დიადი ბრძოლა

2/42

თავი 2 - პირველი ქრისტიანები

როდესაც იესომ თავის მოწაფეებს გამოუცხადა იერუსალიმის მომავალი და ის ცალკეული მოვლენები, რომელიც მის მეორედ მოსვლას შეეხებოდა, წინასწარ განჭვრიტა ის განსაცდელიც, რაც უფლის ხალხს მისი ცად ამაღლების შემდეგ მის მეორედ დიდებით მოსვლამდე დედამიწაზე უნდა გადაეტანა. ზეთისხილის მთის ფერდობიდან ჭვრეტდა იგი საშიშროებას, მალე თავს რომ დატაყდებოდა სამოციქულო ეკლესიას. იგი საუკუნეთა სიღრმეების მიღმა ხედავდა საშინელ, გამანადგურებელ ქარიშხალს, რომელიც მის მიმდევრებს შეუტევდა სიბნელისა და დევნის საუკუნეებში. მოკლე, მაგრამ მრისხანე სიტყვებში ქრისტემ იწინასწარმეტყველა, თუ რას მოუმზადებენ ძლიერნი ამა სოფლისანი ღვთის ეკლესიას (მათ. 24:21,22). ქრისტეს მიმდევრებმა უნდა განვლონ ტანჯვის, დამცირებისა და სიძულვილის იგივე გზა, რაც თავად უფალმა გაიარა. იგივე მტრობას, რომელიც გარს ერტყა ქვეყნიერების მხსნელს, გამოსცდის ყოველი მისი მორწმუნე. დბ 17.1

პირვანდელი ეკლესიის ისტორია მოწმობს, რომ მაცხოვრის სიტყვები ზუსტად აღსრულდა. დედამიწისა და ჯოჯოხეთის ძალები ქრისტეს წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რაც მის მიმდევართა დევნაში გამოიხატა. წარმართები მიხვდნენ, რომ სახარების გამარჯვება გარდაუვალია და მათი სამსხვერპლოები და ტაძრები დაემხობა, ამიტომ ყველა ღონეს ხმარობდნენ ქრისტიანობის გასანადგურებლად. გაჩაღდა მათი დევნის ცეცხლი. ქრისტიანებს ართმევდნენ საკუთრების უფლებას და სახლებიდან აძევებდნენ. უდიდესი ტანჯვა ხვდათ წილად მათ:“დაითმინეს გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები” (ებრ. 11:36-38). ბევრმა მათგანმა თავისი რწმენა საკუთარი სისხლით დაამოწმა. უმოწყალოდ ხოცავდნენ ყველას - დიდებულებსა და მონებს, მდიდრებსა და ღარიბებს, სწავლულსა და უსწავლელს. დბ 17.2

ეს დევნა ჯერ კიდევ ნერონის მმართველობის დროს, დაახლოებით პავლეს მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ დაიწყო და მეტნაკლებად, მრავალი ასწლეულის განმავლობაში გაგრძელდა. ქრისტიანებს მეტად მძიმე ბრალდებებს უყენებდნენ, დამნაშავედ თვლიდნენ ისეთ უბედურებებში, როგორიცაა: შიმშილი, შავი ჭირი, მიწისძვრები და სიძულვილითა და ეჭვის თვალით უყურებდნენ. მრავლად იყვნენ გამყიდველნი, რომ ფულის გულისათვის დაესმინათ უდანაშაულონი. ბრალს სდებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებაში, უწოდებდნენ რელიგიის მტრებს და საზოგადოების ხორცმეტს. ბევრი მათგანი ველურ ცხოველთა ლუკმა გახდა. ზოგს ცოცხლად წვავდნენ ამფითეატრებში, ბევრი კი ჯვარს აცვეს; მრავალი მორწმუნე, ცხოველთა ტყავებში ჩაკერილი, არენაზე მტაცებელ ცხოველებს გადაუგდეს შესაჭმელად. ქრისტიანთა დასჯა, ხშირ შემთხვევაში, დღესასწაულებზე ადამიანთა ძირითადი გართობა იყო. მრავლად იყვნენ ცნობისმოყვარენი, რომელთაც სურდათ დამტკბარიყვნენ ამ სანახაობით და სიცილითა და ტაშით ხვდებოდნენ მათ სასიკვდილო ტანჯვასა და აგონიას. დბ 17.3

სადაც არ უნდა შეეფარებინათ თავი, ქრისტიანებს ყველგან დევნიდნენ, როგორც ველურ მხეცებს ნადირობის დროს. ისინი იძულებული იყვნენ, თავშესაფარი უდაბურ ადგილებში ეძებნათ.”განიცდიდნენ ნაკლოვანებას, გაჭირვებას, ტანჯვას. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი წუთისოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევხუვებში” (ებრ.11:37,38). მრავალი ათასობით მორწმუნეთა თავშესაფარი კატაკომბები იყო. რომის გარეუბნებში, გორაკებს ქვეშ გათხრილი იყო გრძელი მიწისქვეშა გვირაბები, რომელთა რთული ქსელი ქალაქის კედლებს გარეთ მრავალ კილომეტრზე იყო განფენილი. ამ ბნელ მიწისქვეშეთში ქრისტეს მორწმუნენი თავიანთ მიცვალებულებს მარხავდნენ და დევნის განახლების დროს თავადაც აქ პოულობდნენ თავშესაფარს. როდესაც სიცოცხლის მომცემი მკვდრეთით აღადგენს ამ ერთგულ ქრისტიანებს, ამ ბნელი ქვაბურებიდან გამოვა მრავალი მოწამე, რომელიც ქრისტეს გულისათვის მოკვდა. დბ 18.1

ყველაზე სასტიკი დევნის დროს ქრისტეს ამ მოწმეებმა თავიანთი რწმენა წმიდად შეინახეს. მათ არ hქონდათ სასიცოცხლო პირობები, მოკლებული იყვნენ მზის სინათლესაც. თავშესაფრად მიწის ბნელი, საიმედო წიაღი hქონდათ, მაგრამ მათ ბაგეებს არ დასცდენიათ არც ერთი საყვედურის სიტყვა; რწმენის, მოთმინებისა და იმედის სიტყვებით თანაუგრძნობდნენ ისინი ერთმანეთს მწუხარებასა და ტანჯვაში. ყოველგვარ მიწიურ წყალობათა დაკარგვამაც ვერ შეარყია მათი რწმენა ქრისტეს მიმართ. ეს განსაცდელი და დევნა მათთვის იყო მხოლოდ საფეხურები, რომლებითაც თავიანთი სიმშვიდისა და ბედნიერების დღეს უახლოვდებოდნენ. დბ 18.2

ძველ ღვთის მორჩილთა მსგავსად, ბევრნი”ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ” (ებრ. 11:35). მათ ყოველთვის ახსოვდათ უფლის სიტყვები, რომ უნდა ეხარათ, თუკი ქრისტეს სახელისათვის დევნას დაუწყებდნენ, რადგან უდიდესი ჯილდო ელოდათ ზეცაში, ვინაიდან მათზე წინ წინასწარმეტყველებსაც სდევნიდნენ. მათაც უხაროდათ, რომ უფალმა ჭეშმარიტებისათვის ტანჯვის ღირსი გახადა და როდესაც მათ კოცონზე წვავდნენ, ცეცხლის ალიდან გამარჯვების hიმნები ისმოდა. ისინი რწმენით შესცქეროდნენ ზეცას და ხედავდნენ ქრისტესა და მის ანგელოზებს, რომელნიც უდიდესი თანაგრძნობითა და კეთილგანწყობით ადევნებდნენ თვალყურს მათი შეურყეველი რწმენის სიმტკიცეს. მათ ესმოდათ საბრძანებლიდან გამოსული ხმა:“სიკვდილამდე ერთგული იყავ და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს” (გამოცხ. 2:10). დბ 18.3

ამაო იყო სატანის ყველა მცდელობა, თავისი ძალებით გაენადგურებინა უფლის ეკლესია. ის დიადი ბრძოლა, რომელშიც უფლის მოწაფეები თავიანთ სიცოცხლეს სწირავდნენ, მაშინაც კი არ შეწყვეტილა, როდესაც უფლის ეს მედროშენი თავიანთ საგუშაგოებზე კვდებოდნენ. მათი სიკვდილი მათივე გამარჯვებად იქცა. უფლის მაცნეები დახოცეს, მაგრამ უფლის საქმე განუხრელად მიიწევდა წინ. სახარება ვრცელდებოდა და მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ღებულობდა. იგი ისეთ მიუვალ ადგილებში შეიჭრა, სადაც რომაული არწივიც კი ვერ შეაღწევდა. ქრისტიანები ასე პასუხობდნენ თავიანთ წარმართ მმართველთა ყოველ წინადადებას:“დაგვხოცეთ, გვტანჯეთ, გამოგვიტანეთ განაჩენი... თქვენი უსამართლობა ჩვენი უდანაშაულობის დამამტკიცებელია! ვერც ერთი თქვენი დახვეწილი სისასტიკე ვერ გიშველით თქვენ”. ყოველივე ეს უფრო განამტკიცებდა ადამიანთა გადაწყვეტილებას - მიეღოთ ქრისტე.”რაც უფრო მეტად გაგვანადგურებთ, მით უფრო მრავალრიცხოვანი გავხდებით, ქრისტიანთა სისხლი - თესლია” (ტერტულიანი. აპოლ. თავი 50). დბ 18.4

ათასობით ქრისტიანი ჩაყარეს დილეგში და სიცოცხლეს გამოასალმეს, მაგრამ მათ ადგილებს სხვები იკავებდნენ. და ის, ვინც რწმენისათვის მოწამებრივი სიკვდილით მოკვდა და ბოლომდე ქრისტეს ერთგული დარჩა, ქრისტემ გამარჯვებულად სცნო. მათ კეთილი სულისკვეთება ამოძრავებდათ და უფლის მოსვლის დღეს დიდების გვირგვინი ელით. განსაცდელი სულ უფრო აკავშირებდა ქრისტიანებს ერთმანეთთან და აახლოებდა ღმერთთან. მათი ცხოვრება და სიკვდილის წინ წარმოთქმული სიტყვები ჭეშმარიტების სამაგალითო მოწმობა იყო, და თვით სატანის მსახურნიც - ეს ბნელეთის მეფის მიმდევარნი, ხშირად ტოვებდნენ თავიანთ ბატონს და ქრისტეს სამსახურში დგებოდნენ. დბ 19.1

და მაშინ, უფლის ძალაუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად სატანამ სხვა ხერხს მიმართა. უფრო დიდი წარმატების მისაღწევად გადაწყვიტა თავისი ალამი ქრისტიანულ ეკლესიაში აღემართა: თუკი იგი შეძლებს ქრისტეს მიმდევართა მოტყუებას და ამ გზით მათზე უფლის რისხვის გამოწვევას, მაშინ ისინი დაკარგავენ ძალას, სიმტკიცეს, უფლისადმი ერთგულებას და მათი ხელში ჩაგდებაც უფრო ადვილი გახდება. დბ 19.2

ეს უდიდესი მზაკვარი ეშმაკური გზით ცდილობდა წარმატებების მოპოვებას იქ, სადაც ძალის გამოყენებით დამარცხება იგემა. მართლაც, წმიდანთა დევნა დასრულდა და მის ნაცვლად გამოჩნდა საშიში და მეტად მიმზიდველი ცდუნება: ადამიანური კეთილდღეობა და ამქვეყნიური პატივმოყვარეობა. წარმართებმა ნაწილობრივ მიიღეს ქრისტიანული რწმენა და ამავე დროს უარყვეს მისი ფუნდამენტალური ჭეშმარიტება. მათ განაცხადეს, რომ იესოს ღვთის ძედ თვლიან, რომ სწამთ მისი სიკვდილი და აღდგომა, მაგრამ არ აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და არ გრძნობდნენ მონანიებისა და სულიერი გარდაქმნის საჭიროებას. მათ მცირედი დაუთმეს ქრისტიანებს და თვითონაც იგივე მოითხოვეს მათგან, რათა საერთო ქრისტიანული რწმენის საფუძველზე გაერთიანებულიყვნენ. დბ 19.3

ქრისტიანული ეკლესია ახლა საშინელი საფრთხის წინაშე დადგა. საპყრობილე, წამება, ცეცხლი და მახვილი, - ეს ყველაფერი კურთხევა იყო ამ განსაცდელთან შედარებით. ქრისტიანთა ერთი ნაწილი შეუდრეკელი აღმოჩნდა. მათ განაცხადეს, რომ არავითარ შეთანხმებაზე არ წავლენ. ზოგი მათგანი კი მზად იყო დაეთმო ან შეეცვალა ჭეშმარიტი მოძღვრების დოგმები და მათ რიგებში გაერთიანებულიყვნენ, ვინც მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო ქრისტიანული მოძღვრება. Iმედოვნებდნენ, რომ ასეთი დათმობა ხელს შეუწყობდა წარმართთა სრულ გაქრისტიანებას. ქრისტეს ერთგული მიმდევრებისთვის ეს იყო ღრმა მწუხარების დრო. ამ ცრუქრისტიანული მოძღვრებით სატანამ ეკლესიაში შეაღწია, რათა შეერყვნა რწმენა და ადამიანები ჭეშმარიტებიდან სიცრუისკენ მოექცია. დბ 19.4

და ბოლოს, ქრისტიანთა დიდი ნაწილი დაეთანხმა წამოყენებულ პირობებს და ქრისტიანებსა და წარმართებს შორის შეთანხმება იქნა დადებული. თუმცა წარმართებმა თავი ახალმოქცეულ ქრისტიანებად გამოაცხადეს, მაინც კვლავინდებურად მისდევდნენ თავიანთ წარმართულ ადათჩვევებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადრინდელი თაყვანისცემის საგნები შეცვალეს იესოს, მისი დედის და სხვა წმინდანთა ხატებით. ეკლესიაში ამგვარად შეტანილი წარმართთა საფუარი განაგრძობდა თავის დამღუპველ მოქმედებას. ქრისტიანული რწმენის ნაწილად იქცა დაუსაბუთებელი, ცრუ სწავლება, ცრურწმენის ადათები და რიტუალები. ქრისტიანული ეკლესიის წიაღში წარმართთა შემოსვლით ქრისტიანული რელიგია შეიბღალა და ეკლესიამაც დაკარგა სიწმიდე და ძალა; მაგრამ იყვნენ ისეთი ქრისტიანებიც, რომლებიც არ აყვნენ ცდუნებას. ისინი კვლავ ჭეშმარიტების მეფის ერთგული რჩებოდნენ და მხოლოდ მას სცემდნენ თაყვანს. დბ 19.5

ქრისტეს მიმდევრები ყოველთვის ორ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთნი, ვისთვისაც მაცხოვრის ცხოვრება სამაგალითო იყო, ხელმძღვანელობდნენ ამ დიდებული ნიმუშით და გულწრფელად ცდილობდნენ თავიანთი ნაკლის გამოსწორებას; და მეორენი, რომლებიც ცდილობდნენ არ შეემჩნიათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჭეშმარიტებანი, რომლებიც მათ ცოდვებს ამხელდა. თავის საუკეთესო წლებშიც კი ეკლესია არასოდეს შედგებოდა მხოლოდ გულწრფელი, წმიდა და ღვთისმოშიში ადამიანებისაგან. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომ ეკლესიაში არ უნდა მივიღოთ ადამიანები, რომელნიც შეგნებულად სცოდავენ. მაცხოვარი თავად იახლოვებდა არასრულყოფილ ადამიანებს, თავისი მოძღვრებითა და საკუთარი მაგალითით შესაძლებლობას აძლევდა, დაენახათ და გამოესწორებინათ თავიანთი შეცდომები. თორმეტ მოციქულში ერთერთი - მოღალატე იყო. იუდა, თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად, მიიღეს მოწაფეთა რიგებში. მოციქულთა საზოგადოებაში, ქრისტესთან და მის მოძღვრებასთან ახლო ურთიერთობაში მას შესაძლებლობა მიეცა, შეეცნო ქრისტიანული ხასიათი, დაენახა თავისი შეცდომები, მოენანიებინა და უფლის მადლის მეშვეობით თავისი სული”ჭეშმარიტების მორჩილებით განეწმიდა”. მაგრამ იუდა”არ დადიოდა ნათელში”, რომელიც მის გარშემო უხვად იყო. იგი თავად, საკუთარი სურვილით დანებდა სატანის ცდუნებას. მან ნება მისცა ბნელეთის ძალებს, ებატონათ მასზე. მას სწყინდა, როდესაც შეცდომებზე მიუთითებდნენ. მასში უარყოფითმა თვისებებმა იმძლავრა და თანდათანობით დაეცა საშინელ დანაშაულამდე - გაეყიდა თავისი უფალი. ასე მოსდის ყველას, ვინც ცოდვას ღვთისმოსაობის ნიღბის ქვეშ მალავს, ვისაც სძულს მამხილებელი, მისი სიმშვიდის დამრღვევი. ასეთი ადამიანები, იუდას მსგავსად, პირველი შესაძლებლობისთანავე გაყიდიან მათ, ვინც მათ გადარჩენას ცდილობდა. დბ 20.1

მოციქულები ეკლესიაში ხედავდნენ მათ, ვინც თავს ღვთისმოსავს უწოდებდა, გულში კი ურჯულოებას ინახავდა. ანანიამ და საფირამ იცრუეს: ფულის ნაწილი გადამალეს და განაცხადეს, რომ მთელი ფული გაიღეს ღვთის საქმისათვის. ჭეშმარიტების სულმა მათ ნიღაბი მოხსნა მოციქულთა წინაშე და უფლის სამსჯავრომ მოაშორა ეკლესიას მისი სიწმიდის შემბღალავი ლაქა. ქრისტეს სულის ასეთი მოქმედება ეკლესიაში შიშის ზარს სცემდა ფარისევლებს და ურჯულოთ. ისინი უკვე ვეღარ რჩებოდნენ იმათ რიგებში, ვინც ღირსეულად აცხადებდა თავის თავში ქრისტეს და როდესაც ქრისტეს მიმდევრებს განსაცდელი და დევნა ეწეოდათ, უფლის ერთგულნი მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, ვინც არაფერს იშურებდა ჭეშმარიტებისათვის. ამ გზით ეკლესიამ შედარებითი სიწმიდე შეინარჩუნა მთელი მისი დევნის პერიოდში. მაგრამ როდესაც დევნა შეწყდა, მასში შევიდნენ ახალმოქცეული ადამიანები, რომელნიც არ გამოირჩეოდნენ გულწრფელობითა და რწმენის სიმტკიცით და სატანასაც მათი მეშვეობით შესაძლებლობა მიეცა, დაეწყო თავისი დამღუპველი საქმე. დბ 20.2

მაგრამ როგორც სინათლის მეუფესა და ბნელეთის ბატონს შორის არაფერია საერთო, ასევე მათ მიმდევრებს შორისაც შეუძლებელია ერთობა. როდესაც ქრისტიანებმა თანხმობა განაცხადეს, გაერთიანებულიყვნენ მათთან, ვინც მხოლოდ ნაწილობრივ მიატოვა კერპთაყვანისმცებლობა, ისინი დაადგნენ დამღუპველ გზას, რომელიც სულ უფრო და უფრო აშორებდა ნამდვილ ჭეშმარიტებას. სატანა ზეიმობდა, რომ შეძლო ამდენი ქრისტიანის ცდუნება, თანდათანობით უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვა მათზე და აამხედრა მათ წინააღმდეგ, ვინც ძველებურად უფლის ერთგული რჩებოდა. ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ ბრძოლოს მეთოდი ყველაზე კარგად იცის იმან, ვინც ერთ დროს თავად იყო მისი დამცველი. და ეს დაცემული ქრისტიანები, ნახევრად მოქცეულ წარმართებთან ერთად იბრძოდნენ იესო ქრისტეს მოძღვრების უმთავრეს ჭეშმარიტებათა წინააღმდეგ. დბ 20.3

ამან შეუპოვარი წინააღმდეგობა გამოიწვია მათი მხრიდან, ვინც ცდილობდა უფლისადმი ერთგულების შენახვას და არ ემორჩილებოდა ეკლესიაში შემოპარულ წმიდა სამოსელში გახვეულ სიცრუესა და შეცდომებს. ბიბლიამ, როგორც რწმენის საძირკველმა, დაკარგა მნიშვნელობა. მოძღვრებას რელიგიური თავისუფლების შესახებ ერესი უწოდეს, ამ მოძღვრებათა მიმდევრები კი სძულდათ და სდევნიდნენ. დბ 21.1

ხანგრძლივი და უდრეკი ბრძოლის შემდეგ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტათ განდგომილ ეკლესიასთან, თუკი იგი არ განიწმიდებოდა კერპთაყვანისმცემლობისა და შეცდომებისაგან. ისინი კარგად ხედავდნენ: გამოყოფა აუცილებელია, თუკი ღვთის სიტყვის ერთგულებისა და მორჩილების შენარჩუნება სურთ. ისინი ვეღარ ურიგდებოდნენ იმას, რომ ეს დამღუპველი ზეგავლენა საფრთხეს უქმნიდა მათ სულს და ცუდი მაგალითი იყო მათი შვილებისა და მომავალი თაობისათვის. მშვიდობისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად ისინი მზად იყვნენ ნებისმიერ დათმობაზე წასულიყვნენ, რასაკვირველია, იმის გარდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ ჭეშმარიტ ურთიერთობას ღმერთთან, რადგან შეგნებული hქონდათ, რომ მშვიდობის მოპოვებისათვის ჭეშმარიტი პრინციპების მსხვერპლად გაღება მეტად დიდი საზღაური იქნებოდა. თუკი ერთიანობის შენარჩუნება მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის უარყოფის გზითაა შესაძლებელი, მაშინ იყოს გაყოფა და თუნდაც - ბრძოლა. დბ 21.2

რამდენად უკეთესი იქნებოდა ეკლესიისთვისაც და ქვეყნიერებისთვისაც, ღვთის ხალხის გულში რომ აღორძინებულიყო ის პრინციპები, რომლებითაც ეს მამაცი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ. ჭეშმარიტად შიშს იწვევს გულგრილი მიდგომა იმ სწავლებისადმი, რომელიც ქრისტიანული რწმენის საფუძველია. სულ უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება აზრი, რომ ამ პრინციპებს აღარა აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობა. ასეთი დამახინჯებული გაგება სატანის მსახურთ უფრო მეტ ძალასა და სიმტკიცეს მატებთ. ასე, რომ ცრუ სწავლებასა და დამღუპველ შეცდომებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას უფლის შვილები თავიანთ სიცოცხლეს სწირავდნენ, დღესაც სიამოვნებით ღებულობენ ისინი, ვინც თავს ქრისტეს მიმდევარს უწოდებს. დბ 21.3

პირველი ქრისტიანები ჭეშმარიტად განსაკუთრებული ხალხი იყო. მათი უმწიკვლო ცხოვრება და ურყევი რწმენა ურჯულოთა მუდმივ მხილებას წარმოადგენდა და სიმშვიდეს ურღვევდა მათ. მცირერიცხოვანნი, ღარიბნი, საპატიო ტიტულთა არმქონენი, თავიანთი კეთილშობილური ცხოვრებით და სწავლების დიდებულებით შიშს უნერგავდნენ უწმიდურთ. ამის გამო უღმერთოებს სძულდათ ისინი ისევე, როგორც უკეთურ კაენს სძულდა აბელი. უფლის სულის ზეგავლენისაგან განთავისუფლების მძებნელნი და მისი უარმყოფელნი ღვთის ხალხს სასიკვდილოდ დევნიდნენ იმავე მიზეზით, რისთვისაც კაენმა მოკლა აბელი; რისთვისაც იუდეველებმა უარყვეს და ჯვარს აცვეს მაცხოვარი; მისი უმწიკვლოება და სიწმიდე მუდმივი საყვედური და მხილება იყო მათი ეგოიზმისა და გარყვნილებისა. ქრისტეს პერიოდიდან დღემდე იესოს ერთგული მოწაფეები იმ ადამიანთა სიძულვილსა და წინააღმდეგობას იწვევენ, ვისაც უყვარს ცოდვა და მის გზაზე დადის. დბ 21.4

მაშ, რატომ უწოდებენ ბიბლიას მსოფლიო უწყებას? ესაიამ მესიის დაბადების შესახებ თავის წინასწარმეტყველებაში ქრისტეს სამყაროს მეფე უწოდა. როდესაც ანგელოზებმა მწყემსებს მესიის დაბადება ამცნეს, ბეთლემის გორაკების თავზე გალობდნენ:“დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება” (ლუკ. 2:14). ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებსა და ქრისტეს ნათქვამს შორის:“მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი” (მათ. 10:34), არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი. მაგრამ თუ კარგად ჩავუკვირდებით, მათ შორის აბსოლუტურ hარმონიას დავინახავთ. სახარება - მშვიდობის უწყებაა. ქრისტიანობა - ჭეშმარიტებათა მთელი სისტემაა, რომლის მიღებასა და ცხოვრებაში გატარებას მშვიდობა, ერთიანობა და ბედნიერება მოაქვს მთელ დედამიწაზე. ქრისტეს რელიგია მისი მოძღვრების მიმღებთ ერთ ძმურ ოჯახში აერთიანებს. ქრისტეს მისია იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანები შეერიგებინა ღმერთთან და ერთმანეთთან. მაგრამ დღეს ქვეყნიერებას ქრისტეს უბოროტესი მტერი სატანა მართავს. სახარებაში ადამიანები პოულობენ ცხოვრების ისეთ პრინციპებს, რომელნიც მათ ჩვევებსა და სურვილებს ეწინააღმდეგება. ამიტომ ისინი აღშფოთებას ვერ ფარავენ ამ მოძღვრების გამო. მათ სძულთ უფლის წმიდა სიტყვა, რომელიც ამხელს და კიცხავს მათ ცოდვებს. ისინი დევნიან და კლავენ მათ, ვინც უზენაესის წმიდა და სამართლიან მოთხოვნაზე მიუთითებს. სწორედ იმის გამო, რომ ღვთის სიტყვის ამაღლებული ჭეშმარიტება სიძულვილსა და ბრძოლას იწვევს; სახარებას მახვილს ადარებენ. დბ 22.1

ძალიან ბევრ ადამიანს თავისი სუსტი რწმენის გამო ვერ გაუგია უფლის საიდუმლოებით მოცული, შორსმჭვრეტელური მოქმედებანი; თუ რატომ უშვებს ღმერთი მართალთა დევნას და მათ ტანჯვას უწმიდურთა მიერ. ეს საკითხი მათში დაბნეულობას იწვევს. ზოგი კი ყოველგვარ იმედს კარგავს და აღარ ენდობა ღმერთს, როცა ხედავს, რომ ცოდვის ჩამდენნი განცხრომით ცხოვრობენ, ხოლო მართალი და კეთილშობილი ადამიანები იტანჯებიან და შევიწროებას განიცდიან მათი ბოროტებისაგან. როგორ შეიძლება, - ამბობენ ისინი, - რომ სამართლიანი, მოწყალე და ამავე დროს უსასრულოდ ყოვლისშემძლე ღმერთი უშვებს ასეთ უსამართლობასა და გაჭირვებას? მაგრამ ეს საკითხი ჩვენ არ უნდა გვაწუხებდეს. უფალმა თავისი სიყვარულის საკმარისი მტკიცება მოგვცა და არ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ მის მოწყალებაში მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვესმის მისი შორსმჭვრეტელური ქმედებანი. განა მაცხოვარმა წინასწარ არ გააფრთხილა თავისი მოწაფეები იმ ეჭვების შესახებ, რომელიც მათ გაუჩნდებოდათ სიბნელისა და მწუხრის ჟამს?”გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის მეთქითავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას” (იოან. 15:20). იესომ ჩვენი გულისათვის უფრო მეტი დაითმინა, ვიდრე რომელიმე მისმა მიმდევარმა განიცადა ადამიანთა ბოროტებისაგან. ის, ვინც მოწოდებულია, აიტანოს წამება და თვით მოწამებრივი სიკვდილიც კი, მხოლოდ ღვთის საყვარელი ძის ნაკვალევს მიhყვება. დბ 22.2

`არ აყოვნებს უფალი აღთქმულს” (2პეტ. 3:9). იგი არასოდეს ივიწყებს და არ ტოვებს თავის შვილებს. მაგრამ ზოგჯერ ურჯულოებს ნებას რთავს, გამოავლინონ თავიანთი ჭეშმარიტი ბუნება, რათა ყოველი, ვისაც უფლის ნების აღსრულება სურს, არ მოტყუვდეს მათგან. ხშირად მართლები სატანჯველში ვარდებიან, რომ განიწმინდონ, რათა სხვები დარწმუნდნენ მათი რწმენის ჭეშმარიტებაში და მათ ღვთისმოსაობაში და აგრეთვე იმისათვის, რომ თავიანთი მართალი ცხოვრებით ურწმუნონი და ურჯულონი განიკითხონ. დბ 22.3

უფალი ზოგჯერ ურწმუნოთ აძლევს კეთილდღეობას, ნებას რთავს, რომ გამოავლინონ სიძულვილი უფლისადმი, ხოლო როდესაც თავიანთი ურჯულოების თასს აავსებენ, მათ საბოლოო განადგურებაში ყველა დაინახავს ყოვლისმპყრობელის სამართლიანობასა და გულმოწყალებას. ახლოვდება უფლის შურისგების დღე, როცა მისი კანონის ყოველი დამრღვევი და მისი ხალხის დამთრგუნველი სამართლიან საზღაურს მიიღებს საკუთარი საქმეების მიხედვით; როდესაც უფლის შვილების მიმართ ჩადენილი ყოველი მათი სისასტიკე და უსამართლობა ისე დაისჯება, როგორც თვით ქრისტეს მიმართ ჩადენილი დანაშაული. დბ 23.1

არსებობს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი, რომელზედაც ყურადღება უნდა გაამახვილონ ჩვენი დროის ქრისტიანულმა ეკლესიებმა. პავლე მოციქული ამბობს:“ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება” (2ტიმ. 3:12). მაშ, რატომ შეჩერდა ქრისტიანთა დევნა? მიზეზი ერთადერთია: ეკლესიამ იმდენად შეისისხლხორცა წუთისოფლის ნორმები, რომ უკვე არავითარ წინააღმდეგობას აღარ იწვევს. ჩვენი დროის რელიგიამ დაკარგა პირვანდელი სიწმიდე, რომელიც ქრისტიანულ რწმენას ქრისტესა და მის მოციქულთა დღეებში გააჩნდა. დღეს ქრისტიანული რელიგია მთელ მსოფლიოში მხოლოდ იმიტომაა ასე გავრცელებული, რომ ღვთის სიტყვის უდიდესი ჭეშმარიტებანი უგულვებელყოფილია და ეკლესიაშიც იმდენად ცოტაა ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა, რომ გაბატონებულია ცოდვასთან კომპრომისებისა და ერთიანობის სული. ქრისტიანულ ეკლესიაში კვლავ რომ აღმდგარიყო რწმენა და პირვანდელი ქრისტიანული ძალა, მაშინ კვლავ დაინთებოდა დევნისა და წამების ცეცხლი. დბ 23.2