ქრისტეს ვნებანი

4/14

თავი 4 - პილატეს სამსჯავროზე

სახარება მათესი, 27:11-31; მარკოზისა, 15:1-20; ლუკასი, 23:1-25; იოანესი, 18:28-40; 19:1-16

სასამართლო დარბაზში რომაელი განმგებლის, პილატეს წინაშე იდგა დატყვევებული, რომაელი ჯარისკაცებით გარშემორტ ყმული, შებორკილი მაცხოვარი. დარბაზი სავსე იყო. შესასვლელთან სინედრიონის წევრები, მღვდლები, მთავრები, უხუცესნი და მდაბიონი იდგნენ. ქვ 46.1

იესოს გასამართლების შემდეგ სინედრიონმა პილატეს მიმართა, რათა მათი განაჩენი დაემტკიცებინა და სისრულეში მოეყვანა. მაგრამ რომაელთა სასამართლოში იუდეველებმა შესვლა არ ინებეს. იუდეველთა ტრადიციის თანახმად, ეს გააუწმინდურებდა მათ და პასექის დღესასწაულში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ. დაბრმავებულნი, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი გულები უკვე გაუწმინდურდა სიძულვილისა და მკვლელობის მცდელობისაგან. მათ არ ესმოდათ, რომ ქრისტე იყო პასექის ჭეშმარიტი კრავი, ხოლო მაცხოვრის უარყოფის შემდეგ ამ უდიდესმა დღესასწაულმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ქვ 46.2

როდესაც მაცხოვარი სასამართლო დარბაზში შეიყვანეს, პილატემ სიძულვილით შეხედა მას. რომაელი განმგებელი დილაადრიან გააღვიძეს, შეაწუხეს და ლოგინიდან წამოაყენეს და ახლა იგი ცდილობდა, რაც შეიძლება მალე შეესრულებინა თავისი მოვალეობა. იგი მზად იყო მთელი სისასტიკით მოპყრობოდა ტყვეს. მრისხანე სახით ათვალიერებდა მას, ვინც სულ ცოტა ხანში უნდა დაეკითხა. ვისი გულისათვის გამოიძახეს განმგებელი ასე ადრე? პილატემ იცოდა, რომ მის წინაშე იდგა ის, ვისი გასამართლება და დასჯა სურდათ იუდეველ მთავრებს და რაც შეიძლება მალე. ქვ 46.3

პილატემ ჯერ იესოს მცველ ჯარისკაცებს გადახედა, შემდეგ კი მზერა თვით იესოზე შეაჩერა. ბევრი რამის მომსწრე იყო იგი თავისი სიცოცხლის მანძილზე. მაგრამ არასოდეს უნახავს მის წინაშე მდგარი ასე კეთილშობილი და ღვთისმოსავი ადამიანი. მის სახეზე პილატემ ვერ ამოიკითხა ვერც დანაშაული, ვერც შიში და ვერც თავხედობა. მისი სახე არ ჰგავდა დამნაშავის სახეს. პირიქით, ზეციური სიწმინდის კვალი აჩნდა მას. ქვ 46.4

შეუძლებელი იყო პილატეს ქრისტე არ მოსწონებოდა და რომაელი განმგებლის სულში სიკეთემ გაიღვიძა. მას ადრეც ჰქონდა მოსმენილი იესოსა და მისი სასწაულებრივი საქმეების შესახებ. გაახსენდა, რომ ცოლიც ელაპარაკებოდა რაღაცას იმის შესახებ, თუ როგორ კურნავდა სნეულთ და მკვდრეთით აღადგე-ნდა მიცვალებულთ ეს გალილეველი წინასწარმეტყველი. პილატეს ყოველივე თვალწინ წარმოუდგა, როგორც მივიწყებული სიზმარი. მან გაიხსენა ის უჩვეულო შემთხვევები, რაზედაც ჰყვებოდნენ სხვადასხვა ადამიანები და გადაწყვიტა იუდეველთაგან გაეგო, თუ რაში ადანაშაულებდნენ ტყვეს. ქვ 46.5

ვინ არის ეს კაცი და რატომ მოიყვანეთ აქ? რა დანაშაული მიუძღვის მას? იუდეველები შეცბუნდნენ, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ არავითარი მამხილებელი საბუთი არ გააჩნდათ ქრისტეს წინააღმდეგ. ამიტომ არ სურდათ მათ იესოს საჯაროდ გასამართლება. იუდევლებმა უპასუხეს, რომ ეს არის ცრუწინასწარმეტყველი იესო ნაზარეველი. ქვ 47.1

პილატემ კვლავ იკითხა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?” მღვდელმსახურებმა არ გასცეს პირდაპირი პასუხი შეკითხვას და წყრომით მიუგეს: „ეს რომ ბოროტის მოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით”. თუკი სინედრიონის წევრებს, ერის წინამძღვრებს თქვენთან მოჰყავთ ადამიანი, რომელიც სიკვდილის ღირსად სცნეს, რა თქვენი საქმეა, რაში ადანაშაულებენ მას? თავიანთი შთამბეჭდავი გარეგნული დიდებულებით იუდეველები ცდილობდნენ ზეგავლენა მოეხდინათ პილატეზე, რათა ყოველგვარი წინასწარი შეკითხვების გარეშე შეესრულებინა მათი თხოვნა. იუდეველთ სურდათ, რაც შეიძლება ჩქარა დამტკიცებულიყო განაჩენი, რადგან იცოდნენ, რომ ქრისტეს სასწაულთა მრავალ მოწმეს შეეძლო ეთქვა სიმართლე და ამით გაებათილებინა იუდეველ მთავართა სიცრუე. ქვ 47.2

იუდეველი მთავრები პილატეს სცნობდნენ, როგორც სუსტი ნებისყოფისა და მერყევი ხასიათის მქონე ადამიანს და იმედოვნებდნენ, რომ ადვილად განახორციელებდნენ თავიანთ მიზნებს. პილატეს ხშირად მოუწერია ხელი იმ ადამიანთა განაჩენზე, რომლებიც სულაც არ იმსახურებდნენ ასეთ ხვედრს და მღვდელმსახურებმაც კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი. პილატე არაფრად აგდებდა ტყვეთა სიცოცხლეს და მისთვის სულერთი იყო, დამნაშავეა თუ არა ადამიანი. ამიტომ მღვდელმსახურთ იმედი ჰქონდათ, რომ პილატე ახლაც ყოველგვარი დაკითხვის გარეშე გამოტანდა იესოს სასიკვდილო განაჩენს. ისინი ითხოვდნენ განაჩენის გამოტანის დაჩქარებას დიდ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. ქვ 47.3

მაგრამ იყო რაღაც საოცარი, ზებუნებრივი ძალა ამ ადამიანში, რამაც პილატე შეაჩერა. მას ვერ გადაეწყვიტა განაჩენის გამოტანა. იგი მღვდელმსახურთ ჩანაფიქრს მიუხვდა. პილატეს ისიც გაახსენდა, რომ სულ ახლახანს იესომ მკვდრეთით აღადგინა ოთხი დღის განმავლობაში სამარხში მყოფი ლაზარე. და განაჩენზე ხელის მოწერამდე გადაწყვიტა საფუძვლიანად გამოეკვლია, თუ რაში სდებდნენ ბრალს იესოს და მართალია თუ არა ეს ბრალდება. ქვ 48.1

თუკი თქვენი სამსჯავრო საკმარისია, - თქვა მან, - რატომღა მოიყვანეს ტუსაღი ჩემთან? წაიყვანეთ თქვენთან და მსჯავრი დასდეთ თქვენი რჯულის მიხედვით. მღვდლები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ მათ უკვე გაასამართლეს ქრისტე, მაგრამ განაჩენი ვერ შევა ძალაში პილატეს თანხმობის გარეშე. „და როგორია თქვენი განაჩენი?” - იკითხა პილატემ. „სიკვდილი, - უპასუხეს მათ, - მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მისი სისრულეში მოყვანა”. ისინი სთხოვდნენ პილატეს ერწმუნა მათი სიტყვა, რომ ქრისტე დამნაშავეა და ხელი მოეწერა განაჩენზე. ხოლო შედეგისათვის ყოველგვარ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდნენ. ქვ 48.2

პილატე არ იყო სამართლიანი და კეთილსინდისიერი მოსამართლე, ზნეობრივად უმწიკვლო, მაგრამ თხოვნა არ შეიწყნარა. მას არ შეეძლო იესოს გასამართლება, ვიდრე არ გაიგებდა, თუ რაში ადანაშაულებდნენ. ქვ 48.3

მღვდლები არჩევანის წინაშე დადგნენ. ერთის მხრივ, მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოემჟღავნებინათ თავიანთი ნამდვილი მიზნები, რათა პილატეს არ ეფიქრა, რომ ქრისტე შეპყრობილ იქნა რელიგიური მოტივებით. თუკი განზრახვას მიუხ ვდებოდნენ, მათი ბრალდება ძალას დაკარგავდა. და გადაწყვიტეს იესო სამოქალაქო კანონთა დამრღვევად წარედგინათ. მაშინ მას გაასამართლებდნენ, როგორც პოლიტიკურ დამნაშავეს. მაშინდელ ისრაელში ხშირი იყო მღელვარება და ამბოხება რომის ხელისუფლების წინააღმდეგ. რომაელები სასტიკად უსწორდებოდნენ ამბოხებულთ და ყოველთვის მზად იყვნენ ძირ შივე აღეკვეთათ ყოველგვარი ასეთი მოძრაობა. ქვ 48.4

სულ რამდენიმე დღის წინათ ფარისეველნი მზაკვრულად ცდილობდნენ ქრისტეს სიტყვაში დაჭერას და ჰკითხეს: „შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?” მაგრამ ქრისტე მიუხვდა თვალთმაქცობას. იქ მყოფმა რომაელებმა იხილეს შეთქმულთა სრული დამარცხება და გაოგნება, როდესაც იესოს პასუხი მოისმინეს: „მიეცით კეისარს კეისრისა” /ლუკა 20:22-25/. ქვ 49.1

და ახლაც მღვდლებს ჩაფიქრებული ჰქონდათ ქრისტეს მოძღვრების არასწორად წარდგენა. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ მიემართათ ცრუ მოწმობისათვის და ასეთი ბრალდება წაუყენეს: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს ქრისტეს და მეფეს უწოდებს”. ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლო იყო და ეს მღვდლებმაც კარგად იცოდნენ, მაგრამ მზად იყვნენ ეცრუათ, ოღონდ თავიანთი მიზნებისათვის მიეღწიათ. ქვ 49.2

პილატე მიუხვდა განზრახვას. იგი დარწმუნებული იყო, რომ ამ ტუსაღს არასოდეს უფიქრია ხელისუფლების ჩამოგდება. ეს ბრალდება საერთოდ არ ესადაგებოდა მის სათნო და მოკრძალებულ გარეგნობას. პილატე დარწმუნებული იყო, რომ ეს რაღაც საიდუმლო შეთქმულება იყო ამ უდანაშაულო ადამიანის მოსპობის მიზნით, რომელიც რაღაცით იუდეველ მთავრებს ხელს უშლიდა. და პილატემ იესოს ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?” მაცხოვარმა მიუგო: „შენ ამბობ”. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მაცხოვარს უჩვეულოდ გაუნათდა სახე, თითქოს მზის სხივი გაბრწყინდა მასზე. ქვ 49.3

როდესაც იესოს პასუხი მოისმინეს, კაიაფამ და მღვდელმსახურებმა პილატეს მიმართეს მოწმობისათვის, რომ იესომ თავად აღიარა დანაშაული, რომელშიც ბრალს სდებდნენ. აღშფოთებული მღვდელმსახურნი, ფარისეველნი და მწიგნობარნი სასიკვდილო განაჩენს ითხოვდნენ მაცხოვრისათვის. მათი ყვირილი ბრბომაც აიტაცა და საშინელმა ხმაურმა მოიცვა იქაურობა. პილატე გააოგნა იესოს დუმილმა და დაბნეულმა მიმართა მაცხოვარს: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?” მაგრამ იესომ კვლავ არაფერი უპასუხა. ქვ 49.4

პილატეს ზურგს უკან, უამრავი ხალხის წინაშე მდგომ იესოს ესმოდა, თუ როგორ ლანძღავდნენ. მაგრამ სიტყვაც არ უთქვამს ამ ცრუმოწმეთა წინააღმდეგ. მისი გამომეტყველება და საქციელი მის სრულ უდანაშაულობაზე მოწმობდა. იგი სრულიად მშვიდად იდგა აბობოქრებული ქარიშხლის შუაგულში. მრისხანებისა და ბოროტების ოკეანის აზვირთებული ტალღები შეუბრალებლად მიიწევდა მაცხოვრისაკენ, მაგრამ ვერაფერს ვნებდა მას. იგი დუმდა, თუმცა მრავლისმეტყველი იყო ეს დუმილი. თითქოს მთელი მისი არსება საოცარ ნათელს აფრქვევდა. ქვ 50.1

პილატე გაოცებული იყო იესოს საქციელით. ნუთუ ამ კაცს არ სურს სიცოცხლის შენარჩუნება? ნუთუ მისთვის სულერთია, რას გადაწყვეტს სასამართლო? განმგებელი გრძნობდა, რომ იესო, რომელიც დუმილითა და სრული სიმშვიდით ხვდებოდა დაცინვასა და შეურაცხყოფას, ვერ იქნებოდა ისეთივე უწმინდური და ცოდვილი, როგორც ეს მღვდლები. ძალიან სურდა პილატეს სიმართლის შეტყობა და ბრბოს დაშოშმინება, ამიტომ იესო გვერდზე გაიყვანა და კვლავ ჰკითხა: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?”. ქვ 50.2

იესომ პირდაპირი პასუხი არ გასცა ამ კითხვას. მაცხოვარმა იცოდა, რომ პილატე სულიწმიდის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და საშუალება მისცა სინდისის ხმას დამორჩილებოდა. „შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?” - ჰკითხა იესომ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამ გამოიწვია პილატეს შეკითხვა: მღვდელმსახურთა ბრალდებამ თუ ქრისტეს ღვთიური ნათელის მიღების სურვილმა? პილატე მიხვდა ქრისტეს შეკითხვის არსს. მაგრამ მისი გული ამპარტავნობამ მოიცვა. არ მოისურვა დამორჩილებოდა სინდისის ხმას. „განა მე იუდეველი ვარ? - უთხრა მან, -შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?”. ქვ 50.3

პილატემ ხელიდან გაუშვა იშვიათი შესაძლებლობა, მაგრამ იესომ მაინც არ დატოვა ნათლის გარეშე. თუმცა პირდაპირი პასუხი არ გასცა განმგებლის შეკითხვას, მაგრამ გასაგებად აუხსნა, თუ რისთვის მოვიდა წუთისოფელში და მიახვედრა, რომ არ სჭირდება მიწიერი დიდება და მისი ტახტი. ქვ 51.1

„ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის ამქვეყნიური”. პილატემ ჰკითხა: „ესე იგი, მეფე ხარ?”. იესომ მიუგო: „შენ ამბობ, რომ ჭეშმარიტება დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას”. ქვ 51.2

ქრისტემ განაცხადა, რომ თვით მისი სიტყვაც საიდუმლოს გასაღებია: ყოველი ადამიანისათვის, ვინც მზად არის მიიღოს მაცხოვარი. ვინაიდან თავად სიტყვა ფლობს თვითდამკვიდრების ძალას და სწორედ ამაში იყო უფლის ჭეშმარიტი სასუფევლის დამკვიდრების საიდუმლო. იესოს სურდა, პილატე მიმხვდარიყო: მხოლოდ ჭეშმარიტების მიღებითა და შეცნობით შეეძლო თავისი ცოდვილი ხასიათის გამოსწორება. ქვ 51.3

თუმც დაიბნა პილატე, მაგრამ მაინც შეეცადა ჭეშმარიტების შეცნობას; მან სიხარულით მიიღო მაცხოვრის სიტყვები და ძალიან სურდა გაეგო, თუ რა იყო იგი და რა გზით შეეძლო მისი მიღება „რა არის ჭეშმარიტება?” - იკითხა მან, მაგრამ პასუხს არ დალოდებია. გარედან შემოჭრილმა ხმაურმა მოაგონა მას თავისი მოვალეობა. მღვდლები მისგან სასწრაფო მოქმედებას ითხოვდნენ. „გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ მასში”. ქვ 51.4

წარმართი მოსამართლის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები მწარე საყვედურის გამოცხადება იყო ცრუ და ვერაგ მმართველთა მიმართ, რომელნიც ბრალს სდებდნენ მაცხოვარს. პილატეს სიტყვებმა იმედი გაუცრუა და განარისხა ისინი. მათ უკვე დიდი ხანია მოაწყვეს შეთქმულება და ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ მის განსახორციელებლად. და ახლა, როდესაც იესოს გათავისუფლების შესაძლებლობა გამოჩნდა, მზად იყვენენ იქვე მოეკლათ იგი. ხმამაღლა საყვედურობდნენ პილატეს და რომის ხელისუფლების უმაღლესი სასამართლოთი ემუქრებოდნენ. მათ ბრალი დასდეს განმგებელს იმაში, რომ იგი უარს ამბობს იმ კაცის გასამართლებაზე, რომელიც კეისარს აუჯანყდა. ქვ 51.5

ეზოდან კი ისმოდა გაბრაზებული შეძახილები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ იესოს გამრყვნელი ზეგავლენა ხალხისათვის კარგადაა ცნობილი. მღვდლებმა განაცხადეს: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე”. ქვ 52.1

ამ მომენტში პილატე სულაც არ ფიქრობდა გასამართლებას. მან იცოდა, რომ იუდეველებს მაცხოვრისადმი სიძულვილისა და თავიანთი მიკერძოების გამო სურდათ იესოს მსჯავრდადება. პილატემ ასევე კარგად იცოდა თავისი მოვალეობა. სამართლიანობა მოითხოვდა ქრისტეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მაგრამ განმგებელს ეშინოდა იმისა, რომ იესოს გათავისუფლება ხალხში მღელვარებასა და რისხვას გამოიწვევდა. და როდესაც გაიგო, რომ იესო გალილეველი იყო, მაშინვე გაგზავნა იგი ჰეროდესთან, ამ პროვინციის განმგებელთან, რომელიც ამ დროს იერუსალიმში იმყოფებოდა. პილატეს სურდა ამ საქმის გამო მთელი პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა და ჰეროდესთვის გადაებარებინა. ამავე დროს მან გადაწყვიტა, ეს ხელსაყრელი მომენტი გამოეყენებინა ჰეროდესთან თავისი ძველი ურთიერთობის აღდგენისათვის, ვინაიდან მათ შორის დიდ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. და ამას მიაღწია კიდეც: მაცხოვრის გასამართლების შემდეგ ისინი დამეგობრდნენ. ქვ 52.2

პილატემ იესო კვლავ მცველთ გადასცა. ბრბომ დაცინვითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ჰეროდეს სამსჯავრომდე გააცილა იგი. „ჰეროდემ დაინახა იესო და ძალიან გაუხარდა”. მას აქამდე არასოდეს ენახა მაცხოვარი, მაგრამ „დიდი ხანია სურდა მისი ხილვა, ვინაიდან ბევრი რამ სმენოდა მის შესახებ და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან. ჰეროდეს იოანე ნათლისმცემლის სისხლში ჰქონდა ხელი გასვრილი და, როდესაც პირველად იესოს სახელი გაიგონა, ძლიერ შეშინებულმა თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე; ის აღმდგარა მკვდრეთით”. და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში” /მარკ. 6:16; მათ. 14:2/. და მაინც, ჰეროდეს ძალიან სურდა მისი ხილვა. ახლა მას შესაძლებლობა მიეცა ეხსნა ამ წინასწარმეტყველის სიცოცხლე და იმედოვნებდა ამით სამუდამოდ ამოეგდო მეხსიერებიდან მოგონებანი, რომელიც ლანგარზე დადებულ იოანეს გასისხლიანებულ თავთან იყო დაკავშირებული. ამას გარდა, მას თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაც სურდა და ფიქრობდა, რომ, თუკი ქრისტეს თავისუფლებას დაპირდებოდა, თავის მხრივ მაცხოვარი ყოველგვარ თხოვნას შეუსრულებდა. ქვ 52.3

მღვდელთა და უხუცესთა მრავალრიცხოვანი ბრბო მიაცილებდა ქრისტეს ჰეროდეს სახლისკენ. სასახლეში მიყვანისთანავე სწრაფად და მღელვარებით აუხსნეს ამ დიდებულებმა ჰეროდეს, თუ რაში ედებოდა მაცხოვარს ბრალი, მაგრამ მას ყურადღებაც არ მიუქცევია მათთვის. ვინაიდან ძალიან სურდა ქრისტესთან საუბარი, ჰეროდემ ყველას უბრძანა გაჩუმებულიყვნენ, ქრისტესთვის ბორკილები აეხსნათ. თან უსაყვედურა იმის გამო, რომ ასე სასტიკად მოექცნენ მას. ჰეროდე თანაგრძნობით უცქეროდა წუთისოფლის მხსნელის მშვიდ სახეს, რომელზედაც მხოლოდ სიბრძნე და სიწმინდე აღბეჭდილიყო. პილატეს მსგავსად, ჰეროდეც დარწმუნებული იყო, რომ ფარისეველნი მაცხოვარს სიძულვილისა და შურის გამო სდებდნენ ბრალს. ქვ 53.1

ჰეროდემ მრავალი კითხვა დაუსვა ქრისტეს, მაგრამ მაცხოვარი არ პასუხობდა. მეფის ბრძანებით მოიყვანეს მრავალი ხეიბარი და მიხრწნილი მოხუცი და ქრისტეს უბრძანეს თავისი ღვთიურობის დასამტკიცებლად მოეხდინა სასწაული. „ამბობენ, რომ სნეულთა განკურნება შეგიძლია, - მიმართა მეფემ მაცხოვარს, - მინდა დავრწმუნდე, რომ ეს მართალია”. იესო კვლავ დუმდა, ჰეროდე კი აძალებდა: „თუკი სხვებისთვის შეგიძლია, სასწაული ჩაიდინო, გააკეთე ეს შენივე კეთილდღეობისათვის და გეშველება”. და კვლავ უბრძანა: „გვიჩვენე ნიშანი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც შენზე ამბობენ, მართალია”. მაგრამ ქრისტე დუმდა, თითქოს არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა. ღვთის ძემ მიიღო ადამიანის ბუნება, ამიტომ იგი ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი მოიქცეოდა მსგავს ვითარებაში. ამიტომ არ მოახდენს იგი არავითარ სასწაულს ტკივილისა და დამცირებისაგან თავის დასაღწევად და ისევე მოიქცევა, როგორც მსგავს ვითარებაში ჩავარდნილი ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანი. ქვ 53.2

ჰეროდემ გათავისუფლება აღუთქვა ქრისტეს, თუკი იგი რაიმე სასწულს მოახდენდა მის წინაშე. ქრისტეს ცილისმწამებელთ საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი ქრისტეს უდიდესი სასწაულები. მათ საკუთარი ყურით ისმინეს, როგორ უბრძანა მაცხოვარმა ჯოჯოხეთს ტყვეთა გათავისუფლება; მათ იხილეს, თუ როგორ ადგა სასიკვდილო სარეცლიდან მიცვალებული ქრისტეს ბრძანების ხმაზე და იუდეველებს შეეშინდათ, რომ ქრისტე მართლაც მოახდენდა სასწაულს. ყველაზე მეტად მაცხოვრის ძალის გამოვლენისა ეშინოდათ, ვინაიდან იგი ჩაშლიდა ყველა მათ გეგმას და, შესაძლოა, ეს სიცოცხლის ფასადაც დასჯდომოდათ. და კვლავ მღვდელმსახურნი და უხუცესნი დიდი მღელვარებითა და დაჟინებით იმეორებდნენ თავიანთ ბრალდებას იესოს წინააღმდეგ. ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ: „იგი მოღალატეა და ღვთისმგმობელი. ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის დახმარებით ახდენდა სასწაულებს!” ჰეროდეს სასახლეში შეკრებილი ხალხი დაიბნა და აღელდა. ისე ყვიროდნენ, რომ ერთმანეთის ხმა არ ესმოდათ. ქვ 54.1

ჰეროდეს სინდისი უკვე აღარ იყო ისე მგრძნობიარე, როგორც მაშინ, როდესაც ჰეროდიადას თხოვნამ, მისთვის ლანგრით მიერთმიათ იოანე ნათლისმცემლის თავი, საშინლად აღაშფოთა. ამ საშინელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მას ცოტა ხანს კიდევ ქენჯნიდა სინდისი. მაგრამ აღვირახსნილი ცხოვრების ნირმა დაადუმა მისი ზნეობრივი გრძნობები. ახლა იგი იმდენად გასასტიკდა, რომ ტრაბახობდა კიდეც იმით, თუ როგორ გაუსწორდა იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც გაბედა მისი მხილება. და მან მუქარით გააფრთხილა იესო, რომ მხოლოდ მას ძალუძს გაათავისუფლოს ან მსჯავრი დასდოს მაცხოვარს. იესო კვლავ დუმდა. ქვ 54.2

ქრისტეს დუმილმა მოთმინებიდან გამოიყვანა ჰეროდე, რომელმაც ეს დუმილი მისი ძალაუფლებისადმი სრული გულგრი ლობის გამოხატვად მიიჩნია. პატივმოყვარე და ამაყი მეფისათვის ნაკლებად შეურაცხმყოფელი იქნებოდა ღია კამათი, ვიდრე მისი ავტორიტეტის ასეთი უგულვებელყოფა. და იგი კვლავ დაემუქრა მის წინაშე მდუმარედ მდგომ მაცხოვარს. ქვ 55.1

ქრისტე წუთისოფელში მოვიდა არა იმისათვის, რომ ადამიანთა უბრალო ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, არამედ დაჭრილ გულთა გასამრთელებლად. ახლა რომ მას თავისი სიტყვით ადამიანთა ტანჯული სულების ცოდვისაგან განკურნება შესძლებოდა, ასე არ დადუმდებოდა, მაგრამ არაფერი ჰქონდა სათქმელი მათთვის, ვინც ჭუჭყიანი ფეხებით თელავდა ჭეშმარიტებას. ქვ 55.2

ქრისტეს შეეძლო ჰეროდესათვის ეთქვა ისეთი რამ, რაც წელში მოხრიდა ამ სასტიკ მეფეს. შეეძლო იქვე ემხილებინა მისი ცოდვილი ცხოვრება, ეჩვენებინა მის თავზე მოახლოებული შურისგება და შიშის ზარი დაეცა მისთვის. მაგრამ ქრისტეს დუმილი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მისი მკაცრი, ოდესმე წარმოთქმული მამხილებელი სიტყვა. ჰეროდემ უარყო ყველა წინასწარმეტყველთა შორის ამ უდიდესი წინასწარმეტყველის მიერ წარმოთქმული ჭეშმარიტება და ზეცის მეუფეს სხვა აღარაფერი ჰქონდა მისთვის სათქმელი. მწუხარე ადამიანის დასახმარებლად ყოველთვის მზადმყოფი მაცხოვარი ახლა ყრუ იყო მეფის ბრძანების მიმართ. მოწყალემ და მიმტევებელმა, მონანიე ცოდვილის თანამგრძნობმა და მოყვარულმა მაცხოვარმა ერთხელაც კი არ შეხედა ჰეროდეს. მან, ვისი ბაგენიც წარმოთქვამდნენ უდიდეს ჭეშმარიტებებს, ვინც სიყვარულითა და ნაზი მუდარით მიმართავდა ყველაზე დიდ ცოდვილთ და დაცემულთ, ერთხელაც კი არ გასცა პასუხი პატივმოყვარე მეფეს, რომელსაც სულაც არ სჭირდებოდა მაცხოვარი. ქვ 55.3

ჰეროდეს მძვინვარებისაგან სახე მოეღრიცა, განრისხებული, ბრბოს მოუბრუნდა და იესო თვალთმაქცად გამოაცხადა. შემდეგ კი ქრისტეს მიმართა: „თუკი შენ არ დაამტკიცებ, რომ ნამდვილად ისა ხარ, რადაც თავს აცხადებ, ჯარისკაცებს და ბრბოს გადაგცემ. ისინი ნამდვილად აგალაპარაკებენ. თუ ცრუობ, ღირსი იქნები, მათი ხელით მოკვდე. ხოლო თუ ნამდვილად ღვთის ძე ხარ, მოახდინე სასწაული და გადაირჩინე თავი”. ქვ 55.4

ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ყველანი ქრისტეს მისცვივდნენ. ველურ მხეცთა მსგავსად დაუწყეს ჯიჯგნა თავიანთ ნადავლს. იესოს აქეთ-იქით დაათრევდნენ და თვით ჰეროდეც შეუერთდა ბრბოს, რათა უფრო მეტად დაემცირებინა ღვთის ძე. რომაელ ჯარისკაცთა ჩარევა რომ არა, გონდაკარგული ბრბო ნაწილნაწილ დაგლეჯდა მაცხოვარს. ქვ 56.1

„ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს”. დაცინვასა და შეურაცხყოფას რომაელი ჯარისკაცებიც შეუერთდნენ. ჰეროდესა და იუდეველ მთავართა მიერ წაქეზებული ეს ბოროტი და ურჯულო მეომრები ამცირებდნენ და აბუჩად იგდებდნენ მაცხოვარს, მაგრამ იგი ღვთიური მოთმინებით იტანდა ყველაფერს. ქვ 56.2

ქრისტეს მდევნელნი მასზე საკუთარი საზომით მსჯელობდნენ: თავიანთ მანკიერ თვისებებს მას მიაწერდნენ. მაგრამ ამ სცენის მიღმა სულ სხვა სურათი იკვეთებოდა, რომელსაც ერთხელაც იხილავენ მთელი თავისი დიდებით. იქ იყვნენ ისეთებიც, ვინც შიშისაგან კანკალებდა. როდესაც თავაშვებული ბრბო დაცინვით თაყვანს სცემდა იესოს, მათი მიმბაძველნი, რომელთაც იგივეს გაკეთება სურდათ, შიშითა და ძრწოლვით უკან იხევდნენ. ჰეროდემ კი თავად გამოუტანა თავის თავს განაჩენი. უფლის მადლით განათებული უკანასკნელი სხივები უარყო მისმა ცოდვებით დამძიმებულმა გულმა. იგი გრძნობდა, მის წინ უჩვეულო პიროვნება იდგა - ღვთიური შუქით გაბრწყინებული ადამიანი. და სწორედ იმ მომენტში, როდესაც ქრისტეს გარს შემოეხვივნენ დამცინავნი, მეძავნი და მკვლელნი, ჰეროდეს ეჩვენებოდა, რომ იგი ხედავს ღმერთს, თავის ტახტზე მჯდომარეს. ქვ 56.3

ამ გულქვა განმგებელმა მაინც ვერ გაბედა ქრისტესათვის განაჩენის გამოტანა. საბედისწერო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, მან ქრისტე კვლავ რომის სასამართლოში დააბრუნა. ქვ 56.4

პილატეს დიდად არ ესიამოვნა მასთან იუდეველთა დაბრუნება. მან გაბრაზებით იკითხა: „რა უნდათ?” მან ერთხელ უკვე დაკითხა იესო და ვერავითარი დანაშაული ვერ იპოვა მასში. თქვენ წაუყენეთ უამრავი ბრალდება, - თქვა განმგებელმა, - მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ დაუმტკიცეთ. უფრო მეტიც: მან ქრისტე ჰეროდეს, გალილეის განმგებელს, გაუგზავნა და, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ებრაელთა ერის წარმომადგენელი იყო, უკან გამოუგზავნა იგი პასუხით: „სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას”. „ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ”, - გადაწყვიტა პილატემ. ქვ 57.1

აქ პილატემ თავისი სუსტი ნებისყოფა გამოავლინა. მან აღიარა, რომ იესო უდანაშაულოა, მაგრამ ბრალმდებელთა დასამშვიდებლად მისი გაშოლტვა გადაწყვიტა. ჰეროდე მზად იყო თვალი დაეხუჭა კანონზე და სამართალზე, ოღონდაც ბრბოს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. როდესაც განმგებელს ხალხმა ასეთი მერყეობა შეამჩნია, უფრო დაჟინებით მოითხოვა ქრისტეს დასჯა. პილატეს თავიდანვე რომ სიმტკიცე გამოეჩინა და უარი ეთქვა ამ უდანაშაულო ადამიანის გასამართლებაზე, თავისუფალი იქნებოდა იმ საშინელი სინდისის ქენჯნისაგან, რაც სიკვდილამდე სტანჯავდა. იგი რომ სამართლიანად მოქცეულიყო, იუდეველები ვერ გაბედავდნენ ასეთი მოთხოვნის წამოყენებას. მართალია, ქრისტეს დასჯიდნენ, მაგრამ პილატე უბრალო იქნებოდა ამ საქმეში. იგი ნაბიჯნაბიჯ ახშობდა საკუთარი სინდისის ხმას და იმის გამო, რომ არ გამოიჩინა სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, იუდეველი მღვდლებისა და მთავრების სათამაშოდ გადაიქცა. მერყეობამ და სუსტმა ნებისყოფამ დაღუპა პილატე. ქვ 57.2

მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰქონდა გამოფხიზლების შესაძლებლობა. უფალს სურდა შეეჩერებინა იგი ამ საბედისწერო დანაშაულის ჩადენისაგან და ამიტომ გააფრთხილა. იესოს ლოცვის პასუხად უფლის ანგელოზი გამოეცხადა პილატეს ცოლს, რომელმაც სიზმარში ნახა მაცხოვარი და ესაუბრა მას. პილატეს ცოლი არ იყო იუდეველი, მაგრამ, როდესაც სიზმარში მაცხოვარი იხილა, იოტისოდენად არ დაეჭვებულა მასში და მის მისიაში. მან ზეციურ მეფედ სცნო ქრისტე. მან იხილა მისი მიწიერი სამსჯავრო, დამნაშავის მსგავსად შებორკილი მისი ხელები; იხილა ჰეროდესა და მის ჯარისკაცთა უმსგავსო და საშინელი საქციელი. ესმოდა, თუ როგორ სასტიკად სწამებდნენ ცილს იესოს ბოროტებითა და შურით აღვსილი მღვდლები და მთავრები. ესმოდა სიტყვები: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით იგი უნდა მოკვდეს”. მან იხილა, თუ როგორ გადასცა მისმა ქმარმა იესო გასაშოლტად, მას შემდეგ, რაც განაცხადა: „ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში”. მან მოისმინა პილატეს ბაგეებით წარმოთქმული განაჩენი და იხილა, როგორ გადასცა მან ქრისტე მკვლელთა ბრბოს. იხილა გოლგოთას ჯვარი, დედამიწაზე ჩამოწოლილი წყვდიადი და მოესმა მისთვის გაურკვეველი სიტყვები: „აღსრულდა!” და კიდევ ერთი ხილვა მიეცა მას. უზარმაზარ თეთრ ღრუბელზე მჯდარი ქრისტე, კოსმოსურ სივრცეში მბრუნავი დედამიწა და ქრისტეს მკვლელნი, რომლებიც გაურბოდნენ უფლის დიდებას. შეშინებულს, საშინელი ყვირილით გამოეღვიძა და მაშინვე წერილით გააფრთხილა პილატე. ქვ 57.3

იმ დროს, როდესაც მტანჯველი ეჭვებით შეპყრობილი პილატე ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, შიკრიკმა გაარღვია ბრბო და განმგებელს ცოლის წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა: „არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმრად ბევრი ვიტანჯე მაგის გამო”. ქვ 58.1

პილატე გაფითრდა. მას შერცხვა თავისი მერყეობის გამო. და სანამ იგი ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, მღვდლებმა და მწიგნობრებმა კიდევ უფრო აამხედრეს და ააშფოთეს ბრბო. და პილატე იძულებული გახდა, სასწრაფოდ რაღაც ეღონა. მან გადაწყვიტა იესოს გასათავისუფლებლად ესარგებლა იუდეველთა ერთი ტრადიციით, რომლის თანახმადაც, დღესასწაულზე ხალხს მათივე თხოვნით ერთ ტუსაღს უთავისუფლებდნენ. ეს იყო წარმართული, სრულიად უსამართლო წესი, მაგრამ იუდეველებს მოსწონდათ იგი. სწორედ ამ დროს რომაელთა საპყრობილეში იმყოფებოდა სიკვდილმისჯილი ტუსაღი - ბარაბა. ამ კაცმა თავი მესიად გამოაცხადა და ამტკიცებდა, რომ მას მიეცა ძალაუფლება თავისი კანონებით შეცვალოს და გამოასწოროს წუთისოფლის მდგომარეობა. სატანის სული იყო ბარაბაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ მთელი ნაძარცვი კანონით მას ეკუთვნის. იგი სატანის ძალით მრავალ სასწაულს ახდენდა და მრავალი მიმდევარიც გამოუჩნდა. ბარაბა ხალხს რომის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოუწოდებდა. ღვთისმოსაობის ნიღბის ქვეშ ვერაგი, სასტიკი, ჩამოყალიბებული ბოროტმოქმედი იმალებოდა. როდესაც პილატემ ბრბოს შესთავაზა აერჩია ორიდან ერთი - ბოროტმოქმედი ან უდანაშაულო მაცხოვარი - მას ხალხის სამართლიანობის იმედი ჰქონდა. განმგებელი ფიქრობდა, რომ მღვდელმსახურთა და უხუცესთა საპირისპიროდ, უბრალო ადამიანები თანაგრძნობას გამოიჩენდნენ იესოს მიმართ, ამიტომ მიუბრუნდა მათ და მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?”. ქვ 58.2

ბრბოს ყვირილი ველურ მხეცთა ღმუილს ჰგავდა: „მოგვეცი ბარაბა!” პილატეს ეგონა, რომ ხალხმა ვერ გაიგო მისი შეკითხვა და გაუმეორა: „გინდათ, გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?” მათ უპასუხეს: „სიკვდილის ღირსია!” „ჩვენ კი ბარაბა მოგვეცი!” „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” - ჰკითხა პილატემ, მღელვარე ბრბო დემონთა ხროვას დაემსგავსა. ეს იყო ადამიანთა სულში ჩასახლებულ ეშმაკთა ხროვა, რომელიც კვლავ ყვიროდა: „ჯვარცმულ იქნეს!”. ქვ 59.1

პილატე შეწუხდა. მას არ ეგონა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა. განმგებელს არ სურდა ამ უცოდველი ადამიანისათვის ასეთი სამარცხვინო და საშინელი სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა. როდესაც ბრბო ცოტათი მიწყნარდა, მან კვლავ მიმართა ხალხს: „რა ბოროტება ჩაიდინა მან?” მაგრამ მისი ხმა აღარავის ესმოდა. ბრბოს იესოს უცოდველობის მტკიცება კი არა, არამედ მისი სიკვდილი სურდა. ქვ 59.2

პილატე კვლავ შეეცადა მაცხოვრის გადარჩენას. „მან მესამედ უთხრა მათ: რა ბოროტება ჩაიდინა მან? მე ვერაფერი სასიკვდილო დანაშაული ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ”. მაგრამ იმის თქმამ, რომ იესო შეიძლება გაათავისუფლონ, უფრო გააშმაგა და გააცოფა ბრბო. „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!” - ყვიროდნენ ისინი. პილატეს ყოყმანით გამოწვეული ქარიშხალი სულ უფრო ძლიერდებოდა და საშინლად ბობოქრობდა. ქვ 60.1

და მაშინ დასუსტებული, დაწყლულებული მაცხოვარი „პილატემ საჯაროდ გააშოლტვინა”. „ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი ეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში და შეკრიბეს მთელი რაზმი. შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისაგან დაწნული გვირგვინი. მასხრობით ესალმებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და „აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ მას თაყვანს”. დროდადრო ვიღაცის უკეთური ხელი ართმევდა მას ლერწამს, რომელიც ხელში დააჭერინეს და ურტყამდა ეკლიან გვირგვინზე. ეკლები შუბლში ესობოდა და სახეზე და წვერზე სისხლი ჩამოსდიოდა. ქვ 60.2

გაოცდი, ო, ზეცავ! გაჰკვირდი, დედამიწავ! შეხედეთ მტანჯველსა და ტანჯულს! გონსგადასული ბრბო გარს ერტყმის სამყაროს მხსნელს. დამცინავი ლანძღვაგინებითა და ღვთის მგმობელი სიტყვებით ამკობს ქვეყნიერების მეფეს. ეს უმადური ბრბო დაცინვით იხსენებს მაცხოვრის უბრალო დაბადებას და მის მორჩილ ცხოვრებას. ნათქვამი, რომ იგი ღვთის ძეა, საყოველთაო დაცინვის საგანი ხდება. ბრბომ უცებ აიტაცა უწმინდურთა უხამსი ხუმრობები და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ქვ 60.3

თვით სატანა ხელმძღვანელობდა მაცხოვრის წინააღმდეგ აღმდგარ ამ გამხეცებულ ბრბოს. იგი ცდილობდა ეცდუნებინა იესო საპასუხო მოქმედებისათვის ან იძულებული გაეხადა, მოეხდინა სასწაული საკუთარი გათავისუფლებისათვის, რითაც ხსნის მთელი გეგმა ჩაიშლებოდა. საკმარისი იყო ერთი სულ მცირე ლაქა მოსცხობოდა მის ცხოვრებას, ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა, თუკი ადამიანური ბუნება ვეღარ გაუძლებდა საშინელ გამოცდას და ღვთის მაცნე აღარ ჩაითვლებოდა წუთისოფლის გამომსყიდველ სრულყოფილ მსხვერპლად. მაგრამ ის, ვისაც შეეძლო მოეხმო მთელი ზეციური მხედრობა, ვისაც შეეძლო მთელი ეს ბრბო შეეძრწუნებინა თავისი ღვთიური დიდების გამოვლენით, უსიტყვოდ იტანდა ყველა საშინელ შეურაცხყოფას და დაცინვას. ქვ 60.4

მტრები ქრისტესგან ითხოვდნენ სასწაულს, როგორც მისი ღვთიურობის მტკიცებას. მაგრამ მათ უხვად გააჩნდათ ეს მოწმობები. იმ დროს, როცა ქრისტეს მწვალებლებმა დაკარგეს ადამიანური სახე და სატანას დაემსგავსნენ, იესოს უსიტყვოდ მოთმინებამ და სათნოებამ აამაღლა იგი ადამიანებზე და დაამოწმა მისი ღვთიურობა. ქრისტეს დამცირება მისი ამაღლების საწინდარი იყო. მისი დაჭრილი შუბლიდან ჩამოსული სისხლის წვეთები კი მისი „სიხარულის ზეთით” ცხებისა /ებრ. 1/, როგორც ჩვენი უდიდესი მღვდელმთავრისა. ქვ 61.1

დიდად განრისხდა სატანა, როდესაც დაინახა, თუ რა მოთმინებით, როგორ უსიტყვოდ იტანდა მაცხოვარი ყოველგვარ შეურაცხყოფას. და, თუმცა ადამიანის სხეულში იყო მოსული, ღვთიური სულის სიმტკიცე ეხმარებოდა და არაფერს აკეთებდა თავისი მამის ნების გარეშე. ქვ 61.2

პილატეს იმედი ჰქონდა, რომ იესოს გაშოლტვით და აბუჩად აგდებით, მაცხოვრისადმი ხალხის თანაგრძნობას გამოიწვევდა და ისინი ამ სასჯელს აკმარებდნენ. პილატე ფიქრობდა, რომ ბოროტ მღვდელმსახურთაც შეაჩერებდა ამით. მაგრამ იუდეველები მიხვდნენ პილატეს ამ სისუსტეს: მან დასაჯა ადამიანი, რომელსაც დამნაშავედ არ თვლიდა. მათ იგრძნეს, რომ განმგებელს იესოს გადარჩენა სურდა და ერთსულოვნად გადაწყვიტეს, რომ ამას არ დაუშვებდნენ. პილატემ გააშოლტვინა იგი, - ფიქრობდნენ იუდეველი მღვდელმსახურნი, - ჩვენს დასაშოშმინებლად, თუმცა დანაშაული ვერ იპოვა მასში; და ჩვენი მტკიცე და შეუპოვარი მოთხოვნებით საბოლოოდ ჩვენსას გავიტანთ და მიზანს მივაღწევთ. ქვ 61.3

ამასობაში პილატემ სასამართლოში ბარაბას მოყვანა ბრძანა, ორივე ტუსაღი ბრბოს წარუდგინა, მაცხოვარზე მიუთითა და საზეიმოდ წარმოთქვა: „აჰა, ადამიანი! მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ მასში”. ქვ 61.4

აგერ, დგას ღვთის ძე; მასხარას სამოსელი აცვია და თავზე ეკლის გვირგვინი ადევს. ჩამოხეული სამოსელის ქვეშ ზურგზე მოუჩანს ჭრილობები, საიდანაც სისხლი მოწვეთავს. არასოდეს არ ყოფილა მისი გატანჯული, გასისხლიანებული სახე ასეთი მშვენიერი, როგორც ახლა. მის სახეს ახლაც არ დაუკარგავს თავისი ნათელი. მისი ყოველი ნაკვთი კეთლშობილებას, სათნოებასა და სასტიკი შეუბრალებელი მტრისადმი უსაზღვრო თანაგრძნობას გამოხატავდა. ყოველ მის მოქმედებაში იგრძნობოდა გაბედულება და სიმტკიცე, ღირსება და მოთმინება. რა მკვეთრად განსხვავდებოდა მისგან გვერდით მდგომი ბარაბა! მისი სახის გამომეტყველება მოწმობდა, რომ იგი მკვლელია. და ამ სხვაობას მათ შორის ყველა თვალნათლივ ხედავდა. ზოგი უთანაგრძნობდა კიდეც იესოს და ტიროდა. თვით მღვდელმსახურნიც და მთავარნიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იესო სწორედ ის არის, ვისაც უწოდებს თავის თავს. ქვ 62.1

ქრისტეს გარშემო მყოფ რომაელ ჯარისკაცებს შორისაც იყვნენ კეთილი ადამიანები. ზოგი მათგანი ყურადღებით აკვირდებოდა იესოს სახეს და ცდილობდა ამოეცნო დამნაშავეა თუ არა. დროდადრო ალმაცერად, ზიზღით გადახედავდნენ ხოლმე ბარაბას. მისი ამოცნობისათვის სულაც არ იყო საჭირო დიდი შორსმჭვრეტელობა. შემდეგ კი კვლავ ღრმა თანაგრძნობით შეცქეროდნენ უფლის ძის გატანჯულ სახეს. ქრისტეს უსიტყვო მორჩილებამ დაატყვევა მათი სულები და ეს სანახაობა თვალწინ ედგათ მანამ, სანამ ზოგმა მათგანმა ქრისტედ არ აღიარა იგი, ზოგმა კი მისი უარყოფით თავისი ბედი არ გადაწყვიტა. ქვ 62.2

პილატე გააოცა მაცხოვრის უსიტყვო მორჩილებამ. იგი დარწმუნებული იყო, რომ ქრისტეს ბარაბასაგან ასე მკვეთრად განსხვავებული გარეგნობაც კი თანაგრძნობას გამოიწვევდა ბრბოში. მაგრამ მას ბოლომდე ვერ წარმოედგინა მღვდელმსახურთა ფანატიკური სიძულვილის სიღრმე იმის მიმართ, ვინც წუთისოფლის ნათელი იყო და ვინც თავისი შუქით ამხილებდა ადამიანთა შეცდომებსა და უმეცრებას. გონდაკარგული ბრბო მღვდელმთავრებთან, უხუცესებთან და მთავრებთან ერთად გაცოფებით ყვიროდა: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!” ბოლოს, პილატემ ვეღარ აიტანა ასეთი უაზრო სისასტიკე და სასოწარკვეთილებით წამოიძახა: „თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ვერ ვპოულობ მასში დანაშაულს”. ქვ 62.3

თუმცა ასეთი სისასტიკე ჩეულებრივი ამბავი იყო რომაელი გამგებლისათვის, მაინც ძალიან შეებრალა ეს გაწამებული, ნაცემი, სასიკვდილოდ განწირული ტუსაღი, გასისხლიანებული სახითა და დაწყლულებული ზურგით, რომელსაც მეფური ღირსებით ეჭირა თავი, მაგრამ მღვდელმსახურებმა განაცხადეს: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით იგი უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძედ გაიხადა”. ქვ 63.1

პილატე შეშინდა. მას არ ჰქონდა სწორი წარმოდგენა ქრისტეზე და მის ამქვეყნიურ მისიაზე, მაგრამ ღმერთისა და ზებუნებრივი არსებებისადმი ბუნდოვანი რწმენა გააჩნდა. ოდესღაც მის გონებაში გაელვებული აზრი ახლა უფრო სრულყოფილად გამოიკვეთა და იგი საკუთარ თავს ეკითხებოდა: „იქნებ ეს ძოწეულით მოსილი და ეკლის გვირგვინით შემკული ადამიანი მართლაც ღვთიური არსებაა?” ქვ 63.2

„პილატე კვლავ შევიდა პრეტორიაში, იესოს მოუხმო და უთხრა: „საიდან ხარ?”. იესომ კითხვაზე არ უპასუხა. მაცხოვარმა უკვე გარკვევით აუხსნა განმგებელს, რომ მოვიდა ჭეშმარიტების დასამოწმებლად. პილატემ მაშინ უარყო ეს ნათელი ჭეშმარიტება. მან ბოროტად გამოიყენა მოსამართლის უზენაესი წოდება, როდესაც სიმართლის პრინციპები და თავისი ძალაუფლება ბრბოს დაუმორჩილა. მისი დუმილით გაღიზიანებულმა პილატემ მედიდურად უთხრა: „მე არ მცემ ხმას? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენი ჯვარცმისა და შენი გათავისუფლებისა?” ქვ 63.3

იესომ მიუგო: „არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე მაღლიდან რომ არ მოგცემოდა; ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს”. ქვ 63.4

ასე თანაუგრძნო უზომოდ გაწამებულმა და გატანჯულმა მაცხოვარმა პილატეს და შეეცადა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, გაემართლებინა ამ რომაელი განმგებლის საქციელი, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. რა კარგი მაგალითია მომავალ საუკუნეთათვის! რა ზუსტად ახასიათებს იგი მას, ვინც თავადაა ქვეყნიერების მსჯავრმდებელი! ქვ 64.1

„ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს!” - თქვა იესომ. მას მხედველობაში ჰყავდა კაიაფა, რომელიც, როგორც მღვდელმთავარი, თავისი ერის სახეს წარმოადგენდა. იუდეველებმა კარგად იცოდნენ რომის კანონები. მათ ხელთ ჰქონდათ ყველა წინასწარმეტყველება მესიის, მისი მოძღვრებისა და სასწაულების შესახებ. მათ მიეცათ უმტკიცესი მოწმობა იმ პიროვნების ღვთიურობისა, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. და ისინი განისჯებიან, ვინაიდან იცოდნენ, რას სჩადიოდნენ. ქვ 64.2

დანაშაულის სიმძიმე და პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთ და წმინდა ჭეშმარიტების მფლობელთ დააწვა, იმ ჭეშმარიტებისა, რომელსაც ასე ვერაგულად უღალატეს. პილატემ და რომაელმა ჯარისკაცებმა თითქმის არაფერი იცოდნენ ქრისტეს შესახებ. მათ არ სურდათ, უთანხმოება ჰქონოდათ მღვდელმსახურებსა და უხუცესებთან და მათი გულის მოსაგებად შეურაცხყოფდნენ იესოს. მათ გულებს არ შეეხო ჭეშმარიტების ნათელი, რომელიც ასე უხვად მიეცათ იუდეველებს და ამიტომ ექცეოდნენ ასე სასტიკად მაცხოვარს რომაელი ჯარისკაცები. ქვ 64.3

პილატე კვლავ შეეცადა იესოს გათავისუფლებას. იუდეველები კი უყვიროდნენ: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა”. ფარისეველნი მლიქვნელობდნენ, თითქოსდა მართლაც კეისრის ავტორიტეტზე ზრუნავდნენ, თუმცა რომის მმართველობის ყველაზე დიდი მტრები სწორედ იუდევლები იყვნენ. ღოდესაც რომაელთა მხრიდან არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ისინი დიდი გულმოდგინებით იცავდნენ თავიანთ ეროვნულ და რელიგიურ ტრადიციებს, ხოლო მზაკვრული, ვერაგული გეგმის აღსასრულებლად მზად იყვნენ, განედიდებინათ კეისარი. ოღონდ ქრისტე დაეღუპათ და იუდევლები მზად იყვნენ, ერთგულად ემსახურათ საძულველი ხელისუფლებისათვის. ქვ 64.4

„ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეწინააღმდეგება,” - განაცხადეს მათ. აქაც პილატეს სუსტ წერტილს შეეხნენ იუდეველები, ვინაიდან რომის ხელისუფლებას ჰქონდა მასზე ამგვარი ეჭვები, ამიტომ ამგვარი ბრალდება საბოლოოდ დაღუპავდა განმგებელს. პილატემ ისიც კარგად უწყოდა, რომ თუ იუდეველთა გეგმას ჩაშლიდა, მათი მთელი რისხვა მას დაატყდებოდა თავს. იმასაც უწყოდა, რომ ისინი ყველა ხერხს მიმართავდნენ შურისძიებისათვის. პილატე კარგად ხედავდა, თუ რა დაჟინებით მოითხოვდნენ იმის სიცოცხლეს, ვინც ასე უმიზეზოდ შეიძულეს. ქვ 65.1

მაშინ პილატე დაჯდა „მსაჯულის ტახტზე”, ბრძანა, გამოეყვანათ იესო და ხალხს მიმართა: „აჰა, თქვენი მეფე”. და კვლავ გაისმა ველური შეძახილები: „შორს, შორს, ჯვარს აცვი!” ხმამაღლა, ყველას გასაგონად იკითხა პილატემ: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” მაგრამ იუდეველთა უწმინდურ ღვთისმგმობელ ბაგეებს აღმოხდა: „ჩვენ არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა”. ქვ 65.2

ამგვარად, იუდეველებმა თავიანდ მეფედ წარმართი განმგებელი აღიარეს, რითაც უარყვეს უზენაესი ღმერთის მმართველობა. მათ არ ისურვეს ღმერთი თავიანთ მბრძანებლად და ამიტომ უარყვეს მხსნელი. ახლა მათი მეფე მხოლოდ კეისარი იყო. აი, სადამდე მიიყვანეს ხალხი მღვდლებმა და რჯულის მასწავლებლებმა! მათ წაიყვანეს ხალხი არასწორი გზით, რომელსაც საშინელი შედეგი მოჰყვა და სწორედ ისინი აგებენ პასუხს ამაზე. დანაშაული მთელი ერის ცოდვისა და დაღუპვის გამო მათ რელიგიურ წინამძღვრებს დაეკისრათ. ქვ 65.3

„პილატემ, რაკი დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”. შეშინებულმა, სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა პილატემ მაცხოვარს შეხედა. იქ შეკრებილთა შორის მხოლოდ მის სახეზე სუფევდა სიმშვიდის ნათელი. მის თავს სინათლის შარავანდედი მოჰფენოდა. და პილატემ თქვა თავისთვის: „ღმერთია იგი”. Mიუბრუნდა ბრბოს და განუცხადა: „ღმერთია იგი”. შემდეგ დაამატა: „მე სუფთა ვარ ამ მართლის სისხლისაგან”. წაიყვანეთ და ჯვარს აცვით იგი. მაგრამ იცოდეთ, მღვდელმსახურნო და უხუცესნო, მე ვაცხადებ, რომ იგი უდანაშაულოა. დაე, ის, ვისაც იგი მამას უწოდებს, იყოს თქვენი მსაჯული და არა ჩემი ამ საქმისათვის, რაც აქ ხდება. იესოს კი უთხრა: მომიტევე ჩემი საქციელი. ვერ შევძელი შენი ხსნა. და ბრძანა მეორედ გაეშოლტათ იესო და გადასცა ბრბოს, რათა ჯვარს ეცვათ იგი. ქვ 65.4

პილატე შეეცადა იესოს გათავისუფლებას, მაგრამ ვერ შეძლო ერთდროულად ამის გაკეთებაც და საპატიო თანამდებობის შენარჩუნებაც. მან სასიკვდილოდ გაწირა უცოდველი ადამიანი, რათა შეენარჩუნებინა ამქვეყნიური ძალაუფლება. რამდენი ადამიანი, პილატეს მსგავსად, უარყოფს სიმართლის პრინციპს, რათა თავიდან აიცილოს დანაკარგი და უსიამოვნება! სინდისის და მოვალეობის გრძნობა მიუთითებს სიმართლის გზაზე, ანგარება კი - საწინააღმდეგოზე. ცდუნებისა და შეცდომების ტალღა ძლიერია: ყველა ვინც ბოროტებას არ ებრძვის, მას შთანთქავს ეს ტალღა და ცოდვის შავი, დამღუპველი წყვდიადისაკენ წაიყვანს. ქვ 66.1

პილატე ბრბოს ნებას დაემორჩილა. გადასცა იესო ბრბოს, რათა განმგებლის ტახტი შეენარჩუნებინა. მაგრამ, მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, მას სწორედ ის დაემართა, რისიც ასე ეშინოდა. მან დაკარგა თავისი თანამდებობა და პატივი და სინდისის ქენჯნით გატანჯულმა, შეურაცხყოფილმა, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ სულ მალე თავი მოიკლა. ცოდვის ყოველი შემწყნა რებელი მხოლოდ მწუხარებასა და დაღუპვას ჰპოვებს. „ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა” /იგავ. 14:12/. ქვ 66.2

როდესაც პილატემ განაცხადა, რომ იგი უდანაშაულოა ქრისტეს სისხლში, კაიაფამ მედიდურად უპასუხა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. ეს საშინელი სიტყვები აიტაცეს მღვდლებმა და მთავრებმა, შემდეგ კი მთელმა ბრბომ. ატყდა საშინელი ღრიანცელი. ყველა იქ შეკრებილმა დაადასტურა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. ქვ 66.3

ებრაელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. კითხვაზე: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?” მათ უთხრეს: ბარაბა”. მკვლელი და ყაჩაღი ბარაბა სატანის წარმომადგენელი იყო, ქრისტე კი - ღმერთისა. მათ უარყვეს ქრისტე და ბარაბა აირჩიეს. მიიღეს კიდეც იგი. მათ უპირატესობა მიანიჭეს მას, ვინც „თავიდანვე ცრუ და მკვლელი იყო”. სატანა იყო მათი წინამძღოლი და ისრაელიც მის ძალაუფლებას დაემორჩილა. იგი ემსახურებოდა სატანას და მისი უღელი უნდა ეტარებინა. ხალხს, რომელმაც ქრისტეს ბარაბა არჩია, ბარაბას მთელი სისასტიკე უნდა ეწვნია ბოლო ჟამამდე. ქვ 67.1

იუდეველები უცქერდნენ, თუ როგორ სდიოდა სისხლი დაჭრილი ღვთის კრავის წყლულებიდან და ყვიროდნენ: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. უფლის ტახტს მისწვდა ეს საშინელი სიტყვები და განაჩენი, რომელიც თვითონვე გამოუტანეს თავის თავს, ზეციურ წიგნში ჩაიწერა. მათი ღაღადი ისმინა ზეცამ: უფლის ძის სისხლი დარჩა მათზე და მათ შვილებზე, როგორც მარადიული წყევლა. ქვ 67.2

ყველაზე საშინლად და ზუსტად აღსრულდა ეს წყევლა იერუსალიმის დანგრევისას. მანვე განაპირობა იუდეველი ერის მდგომარეობა მთელი თვრამეტი საუკუნის განმავლობაში. ეს გამხმარი, უნაყოფო, მკვდარი ვაზის ლერწი უნდა მოკვეთილიყო და დამწვარიყო. თაობიდან თაობაში, საუკუნეების მანძილზე, მთელი დედამიწის ზურგზე - მკვდარი, მკვდარი ცოდვებში და საშინელ დანაშაულში! ქვ 67.3

კიდევ უფრო საშინლად აღსრულდება იუდეველთა წყევლა საბოლოო სამსჯავროს დღეს. ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს ადამიანები იხილავენ მას არა როგორც ბრბოთი გარშემორტყმულ ტუსაღს, არამედ როგორც ზეციურ მეუფეს. იგი გამოჩნდება მთელი თავისი დიდებით, თავისი მამისა და წმინდა ანგელოზთა დიდებით. ურიცხვ ანგელოზთა და მშვენიერ ღვთის შვილთა თანხლებით, ბრწყინვალებით მობრძანდება და დაჯდება დიდების ტახტზე. შეგროვდება მასთან ყველა ხალხი. და იხილავს მას ყოველი და ისინიც, ვინც განგმირა იგი. ეკლის გვირგვინის ნაცვლად მას თავს ედგმება დიდების გვირგვინი - გვირგვინი გვირგვინში. იგი მოსილი იქნება არა ძველი ძოწეულის მოსასხამით, არამედ უჩვეულოდ ბრწყინვალე, თეთრი სამოსელით, ისეთით, რომ „გამთეთრებელს დედამიწაზე არ ძალუძს ისე გათეთრება” /მარკ. 9:8/. „მის სამოსელზე და მის თეძოზე” დაწერილი იქნება სახელი: „მეფეთა მეფე და უფალთ უფალი” /გამოცხ. 19:16/. მას იხილავენ ისინიც, ვინც დასცინოდა და სცემდა. მღვდლები და მთავრები კვლავ იხილავენ სასამართლოს დარბაზში ოდესღაც მომხდარ ამბავს. ყველაფერი თვალწინ წარმოუდგებათ, თითქოს ცეცხლოვანი ასოებით ყოფილიყოს დაწერილი. და მაშინ ისინი, ვინც ყვიროდა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”, - მიიღებენ პასუხს თავიანთ წყევლაზე. მაშინ მთელი მსოფლიო მიიღებს პასუხს თავის ლოცვაზე. მაშინ მთელი მსოფლიო გაიგებს და მიხვდება, თუ ვის ებრძოდნენ ეს საცოდავი, უძლური, გონებაშეზღუდული ადამიანები. სწორედ ისინი მიხვდებიან ამას. და მაშინ საშინელი შიშითა და ტანჯვით შეპყრობილნი მიმართავენ „მთებსა და კლდეებს: ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან: ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?” /გამოცხ. 6:16-17/. ქვ 67.4