთმინებისათვის, რომელიც მის მიერ ეშმაკის სასტიკი და ბოროტი ძალის მოთოკვაში გამოიხატება. მაგრამ როდესაც ადამიანები ღვთიური მოთმინების ზღვარს გადააბიჯებენ, იგი უკვე აღარ მფარველობს მათ. ღმერთი არ არის ჯალათი, რომელსაც ცოდვილისადმი გამოტანილი განაჩენი სისრულეში მოhყავს. იგი უბრალოდ ტოვებს მას, ვინც უარს ამბობს მის მადლზე, ე.ი. ადამიანებს ნებას აძლევს მოიმკონ ის, რაც დათესეს. სინათლის ყოველი უარყოფილი სხივი, ყოველი არმიღებული გაფრთხილება, ღვთის კანონის ყოველი დარღვევა, ყოველი დაკმაყოფილებული ვნება და სურვილი, - ესაა თესლი, რომელიც შემდგომში ნაყოფს გამოიღებს. ღვთის სულის მიმართ ჯიუტი წინააღმდეგობა იწვევს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს ეს მადლი წაერთმევა ცოდვილს და მაშინ სულს ბოროტებისა და სატანის სიძულვილისაგან უკვე ვერაფერი დაიცავს. იერუსალიმის დანგრევა - ეს მკაცრი და თვალსაჩინო გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ღვთის წყალობას უარყოფს და უარს ამბობს ღვთიური მადლის მიღებაზე. ესაა ცოდვისადმი ღმერთის სიძულვილისა და სასჯელის გარდაუვალობის ყველაზე დიდი მოწმობა, რომელიც აუცილებლად მიეგება ცოდვილს. დბ 15.3
მაცხოვრის წინასწარმეტყველება იერუსალიმზე მოწეული სამსჯავროს შესახებ კიდევ ერთხელ უნდა აღსრულდეს. იუდეას დედაქალაქის სასტიკი განადგურება მხოლოდ სუსტი ანარეკლია იმისა, რაც უნდა მოხდეს. უფლის რჩეული ქალაქის ხვედრში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მთელი მსოფლიოს ბედი, რომელმაც უარყო უფლის წყალობა, აბუჩად აიგდო და გათელა მისი კანონი. აი, უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში ხდება დანაშაულობანი, დედამიწა მოწმეა ადამიანთა ტანჯვისა და ვაებისა. რა მტკივნეულია ამაზე ფიქრი! რა საშინელი აღმოჩნდა ზეციური ხელისუფლების უარყოფის შედეგი! მაგრამ მომავლის სურათები კიდევ უფრო პირქუშია. წარსულის ისტორია, - ეს აჯანყებების, ბრძოლებისა და ბოროტების გრძელი ჯაჭვია,“ბრძოლის დრო და სამოსელი, სისხლში ნათრევი” (ეს. 9:5). მაგრამ რა არის ეს იმ საშინელ დღეებთან შედარებით, როდესაც ღვთის სული აღარ შეაჩერებს უწმიდურთ, როდესაც იგი უკვე აღარ მოთოკავს ადამიანურ ვნებებს და სატანის მძვინვარებას! მაშინ მთელი მსოფლიო ადრინდელზე უფრო ნათლად დაინახავს სატანის ბატონობის შედეგებს. დბ 16.1
მაგრამ იმ დღეს, როგორც იერუსალიმის დანგრევის დროს, ღვთის ხალხი გადარჩება; გადარჩება ყოველი,“ვინც სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება”. ქრისტემ აღგვითქვა, რომ მეორედ მოვა, რათა თავისი რჩეულნი წაიყვანოს იქ, სადაც თვითონ არის.”მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოhყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა კიდეთაგან მათ კიდეებამდე” (მათ. 24:30,31). მაშინ მათ, ვინც სახარებას არ დაემორჩილა,“უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გამოცხადებით” (2თეს. 2:8). ძველი ისრაელის მსგავსად, უწმიდურნი თავადვე მოისპობენ თავს: ისინი თავიანთივე ურჯულოებით განადგურდებიან. ცოდვიანმა ცხოვრებამ იმდენად დააშორა ღმერთს და ისე დაამდაბლა მათი ბუნება, რომ უფლის დიდების გამოჩენა მათთვის ყოვლისმშთანთქმელი ცეცხლი იქნება. დბ 16.2
ამიტომ ადამიანები დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდონ ქრისტეს სწავლებას, რომელიც მის სიტყვაშია. ისევე, როგორც მაშინ აფრთხილებდა უფალი თავის მოწაფეებს მოსალოდნელ უბედურებაზე იერუსალიმის დანგრევასთან დაკავშირებით და უჩვენებდა მოახლოებული დაღუპვის ნიშნებს, რათა მათ თავიდან აეცილებინათ საერთო ხვედრი, ასევე აფრთხილებს კაცობრიობას მისი საბოლოო დაღუპვის დღის შესახებ და მისცემს ადამიანებს ამის დადგომის ნიშანს, რათა ყოველმა შესძლოს მომავალი რისხვის თავიდან აცილება. იესო ამბობს:“და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე, ხოლო დედამიწაზე - ხალხთა შეჭირვება შფოთში” (ლუკ. 21:25; მათ. 24:29; მარკ. 13:24-26; გამოცხ. 6:12-17). და ყველამ, ვინც შეამჩნევს ამ ნიშნების გამოჩენას, უნდა იცოდეს:“რომ ახლოა, კარზეა მომდგარი” (მათ. 24:33).”ამიტომ იფხიზლეთ” (მარკ. 13:35), - გვაფრთხილებს უფალი. ვინც ყურად იღებს ამ გაფრთხილებას, ის არ დარჩება ბნელში და ეს დღე მოულოდნელად არ დაატყდება თავს. მაგრამ მათთვის, ვინც არ იფხიზლებს,“უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა” (მათ. 5:2-5). დბ 16.3
დღევანდელ კაცობრიობას უკანასკნელი გაფრთხილება იმაზე მეტად როდი სჯერა, ვიდრე თავის დროზე იუდეველთ - მაცხოვრის გაფრთხილება იერუსალიმის დანგრევის შესახებ. და როდესაც უფლის დღე მოვა, უკეთურნი ამ უდიდესი მოვლენისათვის მზად არ აღმოჩნდებიან. ცხოვრება თავისი გზით წავა, ადამიანები თავიანთი საქმეებით, ვაჭრობითა და სიმდიდრის მოხვეჭის სურვილის დაკმაყოფილებით იქნებიან დაკავებულნი. რელიგიური წინამძღვრები საერთო კეთილდღეობისა და ცივილიზაციის დიდების ძებნას მოუნდებიან და ამ ცრუ უსაფრთხოებით მოადუნებენ ხალხის ყურადღებას. - და, სწორედ მაშინ, ქურდის მსგავსად, რომელიც შუაღამისას მიიპარება ცუდად დაცულ სახლში, უცაბედი განადგურება თავს დაატყდება ყველა უზრუნველსა და უწმიდურს და ისინი”ვეღარ დააღწევენ თავს” (1თეს. 5:2-5). დბ 16.4