ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
ელეანორ დოანი
თუ მშობლები შვილებს სათანადო აღზრდას აძლევენ, ისინი თავიანთი დაუღლელი შრომის ნაყოფს სიხარულით იხილავენ მათ ხასიათში. ისინი უდიდეს მსახურებას ეწევიან ღმერთისთვის. ბოს 162.1
დანერგეთ თქვენს შვილებში ინტელექტუალური კულტურა და მიეცით მათ ზნეობრივი აღზრდა. განამტკიცეთ მათი ახალგაზრდა გონება მყარი, სუფთა პრინციპებით. სანამ გაქვთ შესაძლებლობა, საფუძველი ჩაუყარეთ კეთილშობილური ხასიათის ჩამოყალიბებას. თქვენი შრომა ასმაგად იქნება დაჯილდოვებული. ბოს 162.2
ახლა ზეცა და დედამიწა ერთმანეთისაგან უფრო შორს არ იმყოფება, ვიდრე იმ ღამეს, როდესაც მწყემსებმა ბეთლემის მახლობელ მინდვრებზე ანგელოზთა სიმღერა გაიგონეს. ღმერთი დღესაც ისეთივე მზრუნველობას იჩენს ადამიანთა მიმართ, როგორც მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი შრომით დაკავებული უბრალო ადამიანები, დღისითმზისით, ანგელოზებს ხვდებოდნენ და ზეციურ წარმომადგენლებს ვენახებსა და მინდვრებში ესაუბრებოდნენ. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საქმეებში ზეცა შეიძლება ჩვენ გვერდით იყოს. ბოს 162.3
ცხოვრება დედამიწაზე - ეს არის ზეცაში ცხოვრების დასაწყისი; აღზრდა დედამიწაზე - ეს არის ზეცის პრინციპების შესწავლა; შრომა აქ - ეს არის მზადება იქ შრომისათვის. ის, თუ როგორნი ვართ ახლა, როგორია ჩვენი ხასიათი და სურვილები, შეიძლება იყოს სარწმუნო ნიშანი იმისა, თუ როგორნი ვიქნებით. ბოს 163.1
გონიერი მშობლების შრომას არასოდეს აღიარებს წუთისოფელი, მაგრამ როდესაც ზეცაში ჩანაწერთა წიგნები გადაიშლება, მათი საქმე წარდგება ისეთნაირად, როგორც ღმერთი ხედავს და დაჯილდოებული იქნება ადამიანთა და ანგელოზთა წინაშე. მაშინ გამოჩნდება, როგორი ნათელი იყო წუთისოფლისათვის ყოველი ბავშვი, აღზრდილი თავისი მოვალეობებისადმი ერთგული მშობლების მიერ. ამ ბავშვების ხასიათზე მუშაობა სავსე იყო ცრემლებით, დარდით და უძილო ღამეებით, მაგრამ მშობლები მას ბრძნულად და პატიოსნად ასრულებდნენ და ისინი უფლისაგან შექებას მოისმენენ. ბოს 163.2
ბავშვებს უნდა ასწავლოთ, რომ, როდესაც ისინი თავიანთ გონებას ხსნიან სუფთა და დიადი აზრებისათვის და აკეთებენ კეთილ, სასარგებლო საქმეებს, ისინი იმოსებიან ღვთიური ხასიათის მშვენიერი სამოსით. ეს სამოსი მათ აქცევს ლამაზ და საყვარელ ადამიანებად აქ, მომავალში კი უზრუნველყოფს მისასვლელს მეფის სასახლეში. მისი აღთქმა ამბობს: “ისინი ივლიან ჩემთან თეთრ სამოსელში, რადგანაც ისინი ღირსნი არიან”. ბოს 163.3