ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

94/154

ქრისტე და ბავშვები

ქრისტეს დროს დედებს მასთან ბავშვები მოჰყავდათ, რათა მას თავისი ხელი დაედო მათზე და ეკურთხებინა ისინი. ამ საქციელით ისინი აჩვენებდნენ, რომ სწამთ იესო ქრისტესი და ზრუნავენ მათი მეურვეობის ქვეშ მყოფი პატარების ახლანდელ და მომავალ კეთილდღეობაზე. მაგრამ მოწაფეებს ვერ გაეგოთ, როგორ ბედავენ ეს ქალები მასწავლებლის შეწუხებას მხოლოდ იმისათვის, რომ მას ყურადღება დაეთმო მათი შვილებისათვის და დაჟინებით აგზავნიდნენ უკან. იესომ უსაყვედურა მოწაფეებს და ბრბოს უბრძანა გაეტარებინათ ერთგული დედები მათ პატარებთან ერთად. მან თქვა: “გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი” (ლუკ.18:16). დედები ჯერ კიდევ მტვრიან გზას ადგნენ, როცა იესოს უახლოვდებოდნენ, მან კი უკვე დაინახა უნებლიე ცრემლები და მთრთოლვარე ტუჩები, როდესაც ისინი ჩუმ ლოცვას აღავლენდნენ თავიანთი შვილებისათვის. იესომ გაიგონა მოწაფეების მიერ ნათქვამი საყვედურის სიტყვები და იქვე გააუქმა მათი განკარგულება. მისი სიყვარულით აღვსილი დიდებული გული ღია იყო ბავშვების მისაღებად. ერთიმეორის მიყოლებით აჰყავდა ისინი ხელში და აკურთხებდა მათ. ბოს 93.4

ეს გამამხნევებლი გაკვეთილია ყველა დროის დედებისათვის. იგი დედას და შვილებს მოუტანს მშვიდობას, იმედსა და ბედნიერებას. თქვენ გინდათ მისცეთ საუკეთესო თქვენს შვილებს? Êაშინ მიიყვანეთ ისინი ღმერთთან. ბოს 94.1

დაე, დედები თავისი სიძნელეებით იესოსთან მივიდნენ. ისინი დახმარებას მიიღებენ ბავშვების აღზრდის საქმეში. ჭიშკარი ღიაა ყოველი დედისათვის, რომელსაც სურს თავისი ტვირთი მაცხოვრის ფერხთით დადოს. იგი უწინდებურად ეპატიჟება დედებს მიიყვანონ მასთან თავიანთი პატარები, რათა აკურთხოს ისინი. ბოს 94.2

ქრისტე თავს აიგივებდა მორჩილებთან, გაჭირვებულებთან და გულგატეხილებთან. მას ხელში აჰყავდა პატარა ბავშვები და შეეძლო, როგორც თანასწორს, ურთიერთობა ჰქონოდა ახალგაზრდობასთან. მის დიდ, მოსიყვარულე გულს შეეძლო გაეგო მათი განცდები და საჭიროებები, მას ახარებდა მათი ბედნიერება. მისი სული, დაღლილი გადავსებული ქალაქის ამაოებითა და მღელვარებით, დაქანცული მატყუარა და თვალთმაქც ხალხთან ურთიერთობით, სიმშვიდესა და მოსვენებას პოულობდა უმანკო ბავშვების საზოგადოებაში. ქრისტეს თანდასწრება არასოდეს აშინებდა მათ. ზეცის სიდიადე იწყნარებდა მათ იმ დონემდე, რომ პასუხობდა მათ შეკითხვებს და ამარტივებდა თავის მნიშვნელოვან გაკვეთილებს იმდენად, რომ ისინი მისაწვდომი იყო ბავშვური აღქმისათვის. იესო მათ ახალგაზრდა, განვითარებად გონებაში ნერგავდა ჭეშმარიტების თესლს, რომელსაც შეეძლო გაზრდა და უხვი მოსავლის მოტანა მათი მოწიფულობისას. ბოს 94.3

“გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი” (მარკ.10:14). ამ სიტყვებმა უნდა გაამხნეოს მშობლები, რათა მიიყვანონ თავიანთი შვილები იესოსთან და სთხოვონ ღმერთს, ქრისტეს სახელით აკურთხოს მთელი მათი ოჯახი. ბოს 95.1