ქრისტეს იგავები
დაკარგული ცხვარი
ამჯერად მაცხოვარს წმიდა წერილზე არ გაუმახვილებია მოწაფეთა ყურადღება, არამედ მათს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე შეჩერდა. მათ წინ იორდანეს პლატოს ნოყიერ საძოვრებს უამრავი ცხვარი შეჰფენოდა. მის ხეობებსა და ტყიან ფერდობებზე ბევრი დაკარგული ცხვარი დახეტიალებდა, რომელთაც გულმოდგინედ ეძებდნენ მზრუნველი მწყემსები, პოულობდნენ და უკან აბრუნებდნენ. იესოს მსმენელთა შორის იყვნენ მწყემსებიც და ისინიც, ვინც თავისი ფული ცხვარში დააბანდა. ამიტომ მათ კარგად ესმოდათ იესოს შეგონება: “რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?” ქი 74.2
ასევე ის ადამიანები, თქვენ რომ ასე გძულთ, უფალს ეკუთვნიან, - ამას გულისხმობდა მაცხოვარი თავის სიტყვებში, - ვინაიდან მან შექმნა და გამოისყიდა ისინი. ამიტომ ყოველი მათგანი მეტად ძვირფასია მისთვის. უფალ ღმერთს ათასჯერ მეტად უყვარს თავისი ყოველი გზასაცდენილი შვილი, ვიდრე თავისი ცხვარი - მწყემსს, რომელსაც ვერაფერი დაამშვიდებს, სანამ დაკარგულ ცხვარს, თუნდაც მხოლოდ ერთს, არ იპოვის. ადამიანებს შეუძლიათ, უარყონ მისი სიყვარული, მიატოვონ იგი და სხვა პატრონი აირჩიონ, მაგრამ ისინი მაინც უფლისანი არიან და უფალს მათი უკან დაბრუნება სურს. “როგორც ეძებს მწყემსი თავის ფარას თავის გაფანტულ ცხვარში ყოფნისას, ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და ვიხსნი მათ ყველა ადგილიდან, სადაც გაიფანტნენ ღრუბლიან და ნისლიან დღეს” (ეზეკ. 34:12). ქი 74.3
ამ იგავში მწყემსი მხოლოდ ერთი დაკარგული ცხვრის საძებნელად მიდის. ასევე ქრისტესაც: მას მხოლოდ ერთი დაკარგული სულისთვისაც კი შეეძლო, თავისი სიცოცხლე გაეწირა. ქი 74.4
ფარას ჩამორჩენილი ცხვარი ყველაზე უმწეო არსებაა. მას უკან გზის გაგნება არ შეუძლია, ამიტომ მწყემსმა თავად უნდა მოძებნოს იგი. ასევეა უფალს დაშორებული ადამიანიც: იგი იმდენად უძლურია, რომ, სანამ ღვთიური სიყვარული არ იპოვის და დახმარების ხელს არ გაუწვდის, ღმერთთან დაბრუნებას ვერ შეძლებს. ქი 74.5
მწყემსი, რომელიც აღმოაჩენს, რომ ერთი ცხვარი დაეკარგა, არ კმაყოფილდება თავისი ცხვრების მშვიდობიანად დაბინავებით და არ ამბობს: “ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი დაბინავებული მყავს. არ ღირს ერთი დაკარგულისთვის თავის შეწუხება. თვითონ მოძებნის გზას და როცა დაბრუნდება, ფარეხის კარს გავუღებ და შემოვუშვებ”. არა, ეს ასე არ არის. ფარას გამოკლებული ერთი ცხვრის დაკარგვაც კი დიდად ამწუხრებს და სიმშვიდეს ურღვევს მზრუნველ მწყემსს. იგი მრავალჯერ ამოწმებს თავის ფარას, ითვლის ცხვრებს და როცა დარწმუნდება, რომ ერთი მათგანი აკლია, მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და მაშინვე დაკარგულის საძებნელად გაემართება. რაც უფრო ბნელია ღამე, გზა კი - საშიში, მით უფრო მეტად წუხს მწყემსი და მეტი მონდომებით ეძებს მას; ძალღონეს არ ზოგავს მის საპოვნელად. ქი 74.6
რაოდენ დიდ შვებას იგრძნობს იგი, როცა შორს, სადღაც მის უმწეო, სუსტ ბღავილს გაიგონებს. მაშინვე იქით გაემართება, საიდანაც ხმა მოესმა. კლდის ნაპრალებს მიაშურებს, უფსკრულის პირას გაივლის და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს. დაკარგულის ხმა სულ უფრო და უფრო სუსტდება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ცხვარი კვდება, მაგრამ მწყემსი არ წყვეტს ძებნას. ბოლოს და ბოლოს, მის ძალისხმევას ნაყოფი გამოაქვს: ცხვარი ნაპოვნია. იგი არ კიცხავს მას იმისათვის, რომ მისმა დაკარგვამ ამდენი მწუხარება მიაყენა. არც კომბლით მიერეკება მას შინისაკენ. იგი მხრებზე შეისვამს ამ შიშისგან აცახცახებულ არსებას, ხოლო თუ ცხვარი დაჭრილი ან დაშავებულია, ხელში აიყვანს და გულზე მიიკრავს, რათა მისი გულის სითბომ გამოაცოცხლოს იგი. და გახარებულსა და კმაყოფილს იმით, რომ მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ცხვარი შინ მიჰყავს. ქი 75.1
მადლობა ღმერთს, რომ მან არ წარმოგვიდგინა სურათი უბედური მწყემსისა, რომელიც შინ დაკარგული ცხვრის გარეშე დაბრუნდა. ეს იგავი წარუმატებლობაზე როდი მოგვითხრობს, არამედ გადარჩენის სიხარულსა და წარმატებაზე მიგვითითებს. აქ არის რწმუნება უფლისაგან, რომ უფლის ფარეხის არც ერთი დაკარგული ცხვარი არ იქნება დავიწყებული და დახმარების გარეშე დარჩენილი. მაცხოვარი ცოდვის უფსკრულისაგან იხსნის ყველას, ვინც მას ცოდვებისაგან გამოსყიდვის საშუალებას მისცემს. ქი 75.2
ო, სასოწარკვეთილო და სულით დაცემულო ადამიანო! რა მძიმე დანაშაულიც არ უნდა გქონდეს ჩადენილი, იმედს ნუ დაკარგავ, გამხნევდი! ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, მოგიტევებს თუ არა უფალი ცოდვებს; მოგცემს თუ არა მასთან მისვლის ნებას. უფალმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი შენთან შესახვედრად ჯერ კიდევ მაშინ, როცა მის წინააღმდეგ ამბოხებული იყავი. მზრუნველი და მოსიყვარულე მწყემსის მსგავსად გამოვიდა იგი შენს საძებნელად; ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი მიატოვა და ერთის საპოვნელად უღრანი ტყისაკენ გასწია. და, მონახავს რა სულს, დაქანცულს, დაჭრილსა და დაწყლულებულს, დაღუპვის უფსკრულის პირად მდგომს, თავისი თბილი, მოსიყვარულე ხელებით გულში იკრავს და სიხარულით მიჰყავს უსაფრთხო თავშესაფარში. ქი 75.3
იუდეველი რაბინები ასწავლიდნენ, რომ ადამიანი უფლის სიყვარულს ვერ დაიმსახურებს, ვიდრე არ მოინანიებს. მათი წარმოდგენით, ცოდვების მონანიება იყო ის საშუალება, რომლითაც უფლის კეთილგანწყობას იმსახურებენ. სწორედ ამით იყო გამოწვეული ფარისეველთა განრისხება, როცა აღშფოთებით წამოიძახეს: “ცოდვილებს ღებულობს”. მათი აზრით, ქრისტეს თავისთან მოსვლის ნება მხოლოდ მათთვის უნდა მიეცა, ვინც მოინანია. მაგრამ იგავში დაკარგული ცხვრის შესახებ მაცხოვარი გვასწავლის, რომ ხსნა გვევლინება არა იმიტომ, რომ ჩვენ ვეძებთ ღმერთს, არამედ იმიტომ, რომ იგი თავად გვეძებს. “არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს” (რომ. 3:11). ჩვენ იმიტომ კი არ ვინანიებთ, რომ უფლის მოწონება და სიყვარული დავიმსახუროთ, არამედ იგი გვიცხადებს თავის სიყვარულს, რათა მოვინანიოთ. ქი 75.4
დაკარგული ცხვრის შინ დაბრუნებით გამოწვეულ მადლიერებასა და სიხარულს მწყემსი მელოდიურ საგალობლებში გამოხატავს. “შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო”. ასევე ხდება მაშინაც, როცა დაკარგულ სულს ზეციური მწყემსი მოძებნის: სიხარულითა და მადლიერებით ერთიანდება ცა და დედამიწა. ქი 75.5
“ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ”. “თქვენ, ფარისეველნი, - აცხადებს ქრისტე, - თვლით, რომ ზეცა თქვენ მიმართ უფრო კეთილადაა განწყობილი, ვიდრე სხვებისადმი. თქვენ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, შემოიფარგლეთ რა საკუთარი სიმართლით. უნდა იცოდეთ, რომ თუკი მონანიების საჭიროებას არ განიცდით, ჩემი მსახურება თქვენთვის არაფერს ნიშნავს. მე სწორედ ამ საცოდავი ადამიანებისათვის მოვედი, რომლებიც გრძნობენ, რომ ცოდვილნი და სულით ღარიბნი არიან. ზეციური ანგელოზებიც სწორედ მათ თანაუგრძნობენ, ვინც თქვენ ასე შეიძულეთ. თქვენს რისხვას საზღვარი არა აქვს, როცა ხედავთ, თუ როგორ სურთ მათ ჩემთან მოსვლა, აბუჩად იგდებთ და დასცინით, მაგრამ იცოდეთ: ანგელოზები ხარობენ და ზეცაში გამარჯვების ჰიმნები გაისმის”. ქი 75.6
რაბინები ხშირად იყენებდნენ საუბარში გამოთქმას: “დიდად ხარობს ზეცა, როცა კვდბა ის, ვინც უფალს შესცოდა”. ქრისტე კი ასწავლიდა, რომ უფალს არ სურს ადამიანის დაღუპვა. პირიქით, ზეცის დიდ სიხარულს იწვევს ადამიანში ღვთიური ხატების აღდგენა და არა მისი განადგურება. ქი 76.1
როცა ცოდვილი, დაკარგული ადამიანი უფალთან დაბრუნებას ცდილობს, დიდ უნდობლობასა და ბოროტ კრიტიკას აწყდება საზოგადოების მხრიდან. მრავალნი დაეჭვდებიან მის გულწრფელობაში ან იტყვიან: “არ არის მასში სიმტკიცე; არ გვჯერა, რომ გაუძლებს”. ეს ადამიანები უფლის საქმეს კი არ ასრულებენ, არამედ სატანისას, რომელიც “ძმების ცილისმწამებელია”. ასეთი ბოროტული კრიტიკით ისინი იმედსა და მხნეობას უკარგავენ ღმერთთან მოსულთ და უფრო აშორებენ ღმერთს. დაე უფალთან მონანიებით მოსულმა ცოდვილმა იცოდეს, თუ როგორ უხარია ზეცას ყოველი გზააბნეული შვილის შინ დაბრუნება; თუ რა დიდია უფლის მის მიმართ სიყვარული. და ნუ დაკარგავს იმედს, ნუ დაეცემა სულით ფარისეველთა კრიტიკისა და სიძულვილის გამო. ქი 76.2
რაბინებმა კარგად იცოდნენ, რომ ქრისტეს იგავი ძირითადად მებაჟეთ და ცოდვილთ ეხებოდათ, მაგრამ მასში უფრო ღრმა აზრი იყო ჩაქსოვილი. დაკარგულ ცხვარში ქრისტე გულისხმობდა არა მხოლოდ ცალკეულ ცოდვილს, არამედ ციური პლანეტებიდან ერთერთს, დედამიწას, რომელიც ღმერთს განუდგა და ცოდვაში იღუპება. დედამიწა - ეს მხოლოდ იმ უსასრულო სამყაროს უმცირესი ნაწილაკია, რომელსაც ღმერთი მართავს. მაგრამ ეს პატარა, ცოდვილი პლანეტა - ერთი გზააბნეული ცხვარი - უფრო ძვირფასია მისთვის, ვიდრე დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი. ქრისტემ, ზეციურ სამყაროთა საყვარელმა მბრძანებელმა, დატოვა უზენაესის ტახტი და დიდება, რომელსაც მამასთან ერთად იზიარებდა, ამ ერთადერთი განდგომილი პლანეტის გადასარჩენად. ამისათვის დროებით დატოვა უცოდველი სამყარო, ის ოთხმოცდაცხრამეტი, რომლებიც თაყვანს სცემენ მას და ეწვია დედამიწას, რათა ჩვენს დანაშაულთა გამო დაჭრილიყო და ჩვენი ურჯულოების გამო დალეწილიყო (ეს. 53:5). ღმერთმა იესო ქრისტეში შესწირა თავი წუთისოფელს, რათა შემდგომ მთელ ზეცას ეხარა დაკარგული ცხვრის შინ დაბრუნებით. ქი 76.3
“ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი” (1იოან. 3:1). ქრისტე კი მამას მიმართავს: “როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში” (იოან. 17:18), რათა ჭირი, “რაც ქრისტეს დააკლდა”, შეევსოთ “საკუთარი ხორცით მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა” (კოლ. 1:24). ქრისტეს მიერ გადარჩენილი ყოველი ადამიანი მოწოდებულია, იშრომოს მისი სახელით დაკარგულთა გადასარჩენად. ძველი ისრაელი კი ხშირად ამას არ ასრულებდა. ხომ არ ავიწყდებათ ზოგჯერ ეს დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც თავს სრულიად უსაფუძვლოდ თვლიან ქრისტეს მიმდევრებად? ქი 76.4
და რამდენი გზააბნეული დააბრუნეთ მამის სახლში თქვენ, მკითხველო? ხომ არ გიფიქრიათ ოდესმე იმის შესახებ, რომ იქნებ სწორედ იმ სულებს, თქვენ რომ ხშირად ასე გულგრილად არიდებთ თვალს და გვერდს უვლით, მოუღლელად ეძებს მაცხოვარი? იქნებ სწორედ თქვენგან მათი უარყოფის წუთებში სჭირდებათ მათ თქვენი უდიდესი თანაგრძნობა? ღმერთთან მოსულ მთხოვნელთა შორის მუდამ არიან ისინი, ვისაც სულის სიმშვიდის დაბრუნება სურთ. შესაძლოა, მათი გარეგნული ქცევიდან ეს არ ჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, მათ ჯერ კიდევ შესწევთ სულიწმიდის ხმის შესმენის უნარი. მათ შორის ბევრი გახდება ქრისტეს მონაპოვარი. ქი 76.5
თუკი დაკარგული ცხვარი თავის ფარეხში დაბრუნებას ვერ შეძლებს, ხეტიალში დაიღუპება. მისი ბედი ეწევა ბევრ ადამიანს, რომელსაც დროულად არ გაუწოდეს დახმარების ხელი, რათა გადარჩენილიყო. ხშირად უზომოდ უზრუნველად გამოიყურებიან ადამიანები, ცოდვაში რომ იღუპებიან, მაგრამ მათაც რომ ისეთივე შესაძლებლობა მისცემოდათ, როგორც სხვებს, უფრო მეტ კეთილშობილებასა და სასარგებლო ცხოვრებისათვის მზადყოფნას გამოავლენდნენ. ანგელოზები დიდად სწუხან ამ გზააბნეულთა გამო. და იმის გამოც, რომ ადამიანის თვალებსა და გულში თანაგრძნობას ვერ ხედავენ. ქი 77.1
სად გაქრა ჩვენი ღრმა, სულისაღმძვრელი სიყვარული და თანაგრძნობა ცოდვილთა და გზააბნეულთა მიმართ?! ო, როგორ გვჭირდება, გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ქრისტიანული სული და ნაკლები ეგოიზმი! ქი 77.2
ფარისეველნი ხვდებოდნენ, რომ ქრისტეს იგავი - ეს მათი მისამართით თქმული მხილება იყო. მათი კრიტიკის მიღების ნაცვლად, ქრისტე თავად კიცხავდა მათ მებაჟეთა და ცოდვილთა სიძულვილის გამო. მაგრამ საჯაროდ არ აკეთებდა ამას მაცხოვარი, ვინაიდან არ სურდა, სამუდამოდ დაეკარგა მათი გული. თუმცა იგავში იგი მიუთითებდა უფლის იმ მოვალეობის შესრულების აუცილებლობაზე, რისთვისაც ისინი მეტად უსუსურნი აღმოჩნდნენ. ისრაელის მმართველნი რომ მართლაც ჭეშმარიტი მწყემსები ყოფილიყვნენ, ისინიც ამ მწყემსივით იმოქმედებდნენ: ისეთივე სიყვარულსა და მოწყალებას გამოიჩენდნენ და ქრისტეს გვერდით დადგებოდნენ ხალხის სამსახურში. მათ კი ამის უარყოფით დაამტკიცეს, თუ რაოდენ ცრუა და ზედაპირული მათი ღვთისმოსაობა. თუმცა ბევრმა ქრისტეს მხილება არ მიიღო, მაგრამ ზოგიერთი მაინც დარწმუნდა, რომ მაცხოვარი მართალი იყო. ქრისტეს ცად ამაღლების შემდგომ ამ ადამიანებზე სულიწმიდა გარდმოვიდა, რის შემდგომაც ისინი მოწაფეებს შეუერთდნენ და მათთან ერთად ასრულებდნენ საქმეს, რომელზედაც საუბარია იგავში დაკარგული ცხვრის შესახებ. ქი 77.3