დიადი ბრძოლა

23/42

თავი 23 - რას წარმოადგენს საწმიდარი?

ადვენტისტთა რწმენის საყრდენი ბოძი და საფუძველია ტექსტი წმიდა წერილიდან:“ორიათას სამასი დილა და საღამო,.. და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი” (დან. 8:14). ეს სიტყვები ქრისტეს მომლოდინე ყველა მორწმუნესათვის იყო ცნობილი. ათასობით ბაგე წარმოთქვამდა მას, როგორც თავისი რწმენის სიმბოლოს. ისინი აღიარებდნენ, რომ მათი მომავლის იმედები და მოლოდინი სწორედ ამ წინასწარმეტყველებაზეა აგებული. ნათელი იყო, რომ ეს წინასწარმეტყველური დღეები 1844 წლის შემოდგომაზე უნდა გასრულებულიყო. დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ადვენტისტებსაც სჯეროდათ, რომ საწმიდარი არის დედამიწა ან მისი რომელიმე ნაწილი. ისინიც ასევე ფიქრობდნენ, რომ საწმიდარის გაწმენდა დედამიწის ცეცხლით გაწმედას ნიშნავს უკანასკნელ, დიდებულ დღეს და რომ ეს მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს. აქედან გამოიტანეს დასკვნა, რომ ქრისტე დედამიწაზე 1844 წელს უნდა დაბრუნებულიყო. დბ 254.1

მაგრამ დათქმულმა დრომ ჩაიარა და უფალი არ მოვიდა. მორწმუნეებმა კარგად იცოდნენ, რომ წმიდა წერილში არ არის შეცდომა და არც შეიძლება იყოს. აქედან დაასკვნეს: მათ არასწორად გამოიკვლიეს ღვთის სიტყვის წინასწარმეტყველებანი. მაგრამ სად არის შეცდომა? ბევრი წინააღმდეგობათა კვანძის გახსნას იმ მტკიცებით ეცადა, რომ 2300 დღე არ მთავრდებოდა 1844 წელს, მაგრამ ამის დასაბუთება შეუძლებელი იყო და მათ მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, ევარაუდათ, რომ ქრისტე არ მოვიდა იმ დროს, როცა მას ელოდებოდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ წინასწარმეტყველური დღეები 1844 წელს გასრულდებოდა, მაშინ ქრისტე გაწმედდა საწმიდარს (დედამიწას) ცეცხლით, მაგრამ რადგან უფალი არ მოვიდა, ესე იგი ეს დღეები ჯერ არ გასულა. დბ 254.2

ასეთი დასკვნის გამოტანა მათ მიერ ადრე გამოთვლილი წინასწარმეტყველური ვადების უარყოფას ნიშნავდა. როგორც ცნობილია, 2300 დღის ათვლის წერტილია წელი, როდესაც ძალაში შევიდა მეფე ართახშაშთას მიერ გამოცემული ბრძანებულება იერუსალიმის აშენებისა და აღდგენის შესახებ, ე.ი. 457 წელი ჩვენს წმდე. თუკი ათვლის წერტილად ამ თარიღს მივიჩნევთ, მაშინ დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში აღწერილი ყველა მოვლენა (დან. 9:25-27) hარმონიულად ჯდება ამ დროში. 69 შვიდეული, ანუ პირველი 483 წელიწადი 2300 წლიდან, გვამცნობს მეუფე ქრისტეს შესახებ, ხოლო მისი ნათლობა და სულიწმიდისაგან ცხება ჩვენი წელთაღრიცხვით 27 წელს, ზუსტად ემთხვევა ამ გამოანგარიშებას. 70-ე შვიდეულის შუა პერიოდში მესია უნდა მომკვდარიყო. ნათლობიდან სამნახევარი წლის შემდეგ, 31 წლის გაზაფხულზე, ქრისტე მართლაც ჯვარცმულ იქნა. 70 შვიდეული, ანუ 490 წელიწადი სპეციალურად იუდეველებისთვის იყო განკუთვნილი. ამ პერიოდის ამოწურვისას იუდეველებმა საბოლოოდ უარყვეს ქრისტე და დაიწყეს მისი მოწაფეების დევნა; 34 წლიდან მოციქულებმა ქადაგება დაიწყეს წარმართებში. 490 წლის გასრულების შემდეგ, 2300 წლის პერიოდიდან დარჩენილი იყო 1810 წელიწადი. თუკი ჩვენი წელთაღრიცხვის 34 წლიდან გადავითვლით 1810 წელიწადს, მივიღებთ 1844 წელს.”და მაშინ, - როგორც ანგელოზმა თქვა, - განიწმიდებაო საწმიდარი”. ყველა მითითებული წინასწარმეტყველება ზუსტად განსაზღვრულ დროში აღსრულდა. დბ 255.1

ამ გამოთვლაში ყველაფერი ნათელი და ზუსტი იყო, გარდა ერთისა: 1844 წელს არ მოხდა მოვლენები, რომლებიც შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო, როგორც საწმიდარის გაწმედა. იმ ფაქტის უარყოფა, რომ წინასწარმეტყველური პერიოდი გასრულდა 1844 წელს, უკვე დამტკიცებული ჭეშმარიტების არევდარევასა და უარყოფას ნიშნავდა. დბ 255.2

მაგრამ უფალი ხელმძღვანელობდა თავის ხალხს ამ დიდ, ადვენტისტურ მოძრაობაში. მისი ძალა და დიდება მართავდა ამ საქმეს და უფალმა არ დაუშვა, რომ წყვდიადს შთაენთქა იგი, რომ ჭეშმარიტება სიცრუედ, ფანატიზმად და წარმავალ მოძღვრებად მიეღოთ. ის ვერ შეეგუებოდა, რომ მისი სიტყვის ჭეშმარიტებაში ვინმეს ეჭვი შეპარვოდა. თუმცა ბევრმა უარყო ადრინდელი გამოთვლის წინასწარმეტყველური პერიოდისა და საერთოდ, ამ მოძრაობის უფლებამოსილება მასზე დაყრდნობით, მაგრამ სხვებმა პირიქით, არ უარყვეს თავიანთი რწმენა და ის გამოცდილება, რომელიც გამართლებული იყო წმიდა წერილით და სულიწმიდის მოწმობით. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ წინასწარმეტყველებათა გამოკვლევისას ჯანსაღი პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ და ახლა თავს ვალდებულად თვლიდნენ, არ დაეტოვებინათ ჭეშმარიტების უკვე მოპოვებული ფაქტები და წერილის გამოკვლევის უკვე მიღებული მიმართულება. ისევ და ისევ ლოცვებით უბრუნდებოდნენ ბიბლიის კვლევას, რათა დაშვებული შეცდომა აღმოეჩინათ. და როდესაც წინასწარმეტყველური პერიოდების გამოკვლევებში ვერავითარი უზუსტობა ვერ იპოვეს, სერიოზული ყურადღება მიაპყრეს საკითხს საწმიდარის შესახებ. დბ 255.3

ამ საკითხის შესწავლისას მათ ბიბლიაში ვერ აღმოაჩინეს ვერავითარი მტკიცება საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისისა დედამიწის, როგორც საწმიდარის შესახებ, მაგრამ სრული ახსნაგანმარტება მიიღეს მის მოწყობასა და მასში აღსრულებულ მსახურებასთან დაკავშირებით. ბიბლიის ავტორთა მოწმობა იმდენად ამომწურავი და გასაგები იყო, რომ ყოველგვარი ეჭვი გაქრა. პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს:“პირველ აღთქმასაც hქონდა ღვთისმსახურების წესდებები და ამქვეყნიური წმიდა, ვინაიდან მოწყობილი იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და საწირი პური, რომელსაც”წმიდა” ეწოდება. მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით”წმიდათაწმიდა”, რომელსაც hქონდა ოქროს საკმეველი და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ტაკუკი, აარონის განედლებული კვერთხი და აღთქმის ფიქალები, ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელნიც უჩრდილავდნენ შენდობის ადგილს” (მადლის ტახტს) (ებრ. 9:1-5). დბ 255.4

საწმიდარი, რომლის შესახებაც პავლე მოციქული გვესაუბრება, იყო მოსეს მიერ ღვთის ბრძანებით აშენებული კარავი, დედამიწაზე უზენაესის საცხოვრისი.”გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის” (გამოს. 25:8); ასეთი იყო ბრძანება უფლისა, როდესაც მოსეს ელაპარაკებოდა მთაზე. ისრაელიანები უდაბნოში მოგზაურობის დროს ადგილიდან ადგილზე გადადიოდნენ და კარავიც შესაბამისად იყო დამზადებული. მიუხედავად ამისა, იგი დიდებულ ნაგებობას წარმოადგენდა. მისი კედლები გაკეთებული იყო ოქროს სქელი ფენით მოვარაყებული ფიცრებისაგან, ვერცხლის საყრდენებით, ხოლო სახურავის მაგივრობას რამდენიმე”საფარებელი” ანუ ხალიჩა უწევდა. გარედან კარავი გამოქნილი ტყავებით იყო დაფარული, ხოლო შიგნითა მხარეს გამოკრული hქონდა წმიდა, ძვირფასი სელის გრეხილი ქსოვილი, რომელზედაც ოქრომკერდით იყო ამოქარგული ქერუბიმთა დიდებული გამოსახულებანი. ეზოში მდებარეობდა”ყოვლადდასაწველის” სამსხვერპლო, თვით კარავი კი ორი განყოფილებისაგან შედგებოდა: საწმიდარი და წმიდათაწმიდა, რომლებიც ერთმანეთისაგან მდიდრული, შესანიშნავი ფარდით იყო გამიჯნული. ასეთივე ფარდა ფარავდა პირველი განყოფილების შესასვლელს. დბ 256.1

პირველ განყოფილებაში, ე.ი. საწმიდარში, სამხრეთის მხარეს დადგმული იყო შვიდი ლამპრისაგან შემდგარი სასანთლე, დღისით და ღამით მის გასანათებლად. ჩრდილოეთის მხარეს იდგა ტაბლა შესაწირი პურით, ხოლო იმ ფარდის წინ, რომელიც საწმიდარს წმიდათაწმიდისაგან მიჯნავდა, იდგა ოქროს საკმეველი, საიდანაც ყოველდღე კეთილსურნელებასთან ერთად ზეცამდე აღწევდა ისრაელის ლოცვები. დბ 256.2

წმიდათაწმიდაში იდგა ძვირფასი ხისგან ნაკეთები და ოქროთი მოფერილი აღთქმის კიდობანი, რომელშიც ინახებოდა ქვის ორი ფიქალი, რომლებზედაც უფალმა ათი მცნება ამოკვეთა. კიდობანს hქონდა უჩვეულო ნაკეთობის სახურავი, რომელიც მადლის ტახტად იწოდებოდა და რომელიც ორი ქერუბიმით იყო შემკული, - ყველაფერი ხალასი ოქროსაგან. სწორედ აქ, ქერუბიმთა შორის, დიდების ღრუბელში იყო დავანებული ღმერთი. დბ 256.3

როდესაც ებრაელები ქანაანის მიწაზე დასახლდნენ, კარავი შეიცვალა ტაძრით, რომელიც სოლომონმა ააგო. ეს იყო მშვენიერი ნაგებობა. მას შენარჩუნებული hქონდა ძველი კარვის პროპორციები და სახე. აი, რას წარმოადგენდა საწმიდარი ჩვ.წ. 70 წლამდე, სანამ იგი რომაელებმა არ დაანგრიეს. რასაკვირველია, თუ არ ჩავთვლით დანიელის დღეებს, როდესაც იგი ნანგრევებად იყო ქცეული. დბ 256.4

ბიბლია გვამცნობს, რომ ეს იყო ერთადერთი საწმიდარი, რომელიც ოდესღაც არსებობდა დედამიწაზე. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეს იყო პირველი აღთქმის საწმიდარი. განა ახალ აღთქმას არა აქვს საწმიდარი? დბ 256.5

მორწმუნეებმა კვლავ მიმართეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს და ჭეშმარიტების მძებნელებმა პავლე მოციქულის სიტყვებში მეორე, ახალი აღთქმის საწმიდარის არსებობაზე მითითება იპოვეს:“პირველ აღთქმასაც hქონდა ღვთისმსახურების წესდებები და ამქვეყნიური წმიდა”. პავლეს ეს სიტყვები იმის მანიშნებელია, რომ მას ადრეც hქონია საუბარი ამ საწმიდარის შესახებ. მათ გადაშალეს წინამდებარე თავი და წაიკითხეს:“მთავარი, რაზეც ლაპარაკია, ეს არის: გვყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში, და ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა” (ებრ. 8:1-2). დბ 256.6

აქ საუბარია ახალი აღთქმის საწმიდარზე. ძველი აღთქმის საწმიდარი, რომელიც მოსემ ააშენა, ადამიანის ხელით იყო აგებული, ხოლო ახალი აღთქმის საწმიდარი აგებულია არა ადამიანის, არამედ უფლის მიერ. მიწიერ საწმიდარში მსახურებას მიწიერი მღვდლები ატარებდნენ, მეორეში კი მოღვაწეობს ქრისტე, ჩვენი უზენაესი მღვდელმთავარი. პირველი საწმიდარი იყო დედამიწაზე, მეორე - ზეცაში. დბ 257.1

მოსეს მიერ აგებული კარავი შესრულებულია უფლის მიერ შემოთავაზებული ნიმუშის მიხედვით. მან ბრძანა:“როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი” (გამოს. 25:9,25,40). პავლე მოციქულიც ამბობს, რომ პირველი კარავი”არის აწმყო დროის მაგალითი, როდესაც სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა”, რომ მისი წმიდა განყოფილებები”ზეციურის ასლი” იყო და რჯულის მიხედვით შესაწირავის მოტანით მღვდლები ემსახურებოდნენ”ზეციურ სახესა და ჩრდილს”, და რომ”ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე” (ებრ. 9:9,23; 8:5; 9:24). დბ 257.2

ზეციური საწმიდარი, სადაც ქრისტე ჩვენთვის ასრულებს მსახურებას, არის სწორედ ის დიდებული ორიგინალი, რომლისგანაც მოსემ მისი მიწიერი ასლი ააგო. მიწიერი საწმიდარის მშენებლებს თვით უფალი შთააგონებდა. ამ სამუშაოს შესრულების უმაღლესი მხატვრული დონე უფლის დიდ სიბრძნეზე მოწმობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს საწმიდარის კედლები ოქროს ზოდებისაგან იყო აგებული, რადგან იგი ირეკლავდა ოქროს სასანთლის შვიდი ლამპრის ნათელს.”ტაბლა შესაწირი პურით” და საკმეველი ბრწყინავდა, როგორც მბზინავი ოქრო, ზედა ჭერს ქმნიდა ჩინებული, საუცხოო ქსოვილისაგან დამზადებული ფარდა, რომელზედაც ცისფერი, ალისფერი და მეწამული ძაფებით ანგელოზთა გამოსახულებები იყო ამოქარგული. მეორე ფარდის მიღმა იდო აღთქმის კიდობანი, სადაც უფალი აცხადებდა თავის დიდებას. ამ განყოფილებაში მღვდელმთავრის გარდა თუ სხვა ვინმე შევიდოდა, მოკვდებოდა. დბ 257.3

მიწიერი საწმიდარის უბადლო ელვარება და დიდებულება ადამიანის თვალს უჩვენებდა იმ ზეციური ტაძრის დიდებას, სადაც ქრისტე, როგორც ჩვენი შუამდგომელი, ჩვენთვის ეწევა მსახურებას ღვთის ტახტის წინაშე. იერუსალიმის ტაძარი, ყველაზე დიდებული ნაგებობა, რაც ოდესღაც ადამიანის ხელს შეუქმნია დედამიწის ზურგზე, იმ ზეციური ტაძრის მხოლოდ სუსტი ანარეკლი იყო, სადაც სუფევს მეფეთა მეფე, სადაც მას ათასობით ანგელოზნი ემსახურებიან, სადაც არის მარადიული ტახტის დიდება, სადაც”სერაფიმები”, მისი”მფარველი ანგელოზები” მოწიწებით იფარავენ სახეს ამ დიდების წინაშე. მიუხედავად ამისა, მიწიერი საწმიდარი მთელი თავისი მსახურების სისტემით გვამცნობს მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს ზეციური საწმიდარისა და იმ დიდი მსახურების შესახებ, რომელიც იქ მიმდინარეობს ადამიანის გამოსყიდვისათვის. დბ 257.4

ზეციური საწმიდარი, მიწიერის მსგავსად, ასევე ორი განყოფილებისაგან შედგება. როდესაც იოანე მოციქულმა თავის ხილვაში ზეციური ტაძარი იხილა, მან”ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი” დაინახა. აგრეთვე იხილა ანგელოზი, რომელიც”დადგა სამსხვერპლოსთან და ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული hქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდას ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ” (გამოცხ. 4:5; 8:3). იოანეს ნება მიეცა ზეციური საწმიდარის პირველი განყოფილების ხილვისა, სადაც მან იხილა”შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი” და”ოქროს საცეცხლური”, რომელთაც მიწიერ საწმიდარში სასანთლე და საკმეველი ეწოდებოდა. კვლავ”გაიხსნა უფლის ტაძარი” და ფარდის მიღმა”წმიდათა წმიდაში” მან დაინახა”აღთქმის კიდობანი”, რომლის მსგავსი ააგო მოსემ მიწიერ საწმიდარში, სადაც უფლის მცნებების ქვის ფიქალები ინახებოდა. ამ პრობლემის ასე გულმოდგინედ და ყურადღებით შესწავლის შედეგად მოპოვებულ იქნა უცილობელი დასტური ზეციური საწმიდარის არსებობისა. მოსემ მიწიერი საწმიდარი ააგო იმ ორიგინალიდან, რომელიც უფალმა აჩვენა. ებრაელთა მიმართ თავის ეპისტოლეში პავლე მოციქულიც ადასტურებს იმას, რომ მიწიერი საწმიდარი არის ასლი ზეციურისა და იოანეც ამოწმებს, რომ მან იგი ზეცაში ნახა. დბ 257.5

ზეციურ ტაძარში, სადაც უფალი სუფევს, უზენაესის ტახტი დაფუძნებულია სამართლიანობასა და სამსჯავროზე. წმიდათაწმიდაში ინახება მისი კანონი - სამართლის უდიდესი საზომი, რომლითაც მთელი კაცობრიობის გამოცდა ხდება. აღთქმის კიდობანში ინახება მცნებათა ფიქალები, ხოლო მის სახურავზე - მადლის ტახტია, რომლის წინაშეც ქრისტე თავისი დაღვრილი სისხლით ცოდვილთ შუამდგომლობს. ასე არის განსახიერებული მართლმსაჯულებისა და გულმოწყალების კავშირი კაცობრიობის გამოსყიდვის გეგმაში. მხოლოდ უსასრულო სიბრძნეს შეეძლო ასეთი კავშირის შემოთავაზება და მხოლოდ უსასრულო ძალას შეეძლო მისი აღსრულება, რის წინაშეც მთელი ზეცა გაოცებით იყრის მუხლს. მიწიერ საწმიდარში ქერუბიმები, რომელნიც ასე მოწიწებით აპყრობენ მზერას მადლის ტახტს, გამოხატავენ იმ ინტერესს, რომლითაც მთელი ზეციური მხედრობა ადამიანთა გადარჩენას ადევნებს თვალს. ესაა შეწყალების საიდუმლო, რომლის შემეცნებაც ასე აინტერესებთ ანგელოზებს: როგორ შეიძლება ღმერთი იყოს სამართლიანი, თუკი ამართლებს მონანიებულ ცოდვილს და ზურგს არ აქცევს დაცემულ კაცობრიობას? როგორ შეძლო ქრისტემ დაღუპვის უფსკრულიდან ადამიანთა ამოყვანა და მათი თავისი სიმართლის უმანკო სამოსელით შემოსვა, მათი გაერთიანება ანგელოზებთან, რომელთაც არ იციან, რა არის ცოდვა, რათა ისინი საუკუნოდ ღვთის გვერდით იყვნენ? დბ 258.1

ქრისტეს, როგორც დაცემული ადამიანის შუამდგომელს, ვხედავთ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში, რომელსაც ეწოდება”მორჩი”. წინასწარმეტყველი ამბობს:“ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის” (ზაქ. 6:13). დბ 258.2

`ის ააშენებს უფლის ტაძარს”. თავისი მსხვერპლისა და შუამდგომლური მსახურების მეშვეობით ქრისტე ერთდროულად არის ღვთის ეკლესიის საძირკველიც და აღმშენებელიც. პავლე მოციქული მას უწოდებს ქვაკუთხედს,“რომელზედაც მთელი შენაწევრებული შენობა წამოიმართება უფალში წმიდა ტაძრად, რომელზეც შენდებით თქვენც, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში” - ამბობს მოციქული (ეფეს. 2:20-22). დბ 258.3

ის”იტვირთავს დიდებას”. ქრისტეს ეკუთვნის დაცემული კაცობრიობის გამოსყიდვის დიდება. სასუფეველი აივსება გამოსყიდულთა hანგებით.”მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან... მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე” (გამოცხ. 1:5,6). დბ 258.4

`დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება, მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს”,..”და მის მეფობას არ ექნება დასასრული”. იგი ახლა არ ზის”თავისი დიდების ტახტზე”, რადგან დიდების სასუფეველი ჯერ არ დამყარებულა დედამიწაზე. მხოლოდ თავისი შუამდგომლური მსახურების დამთავრებისას”მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს” და”მის მეფობას არ ექნება დასასრული” (ლუკ. 1:32-33). დბ 259.1

როგორც მღვდელი, ქრისტე ახლა ზის მამის ტახტზე, მის გვერდით (გამოცხ. 3:21). მარადიულ ცოცხალ მეფესთან მის ტახტზე, მის გვერდით ზის ის,“ვინც იკისრა ჩვენი ვნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი”, რომელიც ჩვენსავით იყო”გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა”, რათა”დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ”.”ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესო ქრისტე” (ეს.53:4;ებრ.4:15;2:18;1იოან.2:1). იგი გვშუამდგომლობს ჩვენ თავისი დაწყლულებული, ნაცემნაგვემი, დალეწილი სხეულით და თავისი უმანკო ცხოვრებით. მისი ნალურსმნალი ხელები და ფეხები, განგმირული ფერდი - ეს ყველაფერი, ვედრებაა დაცემული ადამიანისათვის და მის შეწყალებას ითხოვს, ვინც ასეთი დიდი ფასით არის გამოსყიდული. დბ 259.2

`და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის”. მამისა და ძის სიყვარული ერთად წარმოადგენს გადარჩენის წყაროს დაცემული მოდგმისათვის. იესომ თავისი ზეცად ამაღლების წინ თქვა:“არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის. ვინაიდან თვით მამას უყვარხართ” (იოან. 16:26,27).”ღმერთმა ქრისტეში შეირიგა წუთისოფელი” (2კორ. 5:19). და ზეციურ საწმიდარში”ამ ორთა შორის თანხმობა იქნება”.”ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ hქონდეს საუკუნო სიცოცხლე” (იოან. 3:16). დბ 259.3

კითხვაზე: რას წარმოადგენს საწმიდარი? - წმიდა წერილი ნათლად და გასაგებად პასუხობს. გამოთქმა”საწმიდარი”, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, უპირველეს ყოვლისა, ეწოდება მოსეს მიერ ზეციური ტაძრის მიხედვით დედამიწაზე აგებულ კარავს და ასევე ჭეშმარიტ კარავს ზეცაში, რომელზეც მიწიერი საწმიდარი მიუთითებს. ქრისტეს ჯვარცმით დამთავრდა სიმბოლური მსახურება.”ჭეშმარიტი კარავი” ზეცაში - ახალი აღთქმის საწმიდარია და რადგან დანიელის წინასწარმეტყველება (8:14) თავის აღსრულებას ახალ აღთქმაში პოულობს, ამიტომ საწმიდარი, რომელზედაც აქ არის ლაპარაკი, ახალი აღთქმის საწმიდარს უნდა ნიშნავდეს. ამგვარად, წინასწარმეტყველება:“2300 საღამოს და დილას გასტანსო - და მერე გაიწმიდებაო საწმიდარი” - ეჭვსგარეშეა, ზეციურ საწმიდარზე მიუთითებს. დბ 259.4

ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე გვრჩება პასუხი გასაცემი: რას ნიშნავს საწმიდარის გაწმედა? ძველ აღთქმაში ნათქვამია მიწიერი საწმიდარის განმწმედელი მსახურების შესახებ, მაგრამ ზეცაში განა რამეს სჭირდება განწმედა? ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-9 თავში გასაგებად არის ნათქვამი როგორც მიწიერი, ასევე ზეციური საწმიდარის განწმედის შესახებ.”თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება. მაშასადამე, იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან, უნდა წმიდავდებოდნენ ამით, თვით ზეციურნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლით” (ებრ. 9:22-23), სახელდობრ: ქრისტეს ძვირფასი სისხლით. დბ 259.5

განწმედა, როგორც მიწიერ, ასევე ჭეშმარიტ, ზეციურ მსახურებაში მხოლოდ სისხლით უნდა მომხდარიყო. პირველ შემთხვევაში - ცხოველთა, მეორეში კი - ქრისტეს სისხლით. ებრაელთა მიმართ წერილში პავლე მოციქული მიუთითებს, რომ განწმედა უნდა ხდებოდეს სისხლის მეშვეობით იმიტომ, რომ სისხლის დაღვრის გარეშე არ არსებობს მიტევება. ცოდვა უნდა განქარდეს ან მიეტევოს, მაგრამ რა დამოკიდებულება აქვს ცოდვას საწმიდართან, გინდ მიწიერთან, გინდ ზეციურთან? ამ კითხვაზე პასუხის მიღება შეიძლება, თუკი გამოვიკვლევთ სიმბოლურ მსახურებას, რადგან მღვდლები თავიანთი მიწიერი მსახურებისას”ემსახურებიან ზეციურ სახესა და ჩრდილს” (ებრ. 8:5). დბ 260.1

მიწიერ საწმიდარში მსახურება ორი ნაწილისაგან შედგებოდა: მღვდლები ყოველდღიურად მსახურობდნენ წმიდაში, ხოლო წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი საწმიდარის განწმედისათვის შემორიგების ცერემონიალის განსაკუთრებულ მსახურებას ატარებდა. ცოდვილს თავისი შესაწირავი საწმიდარის კართან მოhყავდა, ცხოველის თავზე ხელდადებით აღიარებდა საკუთარ ცოდვებს, რითაც თავისი ცოდვები სიმბოლურად გადაhქონდა უდანაშაულო ცხოველზე. ამის შემდეგ ცხოველს კლავდნენ.”სისხლის დაღვრის გარეშე, - ამბობს მოციქული, - არ არსებობს მიტევება”.”რადგან სისხლშია ხორციელის სული” (ლევ. 17:11). უფლის კანონის დარღვევა ცოდვილის სიცოცხლეს ითხოვდა. სისხლი, რომელიც იმ ცოდვილის განსახიერება იყო, ვისი დანაშაულიც უცოდველ ცხოველზე გადაhქონდათ, მღვდელს საწმიდარში შეhქონდა, ასხურებდა ფარდას, რომლის მიღმაც იდგა აღთქმის კიდობანი, სადაც ადამიანის მიერ დარღვეული უფლის კანონის ფიქალები იდო. ამ წესის შესრულებით, ცოდვა სიმბოლურად გადაhქონდათ საწმიდარში. ზოგ შემთხვევაში სისხლი არ შეhქონდათ საწმიდარში, მაგრამ მაშინ ხორცი უნდა ეჭამათ მღვდლებს, როგორც უბრძანა მოსემ აარონის ვაჟებს:“ეს /მსხვერპლი/ იმისათვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეცოდება” (ლევ. 10:17). ეს ორივე წესი ერთნაირად სიმბოლურად გამოხატავდა მონანიებული ცოდვილისაგან ცოდვის გადატანას საწმიდარში. დბ 260.2

ეს იყო ყოველდღიური მსახურება მთელი წლის განმავლობაში. ამგვარად, ისრაელის ცოდვები შედიოდა საწმიდარში, ხოლო საწმიდარის განწმედისათვის განსაკუთრებული წესები არსებობდა. უფალმა ბრძანა, რომ საწმიდარის ყოველი განყოფილების განწმედისათვის სრულიად განსაკუთრებული მსახურების ჩატარება იყო საჭირო:“განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის”. აუცილებელი იყო აგრეთვე სამსხვერპლოს განწმედაც:“გაასუფთავებს და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან” (ლევ. 16:16,19). დბ 260.3

წელიწადში ერთხელ, შემორიგების დიდებულ დღეს, მღვდელმთავარი შედიოდა წმიდათაწმიდაში საწმიდარის განსაწმედად, - ამით მთავრდებოდა ღვთისმსახურების წლიური ციკლი. ამ გამოსყიდვის დიდ დღეს საწმიდარის შესასვლელთან მოhყავდათ ორი ვაცი და მათზე ხდებოდა წილის ყრა:“ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისთვის” (ლევ. 16:8). უფლის წილხვდომილი ვაცი უნდა შეეწირათ ცოდვების გამოსასყიდად. მღვდელმთავარს შეhქონდა მისი სისხლი კრეტსაბმელის მეორე მხარეს, წმიდათაწმიდაში აღთქმის კიდობნის თავსარქველზე და თავსარქველის წინ დასასხურებლად. სისხლის დაპკურებით უნდა განწმედილიყო აგრეთვე სასაკმევლე, რომელიც კრეტსაბმელის წინ იდგა. დბ 260.4

`თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით. წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას დასაკარგავისაკენ; გაუშვებს თხას უდაბნოში” (ლევ. 16:21-22). განტევების ვაცი აღარასოდეს უბრუნდებოდა ისრაელიანთა ბანაკს და კაცს, რომელსაც იგი უდაბნოში მიhყავდა, უნდა გაერეცხა თავისი სამოსი, ტანი დაებანა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო თავის თანამოძმეებთან დაბრუნება. დბ 261.1

მთელი ამ ცერემონიალის აღსრულების მიზანი ის იყო, რომ ყოველი ისრაელიანის გონებაში აღბეჭდილიყო უფლის სიწმიდე და ცოდვისადმი მისი სიძულვილი; მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ცოდვასთან ყოველგვარი შეხება აუწმიდურებს ადამიანს. ამ შერიგების სადღესასწაულო ცერემონიალის დროს ყველა ადამიანს გული უნდა განეწმიდა და დაემდაბლებინა. იმ დღეს ყოველგვარი სხვა საქმიანობა წყდებოდა. ყოველი ებრაელი მას საზეიმო მორჩილებაში, ლოცვაში, მარხვაში და საკუთარი გულის გამოკვლევაში ატარებდა. დბ 261.2

შერიგების მსახურების ეს პირველსახე მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მოიცავს. ცოდვილის ნაცვლად მსხვერპლად იწირებოდა მისი შემცვლელი, მაგრამ შეწირულ სისხლს არ შეეძლო ცოდვების განწმედა. ამიტომ გადაhქონდათ იგი საწმიდარში. ამ სისხლის გაღებით ცოდვილი ცნობდა კანონის ავტორიტეტს, აღიარებდა თავის დანაშაულს მისი დარღვევის გამო და გამოხატავდა თავის მისწრაფებას, მიეღო მიტევება მაცხოვრისადმი რწმენით, რომელიც უნდა მოსულიყო, როგორც მესია. მაგრამ იგი მაინც სრულად ვერ თავისუფლდებოდა კანონის მსჯავრისაგან... შერიგების დღეს მღვდელმთავარს საზოგადოებისაგან შემოწირული მსხვერპლის სისხლი წმიდათაწმიდაში შეhქონდა და ასხურებდა მას აღთქმის კიდობნის თავსარქველს, სადაც ფიქალები იმყოფებოდა, რათა ამგვარად დაეკმაყოფილებინა კანონის მოთხოვნები. შემდგომ, როგორც შუამდგომელი, იგი თავის თავზე იღებდა ცოდვებს და გაhქონდა ისინი საწმიდარიდან. განტევების ვაცზე ხელდასხმით იგი აღიარებდა ისრაელის ყველა ცოდვას და ამ გზით ისინი განტევების ვაცზე გადაhქონდა. ვაცს ისინი შორს მიhქონდა და ითვლებოდა, რომ ამით ხალხი სამუდამოდ თავისუფლდებოდა ყველა ამ ცოდვისაგან. დბ 261.3

აი, რას წარმოადგენდა მსახურება, რომელიც”ზეციური სახე და ჩრდილი იყო”. ის, რაც სიმბოლურად მიწიერ საწმიდარში სრულდებოდა, მთელი ჭეშმარიტებითა და სრულყოფით სრულდებოდა ზეციურ საწმიდარში. ზეცად ამაღლების შემდეგ მაცხოვარმა, როგორც მღვდელმთავარმა, ზეციურ საწმიდარში დაიწყო მსახურება. პავლე მოციქული ამბობს:“ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე” (ებრ. 9:24). დბ 261.4

მღვდლის მიერ შესრულებული ერთწლიანი მსახურება საწმიდარის პირველ განყოფილებაში”კრეტსაბმელის მიღმა”, რომელიც წმიდა ადგილისა და გარე ეზოს გამყოფი კარის მაგიერია, განასახიერებს იმ მსახურებას, რომლის აღსრულებასაც შეუდგა ქრისტე ზეცად ამაღლების შემდეგ. მღვდლის ყოველდღიური მსახურება გამოიხატებოდა ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლის სისხლის უფლის წინაშე მოტანაში და საკმევლის კმევაში, რომელიც ისრაელის ლოცვებთან ერთად ადიოდა ზეცად. ასეთივე მსახურებას ეწევა ქრისტე, რომელმაც მამას ცოდვილთათვის დაღვრილი თავისი სისხლი მოუტანა და თავისი სიმართლის კეთილსურნელებასთან ერთად მას მორწმუნეთა მონანიების ლოცვები წარუდგინა. ეს მსახურება ზეციური საწმიდარის პირველ განყოფილებაში სრულდებოდა. დბ 261.5

ქრისტეს მოწაფეებმა მაცხოვრის ცად ამაღლების შემდეგ რწმენით მიაპყრეს თვალნი ზეციურ საწმიდარს. მისკენ იყო მიმართული მათი ყველა იმედი, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად,“ჩვენი სულისათვის არის სანდო და მტკიცე ღუზასავით და შედის ფარდის მიღმა, სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო, და გახდა უკუნისამდე მღვდელმთავარი ...არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა” (ებრ. 6:19-20; 9:12). დბ 262.1

თვრამეტი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს წმიდა მსახურება საწმიდარის პირველ განყოფილებაში. ქრისტეს სისხლი შუამდგომლობდა მონანიების მოსურნე ცოდვილს და არიგებდა მას მამასთან, მაგრამ მისი ცოდვები კვლავინდებურად ზეციურ წიგნებში ჩაწერილი რჩებოდა. როგორც სიმბოლური მსახურების დროს წლის ბოლოს სრულდებოდა შემორიგების მსახურება, ასევე კაცობრიობის გამოსყიდვისათვის ქრისტეს მსახურების დასრულებამდე საჭირო იყო ზეციური საწმიდარის განწმედა... ცოდვებისაგან. სწორედ ეს არის ის მსახურება, რომელიც დაიწყო 2300 დღის გასრულების შემდეგ. ამ დროს, დანიელის წინასაწარმეტყველებათა მიხედვით, ჩვენი მღვდელმთავარი შევიდა წმიდათაწმიდაში თავისი უკანაკნელი საზეიმო მსახურების ბოლო ნაწილის აღსასრულებლად - საწმიდარის განსაწმედად. დბ 262.2

როგორც ძველ დროში ადამიანთა ცოდვები რწმენით ინაცვლებდა ცოდვის გამოსყიდვისათვის შეწირულ ცხოველზე და მისი დაღვრილი სისხლის მეშვეობით სიმბოლურად გადაიტანებოდა მიწიერ საწმიდარში, ასევე ახალ აღთქმაშიც, ჩვენი ცოდვები ჩვენივე რწმენით ტვირთად აწვება ქრისტეს და ფაქტიურად, მაცხოვარს ის ზეციურ საწმიდარში გადააქვს. და როგორც მიწიერი საწმიდარის განწმედა მისგან ცოდვების გატანით ხდებოდა, ასევე ზეციური საწმიდარის ჭეშმარიტი განწმედა უნდა მოხდეს უფლის მიერ შეტანილი ჩვენი ცოდვების იქიდან გატანით ან მოსპობით. მაგრამ იმ გადაწყვეტილებათა მისაღებად, თუ ვინ შეიძლება ქრისტეში რწმენითა და მონანიებით მიიღოს გადარჩენის უფლება, საჭიროა ზეციური წიგნების შესწავლა. ამიტომ, საწმიდარის განწმედაში შედის სასამართლო ძიების მსახურებაც. იგი უნდა დასრულდეს ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე ადამიანთა გამოსასყიდად, რადგან, როდესაც იგი მოვა, მასთან იქნება შურისგება, რათა”თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მიუზღას” (გამოცხ. 22:12). დბ 262.3

ამგვარად, მათ, ვინც ირწმუნეს წინასწარმეტყველური სიტყვა, ნათლად დაინახეს, რომ ქრისტე 2300 წინასწარმეტყველური დღის გასრულებისას - 1844 წელს, დედამიწაზე მოსვლის ნაცვლად შევიდა ზეციური საწმიდარის წმიდათაწმიდაში საბოლოო შემორიგების დასკვნითი მსახურების აღსასრულებლად, რაც მოამზადებს მის დედამიწაზე მეორედ მოსვლას. დბ 262.4

ნათელი და გასაგები გახდა, რომ დაკლული ვაცი მიუთითებდა ქრისტეზე, როგორც მსხვერპლზე, ხოლო მღვდელმთავარი ანსახიერებდა ქრისტეს, როგორც შუამდგომელს. განტევების ვაცი კი ანსახიერებდა სატანას, ცოდვის ავტორს, რომელსაც შემდგომში დააწვება ყოველი გულწრფელად მონანიებული ადამიანის ცოდვა. როდესაც მღვდელმთავარი ცოდვისათვის დაკლული მსხვერპლის სისხლით განწმედდა საწმიდარს, მას ცოდვა განტევების ვაცზე გადაhქონდა. როდესაც ქრისტე თავისი ხალხის ცოდვებისათვის დაღვრილი თავისი სისხლით განწმედს ზეციურ საწმიდარს, იგი ყველა ამ ცოდვას სატანას დააკისრებს, რომელიც ზეციური სამსჯავროს გადაწყვეტილებით, საბოლოოდ დაისჯება. განტევების ვაცს უშვებდნენ დაუსახლებელ, უკაცრიელ უდაბნოში, რათა იგი აღარასოდეს დაბრუნებულიყო ისრაელიანთა ბანაკში. ასევე, სატანაც სამუდამოდ იქნება განდევნილი უფლისაგან და მისი ხალხისაგან და თავის არსებობას დაასრულებს ცოდვისა და ცოდვილთა განადგურების შემდეგ. დბ 262.5