ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
მშობელთა რჩევები
ახალგაზრდა ადამიანები და ქალიშვილები თავისი ბუნებით განუსჯელობისაკენ არიან მიდრეკილნი და ადრეულ წლებში, სანამ მათი ხასიათი ჩამოყალიბდება და მსჯელობა მომწიფებული გახდება, ისინი ხშირად უპირატესობას ანიჭებენ იმათთან ურთიერთობას, ვინც მათზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამასთან დაკავშირებით მე ვისურვებდი გამეფრთხილებინა მშობლები, რომ არ დაჰყვნენ თავიანთი შვილების სურვილებს მეგობრების არჩევაში. ბოს 154.1
სათანადოდ გაუფრთხილდით თქვენს შვილებს. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დართოთ ნება წავიდნენ და მოვიდნენ იმ დროს, როდესაც მათ მოესურვებათ, თქვენს დაუკითხავად და თქვენი ნებართვის გარეშე. შეუზღუდავ თავისუფლებას, რომელსაც ჩვენს დროში შვილებს ანიჭებენ, მრავალი დაღუპვისაკენ მიჰყავს. Àავშვებს საშუალებას აძლევენ საღამოობით დიდხანს იყვნენ ქუჩაში და ხშირად მშობლები საჭიროდ არ თვლიან დაინტერესდნენ, ვისთან მეგობრობენ მათი შვილები. ხშირად ისინი ირჩევენ მეგობრებს, რომელთა გავლენა მხოლოდ ღუპავს მათ. ბოს 154.2
ვაჟისგან თუ ქალიშვილისგან აუცილებლად უნდა მოითხოვოთ ახსნაგანმარტება, თუ მათ სახლში არ გაათიეს ღამე. მშობლებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ წრეში არიან ხოლმე მათი შვილები და რომელ სახლში ატარებენ საღამოებს. ბოს 154.3
მამები და დედები შვილებს ძალზე ხშირად აძლევენ ნებას თვითონ ამოირჩიონ გასართობი, მეგობრები და საქმიანობა. შედეგები ისეთია, როგორიც მოსალოდნელი იყო. დატოვეთ ყანა დაუმუშავებელი და იგი ეკალბარდებით დაიფარება. თქვენ ვერასოდეს დაინახავთ ლამაზ ყვავილს უშნო სარეველებს შორის. უვარგისი ნაცარქათამა დიდებულად იზრდება ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე, მაშინ, როდესაც ძვირფასი, სასარგებლო და ლამაზი მცენარეები გულმოდგინე მოვლას მოითხოვს. ასეთივეა საქმის ვითარება ჩვენს ახალგაზრდობასთან დაკავშირებით. აუცილებელია სერიოზული სამუშაოს ჩატარება, რათა მათში სასარგებლო მიდრეკილებები გამოვიმუშავოთ და მათ გულებში სამართლიანი პრინციპები განვამტკიცოთ. ცუდი ჩვევების გამოსასწორებლად საჭიროა გულმოდგინება და დაჟინება. ბოს 155.1
შეზღუდვები მტკიცე, მაგრამ კეთილმოსურნე უნდა იყოს. მშობლებმა არ უნდა დაუთმონ თავიანთი შვილების მავნე მიდრეკილებებს, არამედ სიკეთითა და სიყვარულით უნდა შეაჩერონ ისინი. არ ღირს დაუშვათ, რომ ბავშვები თავიანთი სურვილების დინებას მიჰყვნენ და თავიანთი გაიტანონ. არავინ იმყოფება ისეთი საფრთხის ქვეშ, როგორც ისინი, ვისაც არ აქვს შეგნებული ეს საფრთხე და უარყოფს ყოველგვარ გაფრთხილებასა და რჩევას. ბოს 155.2
შვილებს ისე უნდა ასწავლოთ და ისე უნდა აღზარდოთ, რომ მზად იყვნენ თავდაჭერილნი შეხვდნენ სიძნელეებს და გადალახონ ისინი. თუ ახალგაზრდები განზრახ არ ჩაიგდებენ თავს ხიფათში, მაშინ, როდესაც შემთხვევით მოხვდებიან ცუდ წრეში, საკმარისი ნებისყოფის მქონენი, შეძლებენ თავიანთი პრინციპების დაცვას. ბოს 155.3