ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
ყველაზე მთავარი სიყვარულია
აწარმოეთ საოჯახო საქმეები სიბრძნითა და სიყვარულით და არა რკინის წნელით, მაშინ ბავშვები მზად იქნებიან დაემორჩილონ სიყვარულის წესებს. შეაქეთ ისინი ყოველთვის, როცა კი ამის საშუალება მოგეცემათ. გააბედნიერეთ მათი ცხოვრება, რამდენადაც შეგიძლიათ. გამოხატეთ სიყვარული და ერთგულება და ამით შეინარჩუნეთ ბავშვის გულის ნიადაგის სირბილე, ამგვარად მოამზადეთ იგი ჭეშმარიტების თესლის მისაღებად. გახსოვდეთ, რომ უფალი დედამიწაზე აგზავნის არა მარტო ღრუბლებსა და წვიმას, არამედ მზის მშვენიერ, რბილ შუქს. ნუ დაივიწყებთ იმის შესახებ, რომ ბავშვები საჭიროებენ არა მარტო გაკიცხვასა და გამოსწორებას, არამედ გამხნევებასა და შექებას, ალერსიან, კეთილ სიტყვებს. ბოს 6.1
ჩვენ ყოველგვარ ძალისხმევას უნდა მივმართოთ, რათა სახლი იქცეს ოჯახურ კერად ამ სიტყვის სრული გაგებით. ოჯახი უნდა გახდეს ზეცის ნაწილი დედამიწაზე, ადგილი, სადაც შევძლებთ გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და არ შეგვეშინდება, რომ ისინი სიუხეშით იქნება დათრგუნული. ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გავამჟღავნებთ ერთმანეთისადმი სიყვარულსა და თანაგრძნობას. ოჯახური კავშირი - ეს ყველაზე მჭიდრო, ყველაზე ნაზი და ყველაზე წმიდა კავშირია დედამიწაზე. იგი მოწოდებულია იყოს კურთხევა - ადამიანისათვის. და იგი იქცევა კურთხევად ყველგან, სადაც საქორწინო კავშირი იდება გონებით, ღმერთის ნების თანახმად, მეუღლეების მიერ ორმხრივი პასუხისმგებლობის სათანადო გაგებით. ბოს 6.2
ოჯახი, რომელსაც ამშვენებს სიყვარული, თანაგრძნობა და სინაზე, არის ადგილი, სადაც ანგელოზებს უყვართ ყოფნა და სადაც განდიდდება ღმერთი. ბოს 6.3
გულწრფელობა ღმერთის წინაშე უნდა აღავსებდეს სახლს. მშობლებისა და ბავშვებისათვის აუცილებელია ისწავლონ ღმერთთან თანამშრომლობა. მათ თავიანთი ჩვევები და მიდრეკილებები ღმერთის გეგმასთან თანხმობაში უნდა მოიყვანონ, ისინი უნდა გაერთიანდნენ, რათა სიყვარულით ემსახურონ ერთადერთს, ვისაც ძალუძს სისუფთავესა და კეთილშობილებაში შეინახოს ადამიანური სიყვარული. ბოს 6.4