ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
გულთა ყანა
ჩვენი ოჯახი - ეს მთავარი ყანაა, რომელშიც მოწოდებულნი ვართ ვიშრომოთ.
უფალმა მშობლებს სასიხარულო, წმიდა საქმე მიანდო. მათ გულთა ყანაში უნდა იშრომონ. ღმერთი მოელის, რომ ისინი სათუთად და მზრუნველობით დაამუშავებენ ბაღს თავიანთი შვილების გულებში, დათესავენ კეთილ თესლს და სრულებით ამოძირკვავენ ყოველგვარ სარეველას. საჭიროა ხასიათის ყოველი ნაკლისა და ხინჯის გამოსწორება, ვინაიდან, თუ მათ დატოვებთ, ისინი დაჩრდილავენ მის სილამაზეს. ბოს 55.1
მსოფლიოში ჭარბობს ტენდენცია, რომლის თანახმადაც ახალგაზრდებს ნებადართული აქვთ მისდიონ ბუნებრივ მიდრეკილებებს. და როდესაც მათი მეტისმეტი უზრდელობა თავს იჩენს, მშობლები ამბობენ, რომ ამაში არაფერია საშიში - ისინი დადინჯდებიან გარკვეული დროის შემდეგ და როდესაც თექვსმეტითვრამეტი წლისანი იქნებიან, ისინი გააკეთებენ სწორ დასკვნებს საკუთარ თავთან დაკავშირებით, მიატოვებენ უწინდელ მიდრეკილებებს და ვარგისი ადამიანები გახდებიან. როგორ ცდებიან! წლობით უშვებდნენ მშობლები მცდარი პრინციპების განვითარებას და ბევრ შემთხვევაში ყოველგვარი შრომა, მიმართული ამ უკვე გაზრდილი ბავშვების მოსაქცევად, ფუჭი აღმოჩნდება ხოლმე. ისინი ამჟღავნებენ იმ ხასიათს, რომლის ფორმირების უფლებაც მათ მშობლება მისცეს. ბოს 55.2
არ ღირს ახალგაზრდებს მივცეთ ნება ისწავლონ ყველაფერი განურჩევლად, იმის იმედით, რომ ოდესღაც მომავალში სიკეთე სძლევს და ბოროტება დაკარგავს თავის გავლენას. ბოროტება უფრო მალე გავრცელდება, ვიდრე სიკეთე. შესაძლებელია, მრავალი წლის შემდეგ, ბოროტება აღმოიფხვრება კიდეც, მაგრამ ვის შეუძლია თავდებად დაუდგეს ამას? უფრო ადვილი და გაცილებით უსაფრთხოა სუფთა, კეთილი თესლის თესვა შვილების გულებში, ვიდრე შემდგომში სარეველებთან ბრძოლა. ნორჩ გონებაში ფესვგადგმული წარმოდგენები ძნელი გასანადგურებელია. ამიტომაც, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მათი წარმოდგენები იყოს ჭეშმარიტი და ახალგაზრდების მოქნილი შესაძლებლობები სწორი მიმართულებით წარიმართოს. ბოს 55.3