ქრისტეს იგავები

1/61

ქრისტეს იგავები

თავი 1 - სწავლება იგავებით

როდესაც იგავების მეშვეობით გვმოძღვრავს, ქრისტე მიმართავს იმავე პრინციპს, რომელიც მან ამ წუთისოფლად თავისი მისიის განსახორციელებლად გამოიყენა. ქრისტემ მიიღო ჩვენი ბუნება და ცხოვრობდა ჩვენ შორის, რათა შეგვეცნო მისი ღვთიური არსი და ხასიათი. ღვთაებრივი გაცხადდა ადამიანში; უხილავი დიდება - ადამიანის ხილულ ხატებაში. ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, უცნობი ცნობილის მეშვეობით შეესწავლა; ზეციური მიწიერის მეშვეობით გვეჩვენა; ღმერთი ადამიანის სახით მოგვევლინა. იგივეს ვხედავთ ქრისტეს სწავლებაში: შეუცნობელი გადმოცემული იყო ცნობილის მეშვეობით; ღვთიური ჭეშმარიტებანი - წარმოდგენილი მიწიერით, რომელიც ადამიანს გაცილებით უკეთ ჰქონდა გაცნობიერებული. ქი 3.1

წმიდა წერილი გვეუბნება: “ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს… რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია” (მათ. 13:34,35). ჩვეულებრივი სულიერის შეცნობის საშუალებად იქცა; ქრისტეს მსმენელთა ირგვლივ მყოფი ჩვეული გარემო და მათი ცხოვრებისეული გამოცდილება წერილობით გადმოცემულ ჭეშმარიტებებთან უშუალო კავშირში აღმოჩნდა. აი ასე მიუძღვის ქრისტეს იგავები ადამიანს ჩვეულებრივიდან სულიერისაკენ და წარმოადგენს რგოლებს იმ ჭეშმარიტების შეცნობის ჯაჭვში, რომელიც ადამიანს ღმერთთან და დედამიწას ზეცასთან აკავშირებს. ქი 3.2

თავის მოძღვრებებში ბუნებიდან მოყვანილი მაგალითების მეშვეობით საუბრობდა ქრისტე იმაზე, რაც მისი საკუთარი ხელით იყო შექმნილი და რასაც თვით მის მიერ ბოძებული თვისებები და შესაძლებლობები გააჩნდა. ყოველივე შექმნილის თავდაპირველი სრულყოფილება ღმერთის ჩანაფიქრის გამოვლინებას წარმოადგენდა. ედემის სახლში ბუნება აღვსილი იყო ღმერთის შემეცნებით, რომელიც ადამისა და ევასთვის ღვთიურ დარიგებათა ნაკადად იღვრებოდა. სიბრძნე თვალს ესაუბრებოდა და გულით მიიღებოდა, ვინაიდან ადამისა და ევას ურთიერთობა უფალთან მის მიერვე შექმნილ დიდებულ სამყაროში ხდებოდა. როგორც კი წმიდა წყვილმა უზენაესის რჯული დაარღვია, უფლის სახიდან გამოსული ნათელი შემოეცალა ბუნების სამყაროს. ახლა დედამიწა შებღალული და ცოდვით წაბილწულია. თუმცა, მიუხედავად მისი სავალალო მდგომარეობისა, მას მაინც ბევრი მშვენიერი რამ შემორჩა. ღმერთის თვალსაჩინო გაკვეთილები არ გამოლეულა; სწორად შეცნობილი ბუნება თავის შემოქმედზე მეტყველებს. ქი 3.3

ქრისტეს დღეებში ეს გაკვეთილები დავიწყებას მიეცა. ადამიანები თითქმის ვეღარ ამჩნევდნენ ღმერთს მის შემოქმედებაში. კაცობრიობის ცოდვამ უფლის შემოქმედების ნათელი ნაყოფი ბნელი საფარვლით დაფარა. ღმერთზე ჭეშმარიტებითა და სიხარულით მოწმობის ნაცვლად მისი შემოქმედება მისი შეცნობის გზაზე დაბრკოლებად იქცა. ადამიანები “თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა”. ამგვარად, “ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული” (რომ. 1:25,21). ასე შეცვალა ისრაელში უფლის მოძღვრებები ადამიანთა სწავლებამ. არა მარტო ბუნების გაკვეთილები, არამედ მსხვერპლშეწირვის მსახურება და თვით წმიდა წერილებიც კი - ყოველივე, რაც შემოქმედის შეცნობისათვის იყო მოცემული, ისე იქნა დამახიული, რომ ღვთიურ ჭეშმარიტებათა დაფარვის საშუალებად იქცა.ნჯებ ქი 3.4

ქრისტეს მიზნად ჰქონდა იმის ჩამოცილება, რაც ჭეშმარიტებას ჩრდილავდა. იგი მოვიდა, რათა აეხადა საფარველი, რომელიც ცოდვამ ბუნების წიაღს გადააფარა და ეჩვენებინა ადამიანთათვის ის სულიერი სიდიადე, რომლის გამოსაცხადებლადაც შეიქმნა წუთისოფელში ყოველივე. მისი სიტყვები ბუნების გაკვეთილებსაც და ბიბლიურ მოძღვრებებსაც ახალ ნათელში წარმოაჩენდა და მათ ახალ გამოცხადებად აქცევდა. ქი 3.5

იესომ მშვენიერი შროშანა მოწყვიტა და ყმაწვილებს გაუწოდა. და, ვინაიდან ისინი ყურადღებით შესცქეროდნენ მის ახალგაზრდა სახეს, რომელიც მისი მამის სათნოებით იყო გასხივოსნებული, ასწავლიდათ: “შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან (ბუნებრივი სილამაზის სისადავეში): არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი”. ამას მოჰყვა დიდებული აღთქმა და მნიშვნელოვანი გაკვეთილი: “თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?” ქი 3.6

მთაზე ქადაგებისას ამ სიტყვებით იესომ მიმართა არა მარტო ბავშვებსა და ყმაწვილებს, არამედ იქ შეკრებილ უამრავ ხალხს - დარდითა და მწუხარებით აღსავსე, გატანჯულ, იმედგაცრუებულ კაცებსა და ქალებს. იესომ განაგრძო: “ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს”. შემდეგ ხელები ირგვლივ მყოფი ხალხისკენ გაიწვდინა და განაგრძო: “თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ” (მათ. 6:28-33). ქი 4.1

ასე განმარტა ქრისტემ უწყება, რომელიც შროშანებსა და მინდვრის ბალახში თავადვე ჩააქსოვა. მას სურს, ეს უწყება ყოველ შროშანაში და მინდვრის ბალახის ყოველ ღეროში ამოვიკითხოთ. რწმენით წარმოთქმული მისი ეს სიტყვები დიდად განამტკიცებს ღმერთისადმი ნდობას. ქი 4.2

ჭეშმარიტების იმდენად ფართო ხედვა ჰქონდა ქრისტეს, იმდენად ყოვლისმომცველი იყო მისი მოძღვრება, რომ ბუნების ყოველ ასპექტს ჭეშმარიტების მაგალითად იყენებდა. ჩვენ თვალწინ გადაშლილი პეიზაჟები, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ, რომელიმე სულიერ ჭეშმარიტებასთან არის დაკავშირებული. ასე რომ, ბუნება მოძღვრის იგავებითაა შემოსილი. ქი 4.3

თავისი მსახურების დასაწყისში ქრისტე ისეთი ადვილად გასაგები სიტყვებით ესაუბრებოდა ხალხს, რომ ყველა მის მსმენელს შეეძლო იმ ჭეშმარიტებათა შემეცნება, რომლებსაც ძალუძდა მათი დაბრძენება სახსნელად. მაგრამ მრავალი ადამიანის გულში ჭეშმარიტება ღრმად ვერ დამკვიდრდა და დავიწყებას მიეცა. “იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, - ამბობდა იგი, - რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით… რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები” (მათ. 13:13-15). ქი 4.4

იესოს სურდა, ადამიანში ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გაეღვიძებინა, უყურადღებო გამოეფხიზლებინა და გულში ჭეშმარიტება შთაებეჭდა. იგავების მეშვეობით სწავლება იმ დროს არა მხოლოდ იუდეველთა, არამედ სხვა ხალხთა შორისაც კი პოპულარობით სარგებლობდა, პატივისცემას იმსახურებდა და ყურადღებას იპყრობდა. არ არსებობდა დამოძღვრის სხვა, ამაზე უფრო ეფექტური მეთოდი. თუკი იესოს მსმენელნი ღვთიურ ჭეშმარიტებათა შეცნობას მოისურვებდნენ, შეძლებდნენ მისი სიტყვების გაგებას, ვინაიდან იესო მუდამ მზად იყო, გულწრფელი მაძიებლისათვის ამ სიტყვების მნიშვნელობა აეხსნა. ქი 4.5

ხალხი მზად არ იყო, მიეღო ან გაეცნობიერებინა მაინც ის ჭეშმარიტებანი, რომლებიც ქრისტეს მათთვის უნდა გადაეცა. ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ იესო იგავებით ასწავლიდა მათ. ახალ, მათთვის ძნელად მისაღებ ჭეშმარიტებას იგი ბუნების წიაღში მომხდარ მოვლენებსა და მსმენელთა ცხოვრებისეულ გამოცდილებებს უკავშირებდა, რითაც მათს ყურადღებასა და გულს იპყრობდა. შემდგომში, როდესაც ადამიანები თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტეს გაკვეთილების ამსახველ საგნებს ხედავდნენ, ღვთიური მასწავლებლის სიტყვები ახსენდებოდათ. გონება, რომელიც სულიწმიდის მოქმედებისთვის იყო გახსნილი, მაცხოვრის სწავლების მნიშვნელობას სულ უფრო და უფრო აცნობიერებდა. და ის, რაც თავიდან მიუწვდომელი და ასე ძნელად გასაგები იყო მათთვის, ახლა ნათელი და ცხადი ხდებოდა. ქი 4.6

ყოველ გულთან მისასვლელ გზას ეძებდა იესო. გამოყენებულ ილუსტრაციათა მრავალფეროვნებით იგი არა მხოლოდ გაცხადებული ჭეშმარიტების სხვადასხვა მხარეზე მიუთითებდა, არამედ ერთმანეთისაგან განსხვავებულ მსმენელებს მიმართავდა. მათს ინტერესს აღძრავდა ის, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან იყო მოყვანილი. მათ შორის, ვინც მაცხოვარს უსმენდა, ვერავინ იგრძნობდა, რომ მიტოვებული და დავიწყებულია. ყველას - თავმდაბალსა თუ ყველაზე ცოდვილს - მის სწავლებაში ესმოდა ხმა, რომელიც თანაგრძნობითა და სინაზით ელაპარაკებოდა მათ. ქი 5.1

არსებობდა სხვა მიზეზიც, რის გამოც იესო თავის მოძღვრებებში იგავებს იყენებდა. მის გარშემო შეკრებილთა შორის იყვნენ მღვდელმსახურნი და რაბინები, მწიგნობარნი და უხუცესნი, ჰეროდიანელები და მთავარნი, წუთისოფლის მოყვარული, მიკერძოებული, ამბიციური ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად სურდათ, რაიმე დანაშაული ეპოვათ ქრისტეში. მათ მიერ მიჩენილი ჯაშუშები მუდამ თან დასდევდნენ იესოს, რათა რაიმე დანაშაული ეპოვათ მის ბაგეთაგან წარმოთქმულ სიტყვებში და სამუდამოდ დაედუმებინათ ის, ვინც წუთისოფელს თავისკენ იზიდავდა. მაცხოვარი კარგად იცნობდა ამ ადამიანთა ხასიათს და ჭეშმარიტებას ისეთი ფორმით გადმოსცემდა, რომ მათთვის მისი საქმის სინედრიონის წინაშე წარდგენის საბაბი არ მიეცა. იგავებში იგი ამხელდა მაღალი თანამდებობის პირთა თვალთმაქცობასა და ბოროტ საქმეებს და ისეთი ალეგორიებით წარმოთქვამდა მათი მისამართით მწარე სიმართლეს, რომ მისი პირდაპირ თქმის შემთხვევაში მას საერთოდ არ მოუსმენდნენ და მის მსახურებას მალე მოუღებდნენ ბოლოს. ამის მცირეოდენ საბაბსაც კი არ აძლევდა იესო ჯაშუშებს, მაგრამ, ამავე დროს, ჭეშმარიტებას ისე ქადაგებდა, რომ ცოდვა მხილებული რჩებოდა, პატიოსანი ადამიანები კი ხვდებოდნენ საკუთარ შეცდომებს და მაცხოვრის ქადაგებიდან მათთვის საჭირო და სასარგებლო გაკვეთილებს ღებლობდნენ. ღვთაებრივი სიბრძნე და უსასრულო მადლი უფლის შემოქმედებაში გაცხადდა. ბუნების წიაღისა და საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების მაგალითებით ადამიანები ღმერთს ეცნობოდნენ. “ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა” (რომ. 1:20). ქი 5.2

მაცხოვრის იგავებში წარმოდგენილი მოძღვრება იმის გამოვლინებაა, რაც ჭეშმარიტ “უმაღლეს განათლებას” წარმოადგენს. ქრისტეს შეეძლო, ადამიანებისათვის უდიდესი მეცნიერული ჭეშმარიტებანი გაეცხადებინა. შეეძლო, გაეხსნა საიდუმლოებანი, რომელთა ახსნას კაცობრიობა მრავალი საუკუნის გამოკვლევებსა და მძიმე შრომას მოანდომებდა. მას შეეძლო, მეცნიერული ხაზით მიეცა ისეთი რჩევები, რომლებიც საზრდოს მიაწვდიდა გონებას და ხელს შეუწყობდა ახალახალ აღმოჩენებს ჟამის აღსასრულამდე, მაგრამ არ გააკეთა ეს. მას ერთი სიტყვაც არ წარმოუთქვამს ისეთი, რომელიც ადამიანის მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობას ან პატივმოყვარეობას დააკმაყოფილებდა და ამქვეყნიური დიდებისაკენ გზას გაუხსნიდა. თავისი მოძღვრებებით ქრისტე ადამიანის გონებას უსასრულო გონებასთან აკავშირებდა. იგი არ ასწავლიდა ადამიანებს, გამოეკვლიათ ადამიანთა თეორიები ღმერთის, მისი სიტყვის ან მისი საქმეების შესახებ. იგი მოძღვრავდა, აღექვათ იგი ისეთი, როგორიც თავის საქმეებში, თავის სიტყვაში და თავის განგებაში იყო გაცხადებული. ქი 5.3

ქრისტეს არ შემოუთავაზებია განყენებული თეორიები, არამედ ასწავლიდა მხოლოდ იმას, რაც ხასიათის ჩამოყალიბებისათვის იყო მნიშვნელოვანი; რაც ხელს შეუწყობდა ადამიანს ღმერთის შეცნობაში და კეთილი საქმეების კეთებაში. იგი ადამიანებს ესაუბრებოდა იმ ჭეშმარიტებებზე, რომლებიც ცხოვრების წესს ეხებოდა და რომლებიც მათ მარადიულობასთან აკავშირებდა. ქი 5.4

სწორედ ქრისტე წარმართავდა განათლების პროცესს ისრაელში. უფლის მცნებებსა და დადგენილებებთან დაკავშირებით მან თქვა: “ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას. და შეიბი ისინი ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ, და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს” (რჯლ.6:7-9). თავის სწავლებაში იესომ აჩვენა, როგორ უნდა შესრულებულიყო ეს მცნება, როგორ შეიძლება ღვთის სასუფევლის კანონებისა და პრინციპების ისე წარდგენა, რომ მათი სილამაზე და ჭეშმარიტი მნიშვნელობა გაცხადდეს. როდესაც უფალი ისრაელს იმისათვის ამზადებდა, რომ იგი მისი განსაკუთრებული წარმომადგენელი ყოფილიყო, მან მთებსა და მდელოებს შორის დაასახლა ისინი, რათა თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყოველი რელიგიური მსახურებისას ბუნების წიაღსა და ღვთის სიტყვასთან მუდმივ კონტაქტში ყოფილიყვნენ. ქრისტეც ასე ასწავლიდა თავის მოწაფეებს: ტბის ნაპირებთან, მთის ფერდობებზე, მინდვრებსა და ტყიან მდელოებზე - ყველგან, სადაც მოძღვრის ქადაგებაში გამოყენებული ილუსტრაციების ცოცხლად დანახვა შეეძლოთ. შემდგომში კი ქრისტეს მოწაფეებმა მაცხოვრისგან მიღებული ცოდნა მასთან თანამშრომლობისათვის გამოიყენეს. ქი 5.5

ამრიგად, ქმნილების მეშვეობით შემოქმედი უნდა გავიცნოთ. ბუნების წიგნი - ეს დიდებული სახელმძღვანელოა, რომელსაც წმიდა წერილებთან ერთად ადამიანებისათვის უფლის ხასიათის გასაცნობად და გზააბნეული ცხვრების უფლის ფარეხში დასაბრუნებლად უნდა ვიყენებდეთ. როდესაც ღმერთის საქმეებს ვიკვლევთ, სულიწმიდა გონებას გვინათებს და რწმენას გვაძლევს. ეს არ არის ის რწმენა, რომელსაც ლოგიკური მსჯელობის გზით აღწევენ; მაგრამ თუ გონება საბოლოოდ არ დაბნელებულა უფლის შემეცნებისათვის, თვალი საბოლოოდ არ დაბინდულა შემოქმედის დანახვისათვის, ყური საბოლოოდ არ დახშულა მისი ხმის შესმენისათვის, გასაგები გახდება დაწერილი სიტყვის უფრო ღრმა მნიშვნელობა და დიადი სულიერი ჭეშმარიტებანი ადამიანის გულზე ამოიტვიფრება. ქი 6.1

ბუნების ამ გაკვეთილებში არის სწორედ ის უბრალოება და სიწმინდე, რომლებიც მეტად ძვირფასს ხდის მათ. ყველა საჭიროებს სწავლებას, რომელიც ამ წყაროდან მოედინება. თავად ბუნების სილამაზეს ადამიანი ცოდვისა და აქვეყნიური ცდუნებისაგან სიწმიდისაკენ, სიმშვიდისა და ღვთისაკენ მიჰყავს. სწავლულთა გონება ძალიან ხშირად გადატვირთულია ადამიანთა თეორიებითა და ვარაუდებით, რომლებსაც მცდარად უწოდებენ მეცნიერებასა და ფილოსოფიას. მათ სჭირდებათ ბუნებასთან დაახლოება. დაე შეიცნონ, რომ ქმნილებასა და ქრისტიანობას ერთი ღმერთი ჰყავს. დაე იხილონ ჩვეულებრივისა და სულიერის ჰარმონია. დაე ყველაფერი, რასაც მათი თვალი ხედავს და რასაც მათი ხელი ეხება, სასარგებლო გაკვეთილად იქცეს მათი ხასიათის ფორმირებაში. ეს განამტკიცებს მათს გონებრივ ძალებს, ჩამოაყალიბებს მათს ხასიათს და გააკეთილშობილებს მთელ მათს ცხოვრებას. ქი 6.2

მიზანი, რომელსაც ქრისტე იგავებით სწავლებისას ისახავდა, პირდაპირ კავშირშია შაბათის მცნების დანიშნულებასა და მიზანთან. ღმერთმა შაბათი ადამიანს თავისი აღმშენებლური ძალის მუდამ გასახსენებლად დაუწესა, რათა მის ხელთქმნილ საქმეებში თავად შემოქმედი ეხილა. შაბათი დადგენილია შემოქმედის დიდების ხილვისათვის, რაც მისი შემოქმედების ნაყოფში ვლინდება. და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ამის დანახვა შესაძლებელი გამხდარიყო, მაცხოვარი თავის დიდებულ გაკვეთილებს მის მიერვე შექმნილი ბუნების სილამაზეს უკავშირებდა. სიმშვიდის ამ წმიდა დღეს სხვა დღეებზე მეტად უნდა შევისწავლოთ ის უწყება, რომელიც უფალმა ბუნების მეშვეობით გვამცნო. უმჯობესია, მაცხოვრის იგავები სწორედ იქ შევისწავლოთ, სადაც თავად ასწავლიდა ხალხს თავდაპირველად - მინდვრებსა და ტყიან წარაფებში, ღია ცის ქვეშ, ამწვანებულ ხეებსა და ყვავილთა შორის. რაც უფრო ახლოს ვიქნებით ბუნებასთან, მით უფრო რეალურად ვიხილავთ ქრისტეს, რომელიც იმ დიდ სიყვარულსა და სიმშვიდეზე გვესაუბრება, თავად რომ გვიბოძა. ქი 6.3

არა მხოლდ სიმშვიდის ამ წმიდა დღეს დაუკავშირა ქრისტემ თავისი მოძღვრება, არამედ სამუშაო კვირის სხვა დღეებსაც. იგი თავისი სიბრძნით აჯილდოებს მეგუთნესა და მთესველს. ხვნასა და თესვაში, მოსავლის მოყვანასა და აღებაში იგი გვასწავლის, ადამიანის გულზე ღვთის მადლის ზემოქმედების ილუსტრაცია დავინახოთ. ამგვარად, მას სურს, რომ ყოველ კეთილ, სასარგებლო საქმიანობაში, ცხოვრების ყოველ მონაკვეთში ღვთიური ჭეშმარიტების გაკვეთილები აღმოვაჩინოთ. მაშინ ჩვენი ყოველდღიური შრომა არ შთანთქავს ჩვენს ყურადღებას იმდენად, რომ ღმერთი დაგვავიწყდეს; პირიქით, მუდამ გაგვახსენებს ჩვენს შემოქმედსა და გამომსყიდველს. ღმერთზე ფიქრი ოქროს ძაფად ჩაექსოვება ჩვენს ყველა საზრუნავსა და საქმიანობას. ჩვენთვის უფლის დიდება კვლავ დაედება ბუნების სამყაროს. სულ უფრო მეტად შევიცნობთ ზეციურ ჭეშმარიტებათა ახალახალ გაკვეთილებს და გავიზრდებით მისი სიწმიდის მსგავსებაში. აი ასე ვიქნებით “უფლის განსწავლული” და დავრჩებით “ღვთის წინაშე” იმ მოწოდებით, რომელშიც მოწოდებული ვიყავით (ეს. 54:13; 1კორ. 7:24). ქი 6.4