ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

104/154

სიყვარული მშობლებისადმი

მშობლებს აქვთ ისეთი უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის მიღების უფლება, როგორის ღირსიც არ არის არც ერთი სხვა ადამიანი. თვით ღმერთმა განსაზღვრა, რომ ცხოვრების ადრეულ წლებში მათთვის მშობლებმა შეცვალონ ღმერთი. და ის, ვინც უარყოფს თავისი მშობლების კანონიერ უფლებებს, უარყოფს ღმერთის ძალაუფლებასაც. ბოს 103.3

მეხუთე მცნება მოითხოვს, რომ შვილებმა არა მარტო პატივი სცენ თავიანთ მშობლებს, დაემორჩილონ და დაუჯერონ მათ, არამედ მოეპყრონ სიყვარულით და სინაზით, შეუმსუბუქონ მათ საზრუნავი, შეინახონ მათი კეთილი სახელი, დაეხმარონ და ნუგეში სცენ მოხუცებულობაში. ბოს 103.4

ჩვენს დროში შვილებს უმეტესად ცუდად აქვთ წარმოდგენილი, რაში მდგომარეობს მათი მოვალეობა მშობლების მიმართ. ხშირად ხდება ისე, რომ რაც უფრო მეტს აკეთებენ მშობლები თავიანთი შვილებისათვის, მით უფრო უმადურნი ხდებიან ისინი და მით უფრო ნაკლებად აფასებენ მშობლებს. ბავშვები, რომლებსაც მშობლები ათამამებდნენ, იმედოვნებენ, რომ ასე იქნება ყოველთვის და თუ მათი მოლოდინი არ სრულდება, იმედი უცრუვდებათ და სევდა ეუფლებათ. ეს მიდრეკილება გამომჟღავნდება მთელი მათი ცხოვრების მანძილზე. ისინი უსუსურნი იქნებიან, სხვებთან დაიწყებენ მხარდაჭერის ძებნას და მათი კეთილგანწყობისა და დათმობის იმედი ექნებათ. და თუ ისინი, უკვე მოზრდილები, წინააღმდეგობას შეხვდებიან, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ. ისინი საცოდავად არსებობენ წუთისოფელში, ხშირად ღიზიანდებიან, იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ეს მათ სურთ. ბოს 103.5

შვილები მშობლების სიყვარულს საჭიროებენ, სხვაგვარად ისინი ძალზე უბედურნი იქნებიან. და განა იმდენადვე სამართლიანი არ არის, რომ შვილებსაც უყვარდეთ მშობლები და გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულს ალერსიან გამოხედვაში, სასიამოვნო სიტყვებში და სიხარულით აღსავსე გულითად ურთიერთობაში, დაეხმარონ მამას მის საქმეებში და დედას ოჯახში? ბოს 104.1