პატრიარქები და წინასწარმეტყველები
პატრიარქები და წინასწარმეტყველები
თავი 1 - რატომ დაიშვა ცოდვა
/ცოდვის წარმოშობა/
“ღმერთი სიყვარულია” /1 იოან. 4:16/. მისი არსი, მისი კანონი სიყვარულს წარმოადგენს. ასე იყო და ასე იქნება მარად. “მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი”, “საუკუნოა მისი გზასავალი” და არასოდეს იცვლება. მასში “არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა” /ეს. 57:15; აბაკ. 3:6; იაკ. 1:17/. პწ 7.1
მისი შემოქმედებითი ძალის ყოველი გამოვლინება მისი უსასრულო სიყვარულის გამოხატულებაა. უფლის მფლობელობა მოიცავს სრულ კურთხევას მის მიერ შექმნილი ყოველი ცოცხალი არსების მიმართ. მეფსალმუნე ამბობს: პწ 7.2
“შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.
სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი,
წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი
სახის შუქით იარებიან, უფალო; შენი სახელით ილხენენ ყოველდღე
და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა
და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი
და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი” /ფს. 88:14-19/.
პწ 7.3
ბოროტებასა და სიკეთეს შორის დიადი ბრძოლის ისტორია, რომელიც ზეცაში დაიწყო და გრძელდება დედამიწაზე ამ ამბოხების საბოლოო ჩახშობამდე და ცოდვის სრულ განადგურებამდე, აგრეთვე უფლის უცვლელი სიყვარულის მოწმობას წარმოადგენს. პწ 7.4
სამყაროს მბრძანებელი მარტო არ იყო თავისი კეთილი საქმეების კეთებისას. მის გვერდით იყო ის, ვისაც კარგად ესმოდა უზენაესის ზრახვები და შეეძლო გაეზიარებინა მისი სიხარული, რომელიც ღვთის მიერ შექმნილ არსებათა გაბედნიერებაში გამოიხატებოდა. “თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო თავდაპირველად ღმერთთან” /იოან. 1:1, 2/. ქრისტე - სიტყვა, უფლის ერთადერთი ძე, მარადმსუფევი მამის ხატება - არის მისი ბუნების, ხასიათისა და მიზნების მატარებელი. მხოლოდ მას, ერთადერთს, შეეძლო ჩასწვდომოდა უფლის ყოველ ჩანაფიქრსა და განზრახვას. “ეწოდა სახელად საკვირველი, მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი” /ეს. 9:5/; “ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან” /მიქ. 5:2/. თავად უფლის ძე ამბობს საკუთარ თავზე, როგორც უზენაესის სიბრძნეზე: “უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით... როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი” /იგავ. 8:22-30/. პწ 7.5
თავისი ძის მეშვეობით შექმნა მამამ ყოველი ზეციური არსება. “ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი... საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი” /კოლ. 1:16/. ანგელოზები უფლის მომსახურე სულები არიან, უფლისაგან გამოსული ნათლის ბრწყინვალებით მოსილნი, რომლებიც თავიანთი სწრაფი ფრთებით ყოველთვის ჩქარობენ, რათა უფლის ნება აღასრულონ. ხოლო მათი მბრძანებელია ძე, უფლის ცხებული, “დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, ყოველივე რომ უპყრია თავისი ძალის სიტყვით” /ებრ. 1:3/. დიდების ტახტი, ამაღლებული დასაბამიდან, მისი საწმიდრის ადგილსამყოფელი იყო /იერ. 17:12/; “სიმართლის კვერთხი” მისი მეფობის კვერთხი იყო /ებრ. 1:8/. მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში” /ფს. 95:6/. “წყალობა და ჭეშმარიტება” მისი სახის წინაშე დადიან /ფს. 88:15/. პწ 7.6
უფლის მმართველობა სიყვარულის კანონზეა დაფუძნებული, ამიტომ ყოველი გონიერი არსების ბედნიერება უფლის სამართლიანობის დიად პრინციპებთან სრულ თანხმობაზეა დამოკიდებული. უფალს სურს, რომ მის მიერ შექმნილი არსებები სიყვარულით ემსახურებოდნენ მას და რომ მათი მსახურება უფლის ხასიათისა და არსის შემეცნებით იყოს განპირობებული. იძულებითი მსახურება არავითარ სიამოვნებას არ ჰგვრის მას. ყველას ეძლევა თავისუფალი ნება, რათა ადამიანები ნებაყოფლობით ემსახურონ უფალს. პწ 8.1
მანამდე, სანამ უფლის მიერ შექმნილი არსებები სიყვარულის კანონის სამართლიანობას აღიარებდნენ, მთელ სამყაროში სრული ჰარმონია სუფევდა. შემოქმედის ნების აღსრულება დიდ სიხარულს ჰგვრიდა ზეციურ მხედრობას. მისი დიდების ასახვა და მისი სახელის განდიდება უმაღლეს კმაყოფილებას ანიჭებდა მათ. და რადგან უფლის სიყვარული მათთვის უმთავრესი იყო, ერთმანეთის მიმართაც გულწრფელი და უანგარო გრძნობით იყვნენ გამსჭვალულნი. არც ერთი ყალბი ბგერა არ არღვევდა ზეციურ ჰარმონიას. ნაგრამ ამ ბედნიერ სამყაროში რაღაც შეიცვალა. გამოჩნდა ვიღაც, ვინაც ბოროტად გამოიყენა უფლის მიერ ყოველი წმიდა არსებისადმი ბოძებული თავისუფლება. ცოდვა იშვა მასში, ვინც ყველაზე მეტად იყო ღვთისაგან განდიდებული ქრისტეს შემდეგ, ვისაც უმაღლესი ძლიერება და დიდება ებოძა ზეცის სხვა ბინადართა შორის. ლუციფერი, “განთიადის ძე”, “წმიდა და უბიწო”, პირველი იყო მფარველ ქერუბითა შორის. იგი შემოქმედის გვერდით იმყოფებოდა და მარადიული ღმერთის სახისგან გამოსული წარუვალი დიდების სხივი მოსავდა. “ასე ამბობსთქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული. ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი... მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი. სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა” /ეზეკ. 28:12-15/. პწ 8.2
თანდათანობით გაიზარდა ლუციფერში თვითგანდიდებისაკენ სწრაფვა. წმიდა წერილი ამბობს: “გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით” /ეზეკ. 28:17/. “გულში ამბობდი: “ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო ტახტზე... უზენაესს გავუტოლდები” /ეს. 14:13,14/. თუმცა მთელი დიდება ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული, ამ უძლიერესმა ანგელოზმა იგი თავის საკუთრებად მიიჩნია. თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო ლუციფერმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველა ზეციურ მკვიდრზე უფრო მეტად იყო აღზევებული, გაბედა სწრაფვა იმ დიდებისაკენ, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა. ზეციურ მკვიდრთა ყურადღების, სიყვარულისა და ერთგულების უზენაესისკენ მიმართვის ნაცვლად იგი აიძულებდა მათ, ერთგული სამსახური გაეწიათ მისთვის, ლუციფერისათვის. ნოისურვა რა დიდება, რომლითაც მარადიულმა ღმერთმა შემოსა თავისი ძე, ეს მთავარი ანგელოზი შეეცადა ხელში ჩაეგდო ძალაუფლება, რომელიც მხოლოდ ქრისტეს ეკუთვნოდა. პწ 8.3
ამგვარად დაირღვა ზეციური ჰარმონია. უფლის სახელის აღზევების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებისაკენ ლუციფერის სწრაფვამ შეაშფოთა ზეცის მცხოვრებნი, რომლებიც თვლიდნენ, რომ მხოლოდ ღმერთია ღირსი უმაღლესი დიდებისა. ზეცაში მოწვეულ თავყრილობებზე ანგელოზები ემუდარებოდნენ ლუციფერს, შეეწყვიტა ამგვარი ქმედებანი. უფლის ძემ წარუდგინა მას შემოქმედის სიდიადე, სიკეთე და სამართლიანობა, მისი რჯულის წმიდა და მარადიული ბუნება. თავად ღმერთმა დაადგინა ზეციური წესი და მისი დარღვევით ლუციფერი შემოქმედს შეურაცხყოფდა და თავსაც დაიღუპავდა. ნაგრამ ამ უსაზღვრო სიყვარულითა და თანაგრძნობით აღსავსე გაფრთხილებამ უფრო გაუსასტიკა გული. ლუციფერმა თანდათან გააღვივა თავის გულში შური ქრისტეს მიმართ და უფრო მტკიცედ დაიწყო მოქმედება. პწ 9.1
ანგელოზთა მთავარმა მიზნად დაისახა, სადავო საგნად ექცია უფლის ძის უზენაესი ხელისუფლება, რათა ამით ანგელოზებში დაეთესა ეჭვი ღვთის სიბრძნისა და სიყვარულის მიმართ. ამ გეგმის განსახორციელებლად საჭირო იყო მისი არაჩვეულებრივი გონების დაძაბვა, რითაც მას, ქრისტეს შემდეგ, პირველი ადგილი ეჭირა ზეციურ ანგელოზთა შორის. მაგრამ უფალმა ღმერთმა, ვინც თავის მიერ შექმნილ ყოველ არსებას თავისუფალი ნება მისცა, არ დატოვა დახმარების გარეშე არც ერთი სული, მოხვედრილი ამ მოჩვენებითი სამართლიანობის ბადეში, რომლითაც მეამბოხე თავის გამართლებას ლამობდა. დიადი ბრძოლის დაწყებამდე ყველას ნათლად უნდა წარმოედგინა ნება უფლისა, ვისი სიბრძნეც და სიკეთეც მათი სიხარულის დაუშრეტელი წყარო იყო. პწ 9.2
სამყაროს მეფემ შეკრიბა მთელი ზეციური მხედრობა, რათა მათ წინაშე განემტკიცებინა თავისი ძის პოზიცია და ეჩვენებინა თავისი დამოკიდებულება მის მიერ შექმნილ არსებათა მიმართ. უფლის ძე მამასთან ერთად დაჯდა ტახტზე, საიდანაც გამობრწყინდა სიდიადე მარადცოცხალისა და მარადარსებულისა, რომელიც თავადაა სიცოცხლის წყარო. ტახტის წინაშე შეიკრიბა უამრავი ანგელოზი “და მათი რიცხვი იყო ათიათასჯერ ათიათასი და ათასჯერ ათასი” /გამოცხ. 5:11/. ანგელოზები, რომლებსაც, როგორც მსახურებსა და ქვეშევრდომებს, ყველაზე მაღალი მდგომარეობა ეჭირათ, ხარობდნენ უფლის სახისაგან გამოსული ნათელი სხივებით. შეკრებილ ზეციურ მცხოვრებთა წინაშე სამყაროს მეფემ გამოაცხადა, რომ მამისაგან მხოლოდშობილი ძის, ქრისტეს გარდა მის განზრახვას ბოლომდე ვერვინ ჩასწვდება და ღმერთის უდიდესი ჩანაფიქრი ქრისტემ უნდა აღასრულოს. უფლის ძემ აღასრულა მამის ნება მთელი ზეციური მხედრობის შექმნისას და ახლა ზეცის მკვიდრნი მოწიწებით უნდა ემსახურონ მას, როგორც ღმერთს. ქრისტეს კვლავინდებურად უნდა გამოევლინა ღვთიური ძალა დედამიწისა და მის მცხოვრებთა აღსაშენებლად. მაგრამ იგი არ ეძებდა ძალაუფლებას და არც თვითგანდიდებისაკენ ისწრაფოდა უფლის ნების საწინააღმდეგოდ, არამედ იღწვოდა მამის სახელის განდიდებისათვის, რათა აღესრულებინა მისი განზრახვა, აღსავსე მოწყალებითა და სიყვარულით. პწ 9.3
ანგელოზებმა სიხარულით აღიარეს ქრისტეს უმაღლესი ძალაუფლება და დიდი სიყვარულით თაყვანი სცეს მას. ლუციფერმაც მოიყარა მუხლი მათთან ერთად ქრისტეს წინაშე, მაგრამ მისი გულის სიღრმეში უჩვეულოდ სასტიკი ბრძოლა მძვინვარებდა. ჭეშმარიტება, სამართლიანობა და ერთგულება ებრძოდა მის გულში გამეფებულ შურსა და ეჭვს. წუთით თითქოს ისიც წმიდა ანგელოზთა ზეგავლენის ქვეშ მოექცა და საყოველთაო სიხარული გაიზიარა. სახოტბო საგალობელთა მელოდიებმა, ათასობით ბედნიერმა ხმამ რომ აიტაცა, თითქოს გააქრო შურის გრძნობა, რომელიც ასე აწვალებდა ლუციფერს და უსაზღვრო სიყვარულმა მოიცვა მთელი მისი არსება; მისი სული თითქოს მთლიანად შეუერთდა მამისა და ძისადმი ერთგული სიყვარულით აღსავსე ათასობით ზეციურ მცხოვრებთა გულებს. მაგრამ აი, კვლავ აივსო მისი გული სიამაყით იმ დიდების გამო, რომელიც გარს ერტყა; კვლავ აღიძრა მასში პირველობის სურვილი, ქრისტეს მიმართ შურმა კი უფრო დიდი ძალით იფეთქა. ლუციფერმა ვერ შეაფასა ის უდიდესი პატივი, რომელიც უფალმა განსაკუთრებული ძღვენის სახით უბოძა. მას სულაც არ გააჩნდა მადლიერების გრძნობა თავისი შემოქმედის მიმართ; თავისი ღირსებებით და მაღალი მდგომარეობით გაამაყებულს და ცდუნებულს ძლიერ სურდა ღვთის თანასწორად ყოფნა. ლუციფერი უყვარდათ. მთელი ზეციური მხედრობა პატივს სცემდა მას. ანგელოზები სიხარულით ასრულებდნენ მის დავალებებს. უდიდესი სიბრძნითა და დიდებით მოსილი, იგი ყველა ანგელოზზე მაღლა იდგა. მხოლოდ უფლის ძე, ძალითა და ხელმწიფებით მამის ტოლი, იდგა მასზე მაღლა. მხოლოდ ქრისტე ბჭობდა მამასთან ერთად, ლუციფერისთვის კი უფლის ზრახვები არ იყო ცნობილი. “რატომ უნდა იყოს ქრისტე უმაღლესი ძალაუფლების მფლობელი? - ამბობდა ეს ძლიერი ანგელოზი, - რატომ სცემენ მას უფრო დიდ პატივს, ვიდრე მე?” პწ 10.1
დატოვა თუ არა ლუციფერმა უფლის სამყოფელი, მაშინვე ანგელოზთა შორის უკმაყოფილების სულის დათესვას მიჰყო ხელი. იგი დიდი სიფრთხილით, დაფარულად მოქმედებდა და ერთხანს შეძლო კიდეც თავისი ნამდვილი ზრახვების საიმედოდ დამალვა და უფლისადმი მოწიწების ნიღბით შემოსვა. შეუმჩნევლად ცდილობდა იგი უნდობლობის გამოწვევას ზეციური მმართველობის კანონების მიმართ, როცა გადაკვრით, თითქოს სხვათა შორის, ამბობდა, რომ უფლის კანონი, შეიძლება, საჭიროა სამყაროთა მკვიდრთათვის, მაგრამ ანგელოზების კანონით შეზღუდვა სულაც არ არის აუცილებელი, ვინაიდან ისინი უფრო მაღალორგანიზებული არსებანი არიან და საკუთარი სიბრძნით შეუძლიათ იხელმძღვანელონ. იგი არწმუნებდა მათ, რომ ისეთ არსებათათვის, როგორც ისინი, შეუძლებელია უფლის შეურაცხყოფა, რადგან მათი აზრები და ფიქრები წმიდაა და ცოდვის ჩადენა მათთვის ისევე შეუძლებელია, როგორც თავად ღმერთისთვის. უფლის ძის მამის თანასწორად ჩათვლას ლუციფერი თავის მიმართ უსამართლობად თვლიდა და ამტკიცებდა, რომ მასაც ჰქონდა თაყვანისცემისა და პატივის მიღების უფლება. აი, ანგელოზთა მთავარს რომ შეეძლოს მისი კუთვნილი ადგილის დაკავება, ბევრ კარგ საქმეს გაუკეთებდა ზეციურ მხედრობას, ვინაიდან მისი მიზანია, სრული თავისუფლება მიეცეს ყველას. ახლა კი იმ თავისუფლებასაც დაუდგა აღსასრული, რომლითაც ისინი წარსულში სარგებლობდნენ, რადგან მათზე დაინიშნა ყოვლისშემძლე ხელმწიფე, რომლის ავტორიტეტის წინაშეც ყველამ მუხლი უნდა მოიყაროს. აი, როგორ დახვეწილად ცრუობდა ლუციფერი, რათა წარმატება მოეპოვებინა ზეციურ სავანეებში. პწ 10.2
ქრისტეს მდგომარეობა თავიდანვე უცვლელი იყო. და მხოლოდ ლუციფერის ეგოიზმმა, მის მიერ გავრცელებულმა ჭორმა, მისმა ქრისტეს თანასწორად გახდომის სურვილმა გამოიწვია აუცილებლობა, აეხსნათ ზეციურ მკვიდრთათვის უფლის ძის ჭეშმარიტი მდგომარეობა, რომელიც ოდითგანვე ეკავა მას. მაგრამ ბევრი ანგელოზი მაინც დააბრმავა და აცდუნა ლუციფერმა თავისი მზაკვრობით. პწ 11.1
ლუციფერი წმიდა ანგელოზთა უსაზღვრო ერთგულებით, სიყვარულითა და ნდობით სარგებლობდა, იგი მათი მთავარი იყო და მათში უნდობლობასა და უკმაყოფილებას ისე ოსტატურად ნერგავდა, რომ მისი ამ მოქმედების ჭეშმარიტი მიზანი კვლავ შენიღბული რჩებოდა. ლუციფერი უფლის ზრახვებს ცრუდ წარმოსახავდა, არასწორად განმარტავდა და ამახინჯებდა, რითაც უთანხმოებასა და უკმაყოფილებას თესავდა. იგი ოსტატურად იგებდა ხოლმე ანგელოზთა აზრებს და, როცა ხელსაყრელ მომენტს იპოვიდა, ამ შეგროვილ ცნობებს იმის დასამტკიცებლად იყენებდა, რომ თითქოს ეს ზეციური არსებანი უფლის მმართველობით უკმაყოფილონი იყვნენ. აცხადებდა, რომ იგი სრულებით ემორჩილება ღვთის ნებას და მოითხოვდა ზეცის წესდებასა და კანონებში ცვლილებათა შეტანას, რომლებიც თითქოსდა ღვთიური მმართველობის განმტკიცებისათვის იყო აუცილებელი. ლუციფერი თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ყოველგვარი პროტესტის ჩაქრობა და ამბოხებულ ანგელოზთა ზეციურ კანონებთან შემორიგება სურდა. იგი ჩუმად აჩაღებდა უთანხმოებისა და ამბოხების სულს და ამავე დროს საოცარი ოსტატობით არწმუნებდა გარშემო მყოფთ, რომ მისი ერთადერთი მიზანია ერთგულება, თანხმობა და მშვიდობა. პწ 11.2
ამგვარად აგორებულმა უკმაყოფილების სულმა გააკეთა თავისი დამღუპველი საქმე. ჯერ არ მომხდარიყო არც ერთი აშკარა ამბოხება, მაგრამ უთანხმოება ანგელოზთა შორის შეუმჩნევლად იზრდებოდა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მოწონებით უსმენდა ლუციფერის ცილისწამებას ღვთიური მმართველობის მისამართით. და, თუმცა ადრე ისინი სრულიად ეთანხმებოდნენ უფლის მიერ დადგენილ წესებს, ახლა, უკმაყოფილების გრძნობით შეპყრობილთ, აწუხებდათ იმაზე ფიქრი, რომ არ შეუძლიათ ჩასწვდნენ უფალი ღმერთის მიუკვლეველი გზების საიდუმლოს. მათ ასევე ძალიან არ მოსწონდათ უფლის მიერ ქრისტეს ასეთი აღზევება. ახლა ისინი მზად იყვნენ, მხარი დაეჭირათ ლუციფერის შემდგომი მოთხოვნისთვისაც - გამხდარიყო უფლის ძის თანასწორი. მაგრამ უფლის ერთგული ანგელოზები აშკარად იცავდნენ ღვთიური მმართველობის სამართლიან პრინციპებსა და სიბრძნეს და ცდილობდნენ, უფლის ნებასთან შეერიგებინათ ეს ურჩი არსებები. ქრისტე უფლის ძეა. იგი ყოველთვის იყო მამასთან ერთად ანგელოზების შექმნამდე და მუდამ მამის გვერდით იჯდა ტახტზე. კურთხევითა და წყალობით სავსე მისი უზენაესი ხელმწიფების, მისი მოწყალე მფარველობს მიმართ ადრე არავის გამოუთქვამს უკმაყოფილება. აქამდე ზეციური ჰარმონია არავის დაურღვევია. რატომ გაჩნდა ახლა უთანხმოება? უფლის ერთგული ანგელოზები წინასწარ ჭვრეტდნენ ამ უთანხმოების დამღუპველ შედეგს და მხურვალედ ურჩევდნენ ამბოხებულ ანგელოზებს, მიეტოვებინათ თავიანთი განზრახვა და ერთგულად ემსახურათ ღვთის წინაშე. პწ 11.3
უფალი, მისთვის დამახასიათებელი უდიდესი თანაგრძნობით, დიდხანს უთმენდა ლუციფერს. უთანხმოებისა და უკმაყოფილების სული ადრე არასოდეს გამოვლენილა ზეცაში. ეს იყო რაღაც ახალი მოვლენა - უცნაური, ამოუხსნელი, იდუმალი. თავიდან თვით ლუციფერსაც არ ესმოდა თავისი გრძნობების ჭეშმარიტი არსი; ერთხანს ეშინოდა კიდეც, გამოეთქვა თავისი აზრი, თუმცა არც კი უცდია მისი სულისათვის მტანჯველი ეჭვებისა და ფიქრებისაგან გათავისუფლება. მას არც უფიქრია, თუ სადამდე მიიყვანდა ყოველივე ეს. უფალმა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო უზენაესის უსაზღვრო სიყვარულსა და სიბრძნეს, რათა ლუციფერი თავის შეცდომებში დარწმუნებულიყო. მისი უკმაყოფილების უსაფუძვლობა, მისი ამბოხების არასასურველი შედეგი - ყოველივე განემარტა მას. ლუციფერი მიხვდა თავის შეცდომას. იგი ხედავდა, რომ “მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში” /ფს. 144:17/, რომ ღვთიური წესდებები სამართლიანია და რომ მან მთელი ზეცის წინაშე უნდა აღიაროს ეს. ასე რომ მოქცეულიყო, ლუციფერი თავსაც უშველიდა და ანგელოზებსაც გადაარჩენდა. იმ დროს იგი ჯერ კიდევ არ იყო ღვთისაგან სრულიად განდგომილი. თუმცა მას უკვე აღარ ეკავა მფარველი ქერუბიმის ადგილი, როგორც ადრე, მაგრამ შეეძლო კვლავ დაებრუნებინა თავისი ადრინდელი უფლებამოსილება, მამასთან დაბრუნება, შემოქმედის სიბრძნის აღიარება და უფლის მიერ მითითებული ადგილის დაკავება რომ მოესურვებინა. დადგა გადამწყვეტი მომენტი: ის ან სრულად უნდა დამორჩილებოდა ღვთიურ ხელმწიფებას, ან საჯაროდ უნდა ჩაბმულიყო ბრძოლაში. ერთხანს ლუციფერი ყოყმანობდა და თითქოს მზად იყო, თავის შემოქმედს დაბრუნებოდა, მაგრამ სიამაყემ არ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. დანაშაულისა და საკუთარი შეცდომის საჯაროდ აღიარება და იმ ხელმწიფებისადმი სრული მორჩილების გამოხატვა, რომლის უსამართლობის დამტკიცებასაც იგი ცდილობდა, — ყოველივე ეს, მისი აზრით, ძალიან დიდი მსხვერპლი იყო იმ პიროვნებისათვის, ვისაც ადრე ზეცაში ასეთი მაღალი მდგომარეობა ჰქონდა. პწ 11.4
ღრმა თანაგრძნობითა და სიყვარულით ცდილობდა მოწყალე შემოქმედი ლუციფერისა და მის თანამზრახველთა ხსნას ცოდვის უფსკრულისაგან, რომელიც სამუდამოდ დაღუპავდა მათ. ნაგრამ მისი თანაგრძნობა არასწორად იქნა გაგებული. ლუციფერი უფლის დიდ მოთმინებას თავის საკუთარ უპირატესობად და იმის ნიშნად თვლიდა, რომ მაინც დადგება დრო, როცა სამყაროს მეფე შეასრულებს მის მოთხოვნებს. იგი შეეცადა დაერწმუნებინა ანგელოზები, რომ, თუკი ისინი მისადმი მტკიცე ერთგულებას გამოიჩენდნენ, აუცილებლად მიაღწევდნენ სასურველ შედეგს. და თავის ადრინდელ პოზიციებზე მდგარმა ლუციფერმა აშკარა ბრძოლა გამოუცხადა შემოქმედს. ამგვარად ლუციფერი, “მფარველი ქერუბიმი”, უფლის დიდების ზიარი, მისი ტახტის გუშაგი, ცოდვის გამო სატანად, უფლისა და წმიდა ანგელოზთა “მოწინააღმდეგედ” და მათ დამღუპველად იქცა ვინც მას დაემორჩილა. პწ 12.1
სიძულვილით უკუაგდო უფლის ერთგულ ანგელოზთა თხოვნა და მტკიცებანი ლუციფერმა და ისინი მოტყუებულ მონებად გამოაცხადა. ქრისტესთვის უპირატესობის მინიჭებას მან როგორც თავის, ასევე მთელ ზეციურ მკვიდრთა მიმართ უსამართლობა უწოდა და განაცხადა, რომ უკვე შეუძლებელია მათი უფლებების აბუჩად აგდების მოთმენა და რომ იგი არასოდეს აღიარებს ქრისტეს უზენაეს ხელმწიფებას. მან მტკიცედ განაცხადა, რომ ეს დიდება მას უნდა ეკუთვნოდეს და მოუწოდა ყველა მსურველს, გაჰყოლოდა მას. და მათ, ვინც ლუციფერის მიმდევართა რიგებში ჩადგებოდა, ახალი და უკეთესი მმართველობა აღუთქვა, რომელიც თავისუფლების ჭეშმარიტ სიამეს მიანიჭებდა მათ. უამრავმა ანგელოზმა გამოთქვა სურვილი, გაჰყოლოდა მას. ამ პირფერული მხარდაჭერით აღფრთოვანებულ ლუციფერს იმედი ჰქონდა, რომ ყველა ანგელოზს თავის მხარეზე გადაიყვანდა, რათა ღმერთის მსგავსად ებატონა მათზე. პწ 12.2
მაგრამ უფლის ერთგული ანგელოზები კვლავაც ევედრებოდნენ ლუციფერსა და მის მხარდამჭერთ, დამორჩილებოდნენ ღმერთს, აფრთხილებდნენ ასეთი ამბოხების საბედისწერო შედეგებზე; არწმუნებდნენ, რომ შემოქმედს არ გაუძნელდება მათი თავხედური სიჯიუტის დათრგუნვა და ღირსეულად დასჯა. ვერც ერთი ანგელოზი ვერ დარჩებოდა დაუსჯელი უფლის რჯულისადმი დაუმორჩილებლობის გამო, რომელიც წმიდაა ისევე, როგორ თვით უფალი ღმერთი. ისინი ევედრებოდნენ ანგელოზებს, არ ესმინათ ლუციფერის ცრუ მტკიცებებისათვის, არამედ დაუყოვნებლივ თავიანთ მცდუნებელთან ერთად უფლის წინაშე წარმდგარიყვნენ და მოენანიებინათ თავიანთი შეცდომები და თავხედური სითამამე, რითაც ეჭვი და უნდობლობა დათესეს ღვთიური სიბრძნისა და ძალაუფლების მიმართ. პწ 13.1
ბევრმა ისმინა მათი გაფრთხილება და მოისურვა კიდეც თავისი დანაშაულის მონანიება და მამისა და ძის კეთილგანწყობის დაბრუნება, მაგრამ ლუციფერმა სხვა მზაკვრული გეგმა მოამზადა. უდიდესმა მეამბოხემ განაცხადა, რომ მისი თვალსაზრისის გამზარებელმა ანგელოზებმა იმდენად შესცოდეს, რომ მათთვის უკანდასახევი გზა აღარ არსებობს და, უფლის რჯულის საკუთარ ავტორიტეტულ ცოდნაზე დაყრდნობით, დაარწმუნა, რომ ღმერთი ვერასოდეს მიუტევებს მათ და ყოველ მათგანს, ვინც ზეცის ავტორიტეტის მორჩილებას ისურვებს, წაერთმევა ღირსება და პატივი. ხოლო რაც შეეხება თავად მას, ლუციფერს, იგი არასოდეს აღიარებს ქრისტეს უზენაეს ხელმწიფებას. ერთადერთი, რაც მას და მის მიმდევრებს დარჩენიათ, განაცხადა მან, ესაა მთელი ძალებით დაიცვან თავისუფლება და თავიანთი უფლებები, რომელთა მოპოვებაც მშვიდობიანი გზით ვერ შეძლეს. პწ 13.2
მართლაც, სატანისათვის მონანიება უკვე ძალზედ გვიანი იყო, მაგრამ არა მათთვის, ვინც მის მიერ ცდუნდა. წმიდა ანგელოზთა თანაგრძნობამ და მხურვალე ვედრებამ იმედის კარი გაუხსნა გზააბნეულთ. და მათ რომ მართლაც ყურად ეღოთ ეს გაფრთხილება, შეძლებდნენ სატანასთან დამაკავშირებელი მაცდური ჯაჭვის გაწყვეტას. მაგრამ სიამაყემ, თავისი მბრძანებლისადმი მორჩილებამ, უსაზღვრო თავისუფლებისაკენ დაუოკებელმა სწრაფვამ იმდენად დააბრმავა ისინი, რომ ღვთიური სიყვარულისა და თანაგრძნობის ხმა შეუსმენელი დარჩა. პწ 13.3
ღმერთმა ნება დართო სატანას, ემოქმედა მანამ, სანამ უკმაყოფილების სული აშკარა ამბოხებაში არ გადაიზარდა. ეს აუცილებელი იყო მაცდურის ზრახვებისა და გეგმების სრული გამოვლინებისათვის, რათა მათი ჭეშმარიტი მიმართულება და არსი სრულად გამჟღავნებულიყო მთელი სამყაროს წინაშე. ლუციფერს, ცხებულ ქერუბიმს, მაღალი ადგილი ეკავა, ზეციურ მკვიდრთა უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა და ძლიერ გავლენას ახდენდა მათზე. ღვთიური მმართველობა ვრცელდებოდა არა მხოლოდ ზეციურ მცხოვრებლებზე, არამედ უფლის მიერ შექმნილ ყველა სამყაროზე. და ლუციფერსაც იმედი ჰქონდა, რომ, ვინაიდან ზეციურ ანგელოზთა ცდუნება შეძლო, სხვა დანარჩენ სამყაროებსაც დაიმორჩილებდა. დიდი ოსტატობით მოქმედებდა იგი ამ ბრძოლაში და ყველა საშუალებას ხმარობდა თავისი მიზნის მისაღწევად. მას ცდუნების უდიდესი ნიჭი აღმოაჩნდა. ცრუ სიმართლის სამოსელში გახვეულმა ლუციფერმა პირველ ხანებში მართლაც საკმაო წარმატებებს მიაღწია. ყოველი მისი მოქმედება ისე იყო შენიღბული, რომ ანგელოზები თავდაპირველად ვერ ჩასწვდნენ მის ჭეშმარიტ არსს. მეამბოხე იმდენად ფრთხილად მოქმედებდა თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რომ მის სრულ გამოაშკარავებამდე ისინი ვერაფერს მიხვდნენ. თვით უფლის ერთგული ანგელოზებიც კი ვერ გარკვეულიყვნენ, საით იყო გამიზნული მისი ქმედებანი. პწ 13.4
თავიდან ლუციფერი ისე ოსტატურად ქსოვდა ცდუნების ბადეს, რომ არავითარი ეჭვი არ გამოუწვევია. იმ ანგელოზებს, რომელთა მიმხრობაც მან ვერ შეძლო, იგი ზეციურ მკვიდრთა ინტერესებისადმი გულგრილობას სწამებდა. ყოველგვარი ხერხებით ცდილობდა სატანა, უფლის ზრახვების მიმართ უნდობლობა დაეთესა. სულ უბრალო საკითხებსაც კი ისეთი საიდუმლოებით მოსავდა, რომ ოსტატურად ბადებდა ეჭვს იეჰოვას წესდებების მიმართ. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზეციურ სავანეებში მის მაღალ მდგომარეობას. პწ 14.1
ამ კონფლიქტში უფალს მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის პრიციპებით შეეძლო ესარგებლა, სატანა კი უფლისათვის დაუშვებელ მეთოდებს - მლიქვნელობასა და სიცრუეს იყენებდა. იგი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა დაემახინჯებინა ღვთის სიტყვა, ზეციური მმართველობის სისტემა ცრუდ წარედგინა და აცხადებდა, რომ ღმერთმა უსამართლოდ მოახვია თავს ანგელოზებს თავისი კანონები და რომ მის მიერ შექმნილ არსებათაგან მორჩილების მოთხოვნით იგი თვითგანდიდებისაკენ ისწრაფვის. ამიტომ ზეცის მკვიდრნი და სხვა სამყაროთა ბინადარნი თავად უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ უფლის მმართველობა დაფუძნებულია სამართლიან პრინციპებზე და მისი რჯულიც სრულყოფილია. სატანა კი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სამყაროს კეთილდღეობა აინტერესებდა. ამიტომ ამ უზურპატორის ჭეშმარიტი ხასიათი და ზრახვები მთელ სამყაროს უნდა დაენახა. საჭირო იყო დრო, რათა მისივე ბოროტ საქმეებს ემხილა იგი. პწ 14.2
მის მიერ ზეცაში აგორებულ ამბოხში სატანა ღმერთს და მისი მმართველობის პრინციპებს ადანაშაულებდა. მთელი ბოროტება, - ამტკიცებდა ის, - ღვთიური ხელმწიფების არასრულყოფილების შედეგია. ვინაიდან ლუციფერმა განაცხადა, რომ მისი ერთადერთი სურვილია იეჰოვას წესდებების გაუმჯობესება და სრულყოფა, ღმერთმა დაუშვა, რომ გახსნილიყო ლუციფერის მოთხოვნათა და მის მიერ შემოთავაზებულ სავარაუდო ცვლილებათა ჭეშმარიტი არსი. სატანისათვის მსჯავრი თავად მის საქმეებს უნდა დაედო. კონფლიქტის დასაწყისში სატანა უარყოფდა ამბოხში თავის მონაწილეობას. ამიტომ მთელ სამყაროს თავად უნდა ეხილა მხილებული მატყუარა. პწ 14.3
ზეციდან გაძევების შემდეგაც კი უსასრულო სიბრძნემ - უზენაესმა ღმერთმა - არ გაანადგურა იგი. ვინაიდან უფალს მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული მსახურების მიღება სურს, მის მიერ შექმნილ არსებათა ერთგულება ღვთიური სამართლიანობისა და სიყვარულის რწმენას უნდა ეყრდნობოდეს. უფალს რომ მაშინვე მოესპო სატანა, ზეცისა და სხვა სამყაროების მცხოვრებნი ვერ ჩასწვდებოდნენ უფლის სამართლიანობას ცოდვისა და მისი შედეგების ჭეშმარიტი არსის არცოდნის გამო. ამ შემთხვევაში მათი მსახურება დაფუძნებული იქნებოდა არა სიყვარულზე, არამედ შიშზე. მსგავსი მეთოდებით შეუძლებელი იქნებოდა სატანის გავლენის მოსპობა და ამბოხების სულის ჩაქრობა. უამრავ სამყაროთა საკეთილდღეოდ ღმერთმა საშუალება მისცა სატანას, სრულიად განეხორციელებინა თავისი გეგმები, რათა ღვთიური მმართველობის ფორმის მიმართ მის მიერ წაყენებული ბრალდებები მთელ სამყაროს მოესმინა და აღარასოდეს გაჩენილიყო ეჭვი და უნდობლობა უფლის სამართლიანობის, წყალობისა და მისი სიყვარულის კანონის უცვლელობის მიმართ. პწ 14.4
ზეცაში სატანის ამბოხება გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მთელი სამყაროსათვის მომავალ საუკუნეებში, მარადიული მოწმობა ცოდვის ჭეშმარიტი არსისა და მისი დამღუპველი შედეგებისა. შედეგებს, რომლებიც ადამიანებსა და ანგელოზებზე სატანის გავლენასა და ბატონობას მოჰყვებოდა, ის დამღუპველი ნაყოფი უნდა წარმოეჩინა, რომელსაც ღვთიური ხელმწიფების გაუქმება მოიტანდა. ეს იმის მოწმობა უნდა ყოფილიყო, რომ ყოველი ცოცხალი არსების კეთილდღეობა ღვთიური მმართველობით არის განპირობებული. ამგვარად, ეს საშინელი ამბოხება ზეცაში ყველა წმიდა არსებისათვის უნდა ყოფილიყო გაფრთხილება, რომელიც მათ ცდუნებისაგან, ცოდვის ჩადენისა და მისი საზღაურისაგან დაიცავდა. პწ 15.1
მხოლოდ მან, ერთადერთმა, სამყაროს მბრძანებელმა იცის ყველაფერი: დასაწყისი და დასასრული. მისთვის გადაშლილი წიგნია წარსულისა და მომავლის ყველა საიდუმლო; მიუხედავად ცოდვით გამოწვეული მწუხარებისა, წყვდიადისა და ნგრევისა, იგი ხედავს თავისი სიყვარულისა და კურთხეული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას. თუმცა “ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ”, მაგრამ “სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი” /ფსალმ. 96:2/. დადგება დრო, როცა სამყაროს ყოველი მკვიდრი, დაცემული თუ წმიდა, ჩასწვდება ამას. “სრულყოფილია მისი საქმე, რადგან სამართლიანია ყოველი მისი გზა. ტარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა; მართალი და წრფელია იგი” /2 რჯ. 32:4/. პწ 15.2